საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით წარსდგა

1/24/2008

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გამართული და მომავალი არჩევნები, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, კონფლიქტური რეგიონები, რუსეთთან ურთიერთობა და სამომავლო გეგმები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც მან გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილმა, გარკვეულწილად, პირველ საპრეზიდენტო ვადაში გაწეული მუშაობა შეაჯამა.

"ყურდღებით მოვისმენ ნებისმიერ იდეას, რომელიც დაგვეხმარება დავრწმუნდეთ, რომ საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მინისტრთა კაბინეტშიც და სხვა მაღალ თანამდებობებზეც თანამშრომლობა შევთავაზეთ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, რადგან დებატები და შეთანხმება დემოკრატიისათვის არსებითია", - აღნიშნა გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოვიდნენ და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას დააკვირდნენ.

"გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ვერ დაგპირდებით, რომ ხარვეზები არ იქნება, მაგრამ გარწმუნებთ, წუთსაც არ დავკარგავთ, რათა საარჩევნო პროცესი შეძლებისდაგვარად ეფექტიანი და სამართლიანი იყოს. დასკვნებს მეთვალყურეთა ანგარიშის მიხედვით გამოვიტანთ და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ნოემბრის მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა ჯერ კიდევ მყიფეა და ჩვენს ინსტიტუტებს საფრთხე დაემუქრა. მაშინ მე ვადამდელი არჩევნები დავნიშნე და ძალაუფლება ხალხს დავუბრუნე. ეს საუკეთესო გზა იყო დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, რადგან სხვა გამოწვევებიც მოსაგვარებელია - მინდა შეგახსენოთ, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უფრო დიდი ტკივილია", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

კონფლიქტების მოგვარების საკითხს საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო. მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას საქართველო არ აპირებს.

გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა. მათ ინტერესს, ძირითადად, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იწვევდა. მათიას იორშმა მიხეილ სააკაშვილს ნოემბერში მომხდარი ფაქტების შეფასება სთხოვა.

"ვინც არაფერს არ აკეთებს, მას შეცდომაც არ მოსდის. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რაც ნოემბრამდე მოხდა, არამედ ის, რაც ნოემბრის შემდეგ განვითარდა. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოში დემოკრატია არის - ქვეყნის პრეზიდენტი გადადგა და საკუთარი ბედი ხალხს მიანდო. ჩვენ ვკითხეთ ქართველ ხალხს: დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა? ამ კითხვას მათ საკუთარი ხმებით უპასუხეს. საზოგადოების უმრავლესობამ დაგვანახა, რომ მაშინ ჩვენ მართალი ვაყავით", - უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხო. რუსეთის დელეგაცია, უპირველესად, იმით დაინტერესდა აპირებს თუ არა საქართველო კონფლიქტური რეგიონების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. კონსტანტინ კოსაჩოვს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ თავდაცვის გაძლიერება არ ნიშნავს აგრესიის მატებას.

"თითოეული იმ სცენარის საწინააღმდეგოდ, თითქოს საქართველო ერთ თვეში, არჩევნების შემდეგ, ან მანამდე დაიწყებდა ომს, ყველას დავანახეთ, რომ ეს მხოლოდ პროპაგანდა იყო, ხოლო ჩვენი განცხადებები - რეალობა. სწორედ ეს იყო ჩვენი პოლიტიკა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა ოპოზიციის მოთხოვნების შესახებაც გაამახვილეს ყურადღება. მათ აღნიშნეს, რომ ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორ აისახება ამ ფაქტორების შეჯერება საქართველოს შიდა პოლიტიკაზე უახლოეს მომავალში, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:

"ამაში საშიში არაფერია. რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი ფაქტები, მით მეტად სტაბილური იქნება როგორც ჩვენი, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ჩვენ ვართ გახსნილი, რომ სხვათა გამოცდილება გავიზიაროთ და ვიწვევთ ყველას, რომ მათ ეს მოდელი ყურადღებით შეისწავლონ."

ევროპარლამენტარების ყურადღება იმაზეც იყო გამახვილებული თუ რა შეიცვლებოდა მიხეილ სააკაშვილის წინა მმართველობის შემდეგ და რამდენად დამოუკიდებელია საქართველოში სასამართლო სისტემა და მასმედია.

მიხეილ სააკაშვილის მოხსენებას ევროპარლამენტარებმა მნიშვნელოვანი უწოდეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

მიხეილ სააკაშვილმა სხვა რუსი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: "მივესალმები ბატონი ლავროვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ აპირებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ჩვენ დიდი ხანი ველოდებოდეთ ამ განცხადებას და ვფიქრობთ, ეს ადასტურებს იმას, რომ რუსული პოლიტიკა, ჩვენი თვალსაზრისით, უფრო კონსტრუქციული გახდება".

სხდომაზე გამოსვლამდე მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლუის მარია დე პუიგსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს შეხვდა. გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაემგზავრა, სადაც სასამართლოს თავმჯდომარესთან ჟან-პოლ კოსტასთან გამართა შეხვედრა.

შეხვედრებს შორის გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ახალი მთავრობის დაკომპლექტების თემასაც შეეხო.

"ჩვენი პირობა იყო ის, რომ მინისტრთა კაბინეტი სერიოზულად იქნებოდა გადახალისებული და ცვლილებები შეეხებოდა მთავრობის უკლებლივ ყველა ბლოკს; ახალ კაბინეტში მაქსიმალურად იქნებოდა წარმოდგენილი საზოგადოების ფართო ფენები და ხალხი პროფესინალიზმის მიხედვით შეირჩეოდა. ყოველივე ეს შესრულდა - ამ კაბინეტში ძალიან ბევრი ახალი წევრია, რომელიც არასოდეს არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლადო გურგენიძე არასდროს არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და სააკაშვილის გუნდის წევრი. ამას გარდა, ახალ მთავრობაში არიან სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები; ასევე არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამინისტროებში სამოქალაქო მოსამსახურეები იყვნენ და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით დაწინაურდნენ. ახალ კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლების მუშაობა დამოკიდებულია ოპოზიციის სხვადასხვა წევრების პირად სურვილზე. ჩვენ ეს სურვილი გამოვთქვით, მაგრამ რადგან სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება, ამ ეტაპზე შესაძლოა მთავრობაში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონოდათ. თუმცა მათთვის კარი გახსნილი იქნება მომავალშიც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური