საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ლიტვის რესპუბლიკის ელჩი რიჩარდას დეგუტისი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

7/22/2008

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ლიტვის რესპუბლიკის ელჩი რიჩარდას დეგუტისი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ლიტვა არის საქართველოს მთავარი მეგობარი ევროკავშირში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების პირობებში, ლიტველები იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის.

"ღიად მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსირების მცდელობა. ეს გაუგონარი გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისადმი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი" - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

ელჩმა რიჩარდას დეგუტისმა კი, თავის მხრივ, წარმატება უსურვა საქართველოს. "საქართველოს წარმატება - ლიტვის წარმატებაა", - აღნიშნა ელჩმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური