საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ენერგეტიკული სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

11/14/2008

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში მეოთხე ენერგეტიკულ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც გულისტანის სასახლეში გაიმართა. სამიტს ექვსი ქვეყნის პრეზედენტები, ენერგეტიკის მინისტრები, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ალტერნატიული ენერგო დერეფნის - კიევი-ოდესა-ბროდის მილსადენის პროექტის დეტალები შეათანხმეს. პროექტს ევროპის 20 ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს მხარს, მაგრამ რუსეთი მის განხორციელებას ეწინააღმდეგება, რადგან ლაპარაკია ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომლის საშუალებითაც ნავთობი ყაზახეთიდან და ბაქოდან ევროპის ბაზარზე საქართველოს გავლით უნდა მოხვდეს. შესაბამისად, რუსეთის წარმომადგენლები, მოწვევის მიუხედავად სამიტს არ ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტის ღირებულება სამ მილიარდ დოლარს აღემატება.

"ევროპის გაზით დივერსიფიკაცია ძალზე მნიშვნელოვანია და ამ პროექტის განხორციელება უნდა დაჩქარდეს. რუსეთს ალტერნატიული ენერგიის პროექტის ბლოკირება სურს. ეს აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო. დარტყმა სწორედ იმ ნავთობსადენებსა და ინფრასტრუქტურაზე ხორციელდებოდა, რომლითაც ენერგორესურსების გატანა ხდება. დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მიზეზი ენერგომარშრუტები გახდა. ეს იყო ენერგო-დერეფნის წინააღმდეგ მიმართული აგრესია.

ამის ნათელი მაგალითის დასტურია რკინიგზის აფეთქება, რომლითაც ნავთობ-პროდუქტების გადატანა ხდებოდა. ეს იყო ევროპის გაფრთხილება, რომ რუსეთს სურს ენერგოდერეფნის სრული კონტროლი. ჩვენ თუ არ მივიღეთ რაიმე ზომები, 2013 წლისთვის რუსეთი ენერგოთვალსაზრისით კიდევ უფრო გაძლიერდება. მას ამ სფეროზე მონოპოლია სურს. სიმბოლურია, რომ სამიტი აგვისტოს მოვლენების შემდეგ იმართება და მოგიწოდებთ თამაშის ერთობლივი წესების მიღებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სამიტის მსვლელობისას.

დღესვე ბაქოში მნიშვნელოვანი ენერგეტიკული შეთანხმება მოხდა - საქართველო ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად მიიღებს და ამ პერიოდის განმავლობაში ტარიფი არ გაიზრდება. გაზის მოწოდების პირობებს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრაზე ათანხმებდნენ.

"დღეს ხელს ვაწერთ გაზის მოწოდების 5-წლიან კონტრაქტს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ ამაზე დიდი ხანია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას პრობლემა არ ექნება გაზით მომარაგების და ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის ღირებულება არ გაიზრდება. 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში ჩვენ დავასრულებთ საქართველო მოსახლეობის 80 პროცენტის გაზიფიკაციას და, პრაქტიკულად, ყველა ქალაქის, დასახლებისა და დიდი სოფლის ყველა ოჯახში შევა ბუნებრივი გაზი. მსოფლიო ბაზარზე ფასების რყევის მიუხედავად, ჩვენთვის ბუნებრივი აირის ფასი აღარ გაიზრდება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი ოჯახების შემოსავალი გაიზარდოს, ხალხი დასაქმდეს და იმ გადასახადის გადახდაც, რომელსაც დღეს ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის ვიხდით, აღარ იყოს რთული. ვფიქრობ, ეს ჩვენი და აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია ამ ძალზე რთულ პერიოდში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური