სუამ-ის სამიტის მუშაობა დასრულდა

7/1/2008

დღეს ბათუმში მიმდინარე სამიტის მუშაობა დასრულდა. სამიტის მსვლელობისას ქუთი ქვეყნის ლიდერი, რომელიც ბათუმში იყო შეკრებილი, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და მოუგვარებელი კონფლიქტების თემაზე მსჯელობდნენ. მათთან ერთად ევროპელი და ამერიკელი სტუმრები, იმ მექანიზმებს განიხილავდნენ, რომლებიც სუამ-ის გაერთიანებამ კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების განსამუხტავად უნდა გამოიყენოს.

"ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, როდესაც რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი კავშირის დამყარება სცადა. კონფლიქტის ზონაში დამატებითი სამშვიდობო ძლები შეიყვანეს, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ერთი მხარის თანხმობის გარეშე ცისფერჩაფხუტიანების რაოდენობის გაზრდა ყველა შეთანხმების უგულვებელყოფით მოხდა. არაფერს ვამბობ კონფლიქტის მთავარ პრობლემაზე. წლების წინათ აფხაზეთიდან 400 ათასი ადამიანი გამოაძევეს", - განაცხადა სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

სამიტის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტების თემა ევროპისთვის მნიშვნელოვანი და სტატეგიული საკითხია.

პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მას ღრმად სწამს, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში ინტეგრაციის საკითხსაც მალე მოაგვარებს და მზადყოფნას გამოთქვამს, დეკემბრის მინისტერიალზე ამ ქვეყნებისთვის მაპ-ის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭიროს.

"სუამ-ის ქვეყნები, პოლონეთი და ლიტვა ახალი ევროპის ძლიერი ნაწილია", - განაცხადა მან.

რეგიონში პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, ევრო-აზიურ ენერგეტიკულ დერეფანზეც იმსჯელეს. სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყნის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებმაც შესაძლოა ევროპას ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოუტანოს. კერძოდ, ლაპარაკი შეეხო ოდესა-ბროდი-გდანსკის ნავთობსადენის ამუშავებაზე. ვიქტორ იუშჩენკოს განცხადებით, ამას პოლიტიკური ამბიციები ხელს ვერ შეუშლის. როგორც მან აღნიშნა, ევროპასთან ურთიერთობაში ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა დაეხმარება.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სუამ-ის ქვეყნებს არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებს. რაც შეეხება კრაკოვის შეთანხმებას, მანაც აღნიშნა, რომ ახალი ნავთობსადენი დიდი წარმატებით ისარგებლებს. მისი თქმით რეგიონისთვის აუცილებელია სატრანსპორტო - სახმელეთო და საზღვაო დერეფნის განვითარება.

სამიტის ფარგლებში საერთაშორისო სატრანსპორტო გაერთიანებასა და სუამ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დეკემბრიდან საუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური