საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში დამომბვის შედეგად დაზიანებული შენობები დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გორში თითქმის ყველა უწყების ხელმძღვანელი იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა დანგრეული სახლები დაათავლიერა. იგი მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემები თავადვე მოისმინა.
მოგვიანებით, მთავრობის პირველი სხდომა ოკუპაციის დროს დაბომბილ ქალაქში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარუძღვა. რუსული ინტერვენციის შედეგების აღმოსაფხვრელად საქართველოს პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს კონკრეტული დავალებები მისცა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას რეკონსტრუქციის 18-თვიანი გეგმის შემუშავება მოთხოვა. მისი თქმით, სახელმწიფომ მოსახლეობას ყველანირი ზარალი უნდა აუნაზღაუროს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უახლოესი 3 თვე, საჭირო იქნება უკიდურესი ზიანის მინიმალიზაციისთვის. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის ყველა დაპირება, მათ შორის სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით, შესრულებული იქნება, მაგრამ პროგრამების განხორციელების ვადები გადაიწევა. "უნდა ვიყოთ რეალისტები", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახალი სახლები კარგი პირობებით იქნება აშენებული მათთვის, ვისი საცხოვრებელი სახლები კონფლიქტის დროს დაზიანდა; დაღუპულების ოჯახებს ფულადი კონპენსაცია გადაეცემათ, ხოლო დაზარალებულებს შესაბამის უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. სააკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეფერხების გარეშე პორტების, რკინიგზის, ელექტროგადამცემი ხაზების ფუნქციონირება.
„ჩვენ გვექნება 18-თვიანი ძალიან რთული რეკონსტრუქციის პერიოდი. ყველა პროგრამა, რომელიც ჩვენს ხალხს დავპირდით, უნდა შესრულდეს, ეს ვადაში იქნება გაწელილი. შემდგომი თხუთმეტი თვე არის აღორძინების და ახალ ეკონომიკურ გზაზე გასვლის პერიოდი. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტურები, მაგრამ ამავე დროს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ წინ. ეს გზა არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე ცხელი ომის დღეები. მაგრამ ეს გზა არის გასავლელი იმისათვის, რომ ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული ევროპული ერი და გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, რომელიც აღიდგენს ტერიტორულ მთლიანობას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა საბჭოთა კავშირის აღდგენა საქართველოდან დაიწყო და ეს საქართველოს ტრაგიკული გეოპოლიტიკური ბედია. "მაგრამ ეს არ არის 1921 წელი და ვერავინ ვერ დააკანონებს ჩვენი ტერიტორიების ანექსიას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარებაზე დღე და ღამე უნდა იმუშავოს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური