დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომა ლაგოდეხში გამართა. პრეზიდენტმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს სამაგალითო უწოდა და აღმასრულებელ ხელისუფლებას არჩევნების კარგად ჩატარება მიულოცა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებს, ნახევარი მსოფლიო მაინც ადევდენდა თვალს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ის თავისუფლად, სამაგალითოდ, მაღალ დონეზე ჩატარდა.
"საქართველომ დემოკრატიის ურთულესი გამოცდა ჩაბარა", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ამომრჩეველმა ფენომენალურად დიდი მხარდაჭერა გამოხატა მთავრობისა და პარლამენტის მიმართ და ეს მხარდაჭერა, ძირითადად, იმ დაპირებებს ეფუძნება, რაც ხელისუფლებამ მოსახლეობას წინასარჩევნოდ მისცა.
პრეზიდენტმა მთავრობას უფრო აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ დაპირებების შესასრულებლად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, შექმნას დეტალური სამოქმედო პროგრამა, რომელიც კვირებზე, თვეებზე და წლებზე იქნება გაწერილი, რომლითაც მთავრობა ხელახლა წარსდგება ახალი პარლამენტის წინაშე.
50-თვიან პროგრამაში გათვალისწინებული იქნება საპენსიო რეფორმა, გადასახადების შემცირება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, რეგიონების გაზიფიკაცია, იაფი კრედიტის ახალი გეგმა, დასავლეთ საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლის აღორძინება და სხვა მრავალი საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტმა გამგებლებსა და გუბერნატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ კარგად იმუშავეს ბიუროკრატიის აღმოფხვრის თვალსაზრისით. როგორც მან აღნიშნა, რომ პრობლემა საშუალო დონეზე უკვე დაძლეულია, მაგრამ, მისივე თქმით, ეს პრობლემა ყველა რეგიონსა და სამინისტროში ბოლომდე უნდა გადაიჭრას.
მიხეილ სააკაშვილმა ლაგოდეხში გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრებისგან მათი მუშაობის შესახებ ანგარიში ჩაიბარა.
საქართველოს პრეზიდენტი გომბორის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გომბორის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, დაახლოებით, 2 კვირაში დაიწყება.
"გობორის გზის 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია 2 კვირის განმავლობაში დაიწყება, ხოლო დამატებით 26-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაობის განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდება", - აღნიშნა მან.
პრეზიდენტის განცხადებით მსგავსი პროექტები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და უფრო მასშტაბური უნდა გახდეს.
"საზოგადოებამ მანდატები იმისთვის მოგვცა, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ. საქართველოს მთავრობამ გამოცდა ხუთზე ჩააბარა. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ და ხალხის ნდობა საქმით გავამართლოთ. ახლა მუშაობისა და კონკრეტული შედეგების დადების დროა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
რაც შეეხება მსოფლიოში საწვავის ფასის ზრდას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტს საქართველომ ცხოვრების დონის ზრდით უნდა უპასუხოს. საამისოდ მთავრობას საგანგებო დავალებაც მისცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საწვავის ფასის ზრდა სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოს მოსახლეობას და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ პროცესზე დიდად არის დამოკიდებული, ერთადერთი, რითაც შეიძლება ქვეყანამ ამას უპასუხოს, ცხოვრების დონის ამაღლება და ხელფასების გაზრდა უნდა იყოს.
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას 50-თვიანი სამოქმედო პროგრამით პარლამენტის წინაშე წარდგენა დაავალა.
მთავრობის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება სოფლის ექიმის პროგრამის მიმდინარეობასაც დაეთმო. ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაიშვილმა განაცხადა, რომ სოფლის ექიმების გადამზადების პროგრამა უკვე 160-მა ექიმმა გაიარა და სოფლებში 761 ექიმი მუშაობს. მისი თქმით, ზაფხულში გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყება, რომელსაც კიდევ 400 ექიმი გაივლის. გადამზადების პროცესი კი, მომავალი წლისთვის დასრულდება.
მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სოფლებში 1207 ამბულატორიაა გახნილი. მომავალი წლისთვის თითოეულ ამ ობიექტზე კვალიფიური ექიმით იმუშავებს და ის თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელისგანაც მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც სასოფლო სამეურნეო მიწების ირიგაციას შეეხება. მინისტრმა პრეზიდენტს აღუთქვა, რომ მომავალ წელს საქართველო სარწყავი ფართობების რაოდენობით კომუნისტების დროს არსებული მონაცემებს გადააჭარბებს.
მინისტრმა საქართველოში საბჭოთა დროს არსებულ მონაცემებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში 200 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვებოდა, ხოლო წელს ქვეყნის მასშტაბით 180 ათასი ჰექტარი მოირწყვება, რაც, კვეზერელის განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს საქართველო კომუნისტებისდროინდელ მონაცემებს გადააჭარბებს.
მისივე თქმით, სამელიორაციო სისტემას ელექტროენერგიის მოხმარება აღარ დასჭირდება, რაც სარწყავი წყლის თვითღირებულებას გააიაფებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს მიხეილ სააკაშვილმა საბაჟო-გამშვები პუნქტების უკეთესი ფუნქციონირებისთვის მადლობა გადაუხადა.
"საბაჟო სისტემა წლების განმავლობაში აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. მინდა მადლობა გადავუხადო ნიკა გილაურს, რადგან ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება შეძლო. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ საბაჟოზე რეფორმების განხორციელება უახლოეს ორ-ორთვენახევარში დასრულდება.
"საბაჟოზე რეფორმების განხორციელება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. უკვე ჩამოვიტანეთ რამდენიმე სკანერი და ფოთში მანქანების დათვალიერება უკვე ამ სკანერის მეშვეობით ხდება. აღნიშნულმა სქემამ გაამართლა და ვაპირებთ, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ამ მეთოდით ვიმუშაოთ, რაც თითქმის აღმოფხვრის ნებისმიერი კონტრაბანდის მცდელობასაც კი. ამავდროულად, საბაჟოებზე ავტომობილების განბაჟება შეუფერხებლად მიმდინარეობს", - განაცახდა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური