საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭას ესტუმრა

5/17/2008

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭაში ჩავიდა. რეგიონში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მოსახლეობას თავად მოუთხრო, მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. აქაურების პრობლემების მოგვარება მან სახელმწიფო მინისტრს დაავალა. პრეზიდენტმა რეგიონში წყალსადენის სისტემის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რაჭის მოსახლეობას წყლის მიწოდების პრობლემა რამდენიმე თვეში მოეხსნება.

ქვეყნის პირველი პირი ქემოკლიძეების ოჯახსაც ესტუმრა და რეგიონში გაყვანილი ბუნებრივი აირი რაჭველების სამზარეულოში თავად აანთო.

"რაჭაში პირველად შემოვიდა ბუნებრივი გაზი. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც კომუნისტების დროსაც არ ყოფილა. ამბროლაურში გაზსადენები უკვე გავიყვანეთ, ცოტა ხანში ონსაც უნდა მივხედოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პედაგოგების ოჯახში სტუმრობისას ღვინისა და ყურძნის ფასის გაზრდაზეც ისაუბრა.

"არ შეიძლება, რომ აქ ღვინოს ამდენად დაბალი ფასი ჰქონდეს. მთელმა მსოფლიომ იცის "ხვანჭკარა" და "უსახელაური", რომლებიც მხოლოდ ერთ ფერდობზე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მეტია მოთხოვნა, ვიდრე მიწოდება. ჩვენ არ გვჭირდება გადამყიდველები და შუამავლები მსოფლიო ბაზარზე. აქ იდგა მონოპოლიზაციის პრობლემა - ხალხს ხელოვნურად უწესებდნენ ღვინის ფასს, მაგრამ ღვინის ფასი რაჭაში 4-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. სრულიად მიუღებელია, რომ ყურძნის უნიკალური ჯიშები ქარხნებმა ერთ ლარად ჩაიბარონ, არადა შარშან და წელს სწორედ ასე იყიდებოდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ოჯახში სტუმრობის შემდეგ, პრეზიდენტი ამბროლაურის ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად პრეზიდენტმა ადგილობრივებს მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო. ამ გეგმაში პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება და შაორზე საკურირტო ინფრასტრუქტურის შექმნაა.

"აქ ახლა მთავარია სამუშაო ადგილების შექმნა. მარნეულის კომპანია ხალხის მობილიზაციას ახდენს, რადგან ურავში მათ ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდებათ დასასაქმებლად. პირდაპირ გეტყვით, იაფი კრედიტების თვალსაზრისით, აქ ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ სწორედ იაფი კრედიტის საშუალებით რაჭაში ძალიან ბევრ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას საკუთარი, თუნდაც პატარა ბიზნესი დაიწყოს. შაორზე პატრიოტთა ბანაკს ვაკეთებთ და წელს უკვე დიდი მშენებლობა იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, დასაქმდებიან ამბროლაურელები და მეორე - ეს იქნება საქართველოს ყველაზე მთავარი კურორტი. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივები აქ საკუთარი პროდუქციის გაყიდვასაც შეძლებენ. ჩვენ ისეთი ხალხი გვჭირდება, ვისთანაც ერთადაც მუშაობას და საქმის კეთებას, აქაურობის ფეხზე დაყენებას შევძლებთ, და არა ისეთი, ვისაც გამორჩენის გარდა არაფერი უკეთებია ცხოვრებაში. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში უნდა დამთავრდეს შაორის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე აქ ყველა ადამიანი დასაქმებული უნდა იყოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს რაიონის სრული გაზიფიკაცია, წყალსადენის სისტემისა და გზის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს. აქ ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც არის თბილისის ცენტრში", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი რაიონში არსებულ მოხუცებულთა თავშესაფარსაც ესტუმრა.

ამბროლაურიდან საქართველოს პრეზიდენტი ონის სპორტულ დარბაზში მივიდა, სადაც შეჯიბრებასაც დაესწრო და ადგილობრივებსაც გაესაუბრა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური