ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი დეკემბრისთვის გადაიდო

4/3/2008

ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი დეკემბრისთვის გადაიდო. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა სპეციალურ ბიფინგზე განაცხადა.

"საქართველო და უკრაინა ბუქარესტის სამიტზე MAP-ს ვერ მიიღებენ. აღნიშნული საკითხის განხილვას ნატო-ს მინისტერიალი 2008 წლის დეკემბერში დაუბრუნდება. დეკემბრამდე კი საქართველოს ნატო-სთან სხვა ეტაპზე ექნება ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, უნდა განხორციელდეს რეფორმები. 2008 წლის დეკემბერში რეფორმების მონიტორინგი ჩატარდება და MAP-ის მინიჭების საკითხი განიხილება ",- განაცხადა სხეფერმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბუქარესტის სამიტის შედეგებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მიუხედავად MAP-ის მინიჭების გადადებისა, საქართველომ მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ნატოში მისი გაწევრიანების ვალდებულების შესახებაა საუბარი.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ მიიღო ოცამდე მოტივირებული ქვეყნის მხარდაჭერა, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ პოზიციები გაემყარებინათ საქართველოსთვის.

"რამდენიმე სკეპტიკოსი ქვეყნის მიუხედავად, საქართველომ მიიღო ოცამდე მოტივირებული ქვეყნის მხარდაჭერა. შევხვდი პოლონეთის პრეზიდენტს, რომელიც გასავათებული იყო ხანგრძლივი და მძიმე დისკუსიით, მაგრამ იყო ბედნიერი ამ ყველაფრისგან. პოლონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ ძლიერად იბრძოლეს, დანიამ და ისლანდიამაც კი, რომლებთანაც, განსაკუთრებით ისლანდიასთან, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები არ გაქვს",_განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ბრძოლების შედეგად საქართველომ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც MAP-ს არაფრით ჩამოუვარდება. "ეს არის არა ნაკლებ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ვიდრე MAP-ი. დოკუმენტში წერია, რომ ნატო მიესალმება საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ ლტოლვას და დღეს ბუქარესტში გადაწყდა, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან",_განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ ეს არის ნატოს პირდაპირი ვალდებულება, მიუხედავად იმისა, როდის გაივლიან საქართველო და უკრაინა სხვადასხვა ეტაპებს. "ეს მოხდება ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ბევრად ადრე",_აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა რუსეთის პოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს აღნიშნული დოკუმენტი არ მიეღო. "ერთმა ქვეყანამ, რომელიც ამ ყველაფერს არ ესწრებოდა, ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დოკუმენტი არ მიგვეღო. დაწყებული პირდაპირი შანტაჟით და მუქარით, კონკრეტული ქმედებებით, დაპირებებით სხვადასხვა დიპლომატიური ფანდებით და ხერხებით. ამაზეა ნათქვამი "თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო",_აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური