ბათუმში ბუნებრივი გაზი პირველად საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აანთეს

7/1/2008

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბათუმში, სიორიძეების ოჯახში ბუნებრივი გაზი პირველად აანთეს. დღეიდან, ბუნებრივი აირი ბათუმის 120 ოჯახს მიეწოდება.

"იმ პირობებში, როდესაც წელს ბათუმის გაზიფიცირება დასრულდება და წლის დამლევიდან ახლი წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის მწყობრში შესვლა დაიწყება, ბათუმში ცხოვრების ხარისხი, პრაქტიკულად, ერთი-ორად გაუმჯობესდება. მთავარია, რომ არა მარტო ცენტრში, არამედ ბათუმის გარეუბნებში მცხოვრებმა ხალხმაც ღირსეულად იცხოვროს. ამ კეთილდღეობას გაზიფიცირებით მივაღწევთ. ეს ჩვენი მეგობრების დამსახურებაცაა, რომლებთანაც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ. მათი მადლობელი ვარ, რადგან ჩემს თხოვნას - გაზიფიკაცია ბათუმიდან დაგვეწყო, დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის უფრო მაღალი დონის მიღწევას შეუწყობს ხელს.

"ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, რომ ბუნებრივი გაზი ბათუმს აზერბაიჯანიდან მიეწოდება. მასშტაბური პროექტის განხორციელება უმოკლეს ვადაში შევძელით. ეს ჩვენი ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხარისხის მაჩვენებელია. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანული გაზი მალე საქართველოს იმ რეგიონებამდეც მივა, სადაც ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადასაჭრელია", - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ბათუმი, როგორც თანამედროვე ქალაქი მე-19 საუკუნის დამლევსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში ბაქოს წყალობით ჩამოყალიბდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმის აღმშენებლობა იწყება აზერბაიჯანის აყვავების, განვითარებისა და არნახული წარმატებების პარალელურად.

ამას გარდა, საქართველოში სტუმრად მყოფმა ლიდერებმა სარფი-გონიოს მონაკვეთზე ახლადგახსნილი მონუმენტი მოინახულეს, რომელიც წმინდა ანდია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის საპატივცემულოდ დაიდგა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური