"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე", - ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვაში ანტაკალმის პანთეონში თქვა. ლიტვა დღეს წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს - ქვეყანაში ყველა წმინდანის დღეს ზეიმობენ.
მიხეილ სააკაშვილმა და ვალდას ადამკუსმა გვირგვინით შეამკეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლთა მემორიალი.
საქართველოს პრეზიდენტმა ლიტველ ხალხს რუსული აგრესიის დროს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველომ ლიტვისგან კიდევ ერთხელ მიიღო პოლიტიკური მხარდაჭერა.
"ის,რომ დღეს ლიტვა დამოუკიდებელია და ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ლიტველების გმირობისა და თავგანწირვის შედეგია. როდესაც მტერი შემოდის მას უნდა ებრძოლო, მტერთან ბრძოლა ყოველთვის ღირს, საკუთარი სიცოცლის ფასადაც კი. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და მინდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ქართველი ხალხი გააგრძელებს აბსოლუტურად უკომპრომისო ბრძოლას, რადგან საქართველოში ოკუპანტების ყოფნას ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შევურიგდებით. ცალსახაა, რომ ეს ბრძოლა არ დასრულდება ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე. ეს არის ბრძოლა საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე, საქართველოს გათავისუფლებამდე, ეს არის ბრძოლა ევროპაში ჩვენი დაბრუნებისთვის და ჩვენი საკუთარი მომავლისთვის. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ლიტვის პრეზიდენტი მზადაა საქართველოს ინტერესები დაიცვას ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ბრუსელში გაიმართება. ვალდას ადამკუსი საქართველოს უსაფრთხოების საკითხის დაყენებას გეგმავს. მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება მთელი ევროპის უსაფრთხოებაა.
"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაპირებთ ამ პოზიციის შეცვლას. ბრიუსელში კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მოვითხოვთ ამ ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას. ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რუსეთმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს", - აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლიტვაში დღეს დასრულდა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური