საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა

11/4/2008

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ახალი უფროსი - ვლადიმერ ჩაჩიბაია ყავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში განაცხადა. მისი თქმით, გენშტაბის ახალ ხელმძღვანელს ქართული არმიის მოდერნიცაზია და იმ ხარვეზების შევსება მოუწევს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გამოვლინდა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაადგილებაა. ეს თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მთავარია. შეიარაღებული ძალების უფროსი თავდაცვის მინისტრი კი არ არის, გენშტაბის უფროსია.

მადლობა მინდა გადავუხადო გენშტაბის ყოფილ უფროსს, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ ის ხარვეზები, რომელიც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დროს გამოვლინდა, უნდა აღმოვფხვრათ.

მსურს გენერალური შტაბის ახალ უფროსს და მის ყველა კოლეგას წარმატება ვუსურვო. ჩვენ გრძელი, ეკლიანი გზა გვაქვს გასავლელი.

ჩვენმა ჯარმა იბრძოლა, გადაარჩინა საქართველო. ომის შემდეგ შეიარაღებული ძალების შევსებაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი.

რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არ დაილევა ხალხი,რომელსაც ესმის, რომ ეს პროფესია, მიუხედავად იმისა, რომ თავგანწირვასთან არის დაკავშირებული, ძალიან პრესტიჟულია.

ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მომავალი და შეიარაღებულ ძალებს აქვს მომავალი.

საქართველო გაძლიერდება კიდევ ურო მეტად.

ჩვენ მართლაც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა გადავიტანეთ -სამი ათასი ჯავშანტექნიკა და ორასი ერთეული თვითმფრინავი ბომბავდა საქართველოს,

ანგრევდა ჩემს სიმწრით გაკეთებულ გზებს. ოთხმოცი ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. ამას ხელმძღვანელობდა მათი მთავარი ხელისუფალი.

ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ჩვენს კარებს არიან მომდგარი.

ჩვენ სახლში დაიპყრეს ორი ოთახი და იქ კარგად ეწყობიან.

ეს ჩვენი სახლია და სტუმარი ღვთისაა, მაგრამ არა ასეთი სტუმარი. დაუპატიჟებელი სტუმრები აუცილებლად დატოვებენ საქართველოს.

ამისთვის ჩვენ გვჭირდება გაძლიერება, კონსოლიდაცია, განათლება, განვითარება და მოდერნიზაცია.

ყველაფერი ეს მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე.

გისურვებთ წარმატებას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური