მიხეილ სააკაშვილმა სამხედროებს არტილერიის დღე მიულოცა

3/15/2008

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში არტილერიის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილმა სამხედროებს არტილერიის დღე მიულოცა და თავდაცვის სფეროში ქვეყნის წარმატებებზე ისაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.

"ოთხი წლის წინ, რეალურად 2000-ზე ცოტა მეტი ჯარისკაცი გვყავდა. დღეს 33 ათასი პროფესიონალი და 100 000-მდე რეზერვისტი გვყავს. გაიზარდა ჩვენი ავიაციის რაოდენობა - თვითმფრინავების 2-ჯერ, ვერტმფრენების 3-ჯერ. გამართული ტანკების რაოდენობა გაიზარდა 10-ჯერ. 2004 წელს 30 მილიონ დოლარამდე იყო, რეალურად, სამხედრო ბიუჯეტი. დღეს კი, მილიარდ დოლარამდეა",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ აღარ მოტყუვდება, ვინაიდან მას გამოცდილი და ჭკვიანი ხელისუფლება ჰყავს.

"1992-1993 წლებში სოხუმის მოვლენების დროს საქართველოს არტილერია განაიარაღეს. ადამიანები, ვინც არტილერია განაიარაღა, ახალა გვეუბნებიან, მოდით, მოაწერეთ ხელი თქვენი შეიარაღებული ძალების არგამოყენებას. საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება. ვისთან უნდა მოვაწეროთ ხელი? იმასთან, ვინც მაშინდელი ხელისუფლების უგუნურობის შედეგად მოგვატყუა? თავდაცვის მინისტრი - თენგიზ კიტოვანი იმ მხარის პირდაპირი აგენტი იყო. ახლა ცხოვრობს გრაჩოვის აგარაკზე მოსკოვში. ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც ჩვენი საარტილერიო დანადგარების ჩამკეტები წაიღეს რუსებმა. ნურას უკაცრავად, ახლა ასე აღარ მოხდება. გამოცდილება და ჭკუაც გვაქვს ამისთვის",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ში გაწევრიანების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. "ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორი ზეწოლა მიმდინარეობს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაზე, რათა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირონ. საქართველო თავის ვალდებულებებს ნატო-ს წინაშე ასრულებს",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა იმ სკეპტიკოსებს მიმართა, რომლებსაც ქართული ჯარის სიძლიერეში ეჭვი ეპარებათ და განაცხადა, რომ საქართველოს ძალა არა ახალი საარტელერიო დანადგარები, ახალი ავტომატები და ნატო-ს სტანდარტების სხვა აღჭურვილობაა, არამედ - უმაღლეს დონეზე მომზადებული ჯარისკაცები.

"მე მინდა იმ ხალხს ვუთხრა, ვინც გაზეთებში წერს, რომ ჩვენ არაფრის თავი არა გვაქვს და გამოუცდელი ჯარისკაცები გვყავს. ორი კვირის წინ, საქართველოს კონტინგენტმა ერაყში ჩაატარა ურთულესი ოპერაცია, გაწმინდა მთელი ქალაქი ტერორისტებისგან ისე, რომ ჩვენ არ გვქონდა დანაკარგი. ამის შემდეგ ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ ერთადერთი კონტინგენტი, რომელიც ამერიკელების შემდეგ არის სრულფასოვანი და შეუძლია, დიდი სირთულის ოპერაციების ჩატარება, ქართველები არიან. აი, ეს არის ჩვენი პასუხი სკეპტიკოსებისთვის. ეს არის ჩვენი პასუხი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს შესაძლებლობებში",- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ამარცხებდა ყოველთვის არა გარე მტერი, არამედ შიდა ღალატი.

"საქართველოს ამარცხებდა ყოველთვის შიდა ამბიციები, შიდა შუღლი. საქართველოს არც ერთ ჯარისკაცს ომი არ წაუგია. ომს ყოველთვის აგებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, მხოლოდ საკუთარ ამბიციებს გადააყოლეს ქვეყანა. დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს. საქართველოს ერთიანობის პირობებში თავის დაცვა, სრულფასოვან ქვეყნად ჩამოყალიბება და გაერთიანება შეუძლია",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური