საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანსამბლ ”ბზიკებს” უმასპინძლა

11/26/2008

საბავშო ევროვიზიაში გამარჯვებულ პატარა "ბზიკებს" საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პირადად მიულოცა და საჩუქრად ველოსიპედები გადასცა. პრეზიდენტი პატარებს გაესაუბრა და შემდგომი წარმატებები უსურვა. მიხეილ სააკაშვილმა ევროვიზიის შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის პროდიუსერი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

კვიპროსში გამართულ მსოფლიო კონკურსზე ქართულმა ანსამბლმა ორიგინალური სიმღერა შეასრულა და 15 კონკურენტს შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

"ბავშვობაში ჩემი სკოლის საბავშვო ანსამბლში ვუკრავდი. მაშინ ვოცნებობდი, რომ რაიონულ კონკურსზე მაინც გაგვემარჯვებინა. თქვენ კი, მთელი ევროპის გამარჯვებულები ხართ. თქვენი წარმატება გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩვენთვის ყველაზე კარგი საჩუქარი იყო, მაგრამ მომავალში ბევრი, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვჭირდება. თქვენი გამარჯვებით, არამარტო თქვენი ახლობლები, არამედ მთელი საქართველო გახარებულია", - აღნიშნა მათთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა.

საჩუქარი საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო - პატარა "ბზიკებმა" მას საკუთარი, უკვე ცნობილი სიმღერის ჩანაწერი უსახსოვრეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური