საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში ფიცი დადო

1/21/2008

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის მეორე ნაწილი ქუთაისში ბაგრატის ტაძარში გაგრძელდა. ბაგრატის ტაძარში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ მეუღლესთან ერთად მივიდა და პატრიარქისგან და სამღვდელოებისაგან კურთხევა მიიღო. საქართველოს პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის საგანგებოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჩავიდა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ათასამდე ჩოხოსანმა, ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა და მსახიობებმა. საზეიმო პარაკლისი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბაგრატის ტაძარში გადაიხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ბაგრატის ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დალოცა და უსურვა, მისი პრეზიდენტობა მშვიდობიანი და კეთილი იყოს.

ილია II-მ ასევე ქვეყნის პრეზიდენტს უსურვა, რომ მან შეძლოს ქვეყნის გამთლიანება და შეძლოს ხალხის წინაშე დადებული პირობების შესრულება. კათოლიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით მოხდება.

პარაკლისის გადახდის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ბიბლიაზე ქართველი ერის წინაშე ფიცი დადო. მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბაგრატის ტაძრის მემორანდუმს, რაც ბაგრატის ტაძრის აღდგენის დაწყებას ნიშნავს."გუშინ არაოფიციალურად დავიწყეთ ინაუგურაციის ცერემონია გელათის წმინდა ტაძარში დავით აღმაშენებლის საფლავზე და ამით დღეს აქ ყველაფერს ვამთავრებთ. ჩვენ დავამთავრეთ ცერემონია და ვაგრძელებთ საქართველოს მშენებლობას, როგორც სიმბოლოს საქართველოს აღმშენებლობის, სიმბყოლოს ჩვენი ბრწყინვალების აღდგენის და საქართველოს სიძლიერის. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ მისი უწმინდესობის კურთხევით, მეურვეობით, ასევე საუკეთესო სპეციალისტების გამოყენებით მსოფლიოდან და საქართველოდან უახლოეს კვირეებში დავიწყებთ ფართომაშტაბიან სამუშაოს, რათა სრული ბრწყინვალებით აღვადგინოთ ბაგრატის ტაძარი. ჩვენ ამას გავაკეთებთ სათუთად. ეს არის დიდი ისტორიული მემკვიდრეობა, დიდი სულიერი ძალის მქონე ძეგლი და ცოცხალი ტაძარი საქართველოსთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მის უწმინდესობას და ყველას მინდა ვუსურვო წარმატება, ბედნიერება პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას და მის წინამძღოლს - ჩვენს სულიერ მამას" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური