საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მეციტრუსეებს შეხვდა

12/12/2008

მოგესალმებით ყველას!

მანდარინის ჩაბარების სეზონთან დაკავშირებით, ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენთან შეხვედრა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაზე ძალიან მძაფრად აისახება.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია აზრების გაზიარება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაიტანოს ეს კრიზისი ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით და როგორ უნდა შევქმნათ უკეთესი მომავალი.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მანდარინის ჩაბარებასთან დაკავშირებით გესაუბროთ.

შარშან და შარშანწინ ყველა ამბობდა, რომ თითქოს ეს უკავშირდებოდა არჩევნებს, სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებს, არჩევნებიც ჩავლილია, სამთავრობო პარტიამ აჭარაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. არჩევნების ჩავლის პერიოდი ეს ის პერიოდია, როცა გამძაფრებით დგება პასუხისმგებლობის მომენტი - რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა შევასრულოთ ჩვენი დანაპირები.

წელს საქართველომ ჩაატარა სამი არჩევნები - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის. ახლა დაპირებების შესრულების დროა.

როგორც დაგპირდით, ციტრუსების ჩაბარებას ხელს შევუწყობთ.

ახლა პორტში 3500 ტონა მანდარინით იტვირთება ბორანი და გადის უკრაინაში. 9450 ტონა უკვე გასულია. იყო პრობლემა განბაჟებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა.

ამას გარდა, 25 დეკემბერს მწყობრში შევა იტალიური წარმოების ახალი დიდი ხაზი, იმ საწარმოში, რომელმაც გაამართლა (ლაპარაკია ქობულეთის საწარმოზე), აწარმოებს წვენებს (საათში 12 ტონას) და გავა მსოფლიო ბაზრებზე.

წელს მოსავალი არის 45 ათას ტონაზე მეტი მოვიდა, გატანილია თთქმის 10 ათასი ტონა. ვვარაუდობთ 10 ათასი ტონის გატანას უკრაინაში, დანარჩენი მოიხმარება შიდა ბაზარზე. საქართველოს შიგნით უკვე გაყიდულია 23 800 ტონა.

საქართველოში წელს ციტრუსის მოსავალი დაბინავდება, რაც თავისთავად კარგი ამბავია.

მეორე საკითხი არის ის, თუ როგორ უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

მთელ მსოფლიოში გაჩერებულია ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობები, ახალი საწარმოების გახსნა, რის გამოც იკარგება სამუშაო ადგილები.

ამ კრიზისმა ძალიან ძლიერად იმოქმედა ჩვენ მეზობელ თურქეთზე, რომელიც შედარებით უცხო ეკონომიკად ითვლებოდა.

ომის დროს ყოველ დღე ვრეკავდი ვარშალომიძესთან და ვეკითხებოდი - ხომ არ გაჩერდა ბათუმში მშენებლობები? ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მსოფლიო კრიზისის ფონზე დღესაც ვსვამ ამ შეკითხვას.

ბათუმში მშენებლობების უმეტესი ნაწილი არ შეჩერებულა.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ეს არის არა მხოლოდ სამუშაო ადგილი იმ ხალხისთვის, ვინც ამ მშენებლობებზე მუშაობს, არამედ ეს არის აჭარის მომავლის იმედი. ეს არის იმედი იმისა, რომ კრიზისი გაქრება, წამოვა ტურისტების ნაკადი და იქნება უკეთსი პირობები ბიზნესის წარმოებისათვის.

ჩვენ უნდა დავხვდეთ უკეთესი გამზადებული ინფრასტრუქტურით და ამაში სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ბევრი ფული, მაინც ჩადოს თანხები, მაინც ააშენოს, შექმნას.

ჩვენ ვხსნით პროფტექნიკურ სამშენებლოს, რათა მოვამზადოთ სამშენებლო კადრები, უნდა გავაფართოვოთ ტურიზმის სასწავლებლები. მარტო იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წელს ამ კრიზისის გამოა შესაძლებელი ჩავარდნა, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება 2010-11 წლებში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბათუმში მივიღებთ ტურისტულ, საწარმოო და მთლიანად ეკონომიკურ ბუმს.

მე მაქვს ჩემი ამბიცია აქაურობასთან დაკავშირებით, ეს არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

აქ შენდება სამი უზარმაზარი სასტუმრო სტადიონის ნაცვლად.

ამ სასტუმროს მშენებლობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა და დამთავრდება იმ მომენტისათვის, როცა კრიზისი გადავლილი იქნება.

ბათუმში სასტუმრო "ჰილტონი" იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო, რომელიც გაიხსნება 23 აპრილს.

სასტუმრო "მედეას" ადგილზე იქნება სასტუმრო "რედისონი", რომელიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შავი ზღვისპირეთში.

ყოველივე ეს ჩვენი ეკონომიკის მომავალია.

მსოფლიოში ბევრი საწარმო ჩერდება, თუმცა მე მაქვს ამბიცია ხელვაჩაურში ინდუსტრიული ზონის შექმნის თაობაზე.

როგორც მთლიანად, ისე მაღალმთიან აჭარაში დიდი უმუშევრობაა და ხალხი, რომელიც ამ ზონასთან ახლოს იქნება, უნდა დასაქმდეს, ოჯახების რჩენა უნდა შეძლონ, შვილებს მომავალი უნდა შეუქმნან და განათლება მისცენ.

ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები ამ ეტაპზე მოსალოდნელია.

გუშინ თბილისში, ბიზნესმენებთან შეხვედრისას ვთქვი, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი რიგი მიმართულებით, შესაძლოა, მდგომარეობა გაუარესდეს.

90-იანი წლებიდან მხოლოდ ის განგვასხვავებს, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით საქართველოს სახელმწიფო.

ეს იმას ნიშნავს, რომ 92-93 წლებთან შედარებით, ვითარება ბევრად უკეთესი იქნება - შუქი არ ჩაქრება, გაზიფიკაცია გაგრძელდება და კრიზისის მიუხედავად, ამ პროცესს ერთი დღითაც არ შევაჩერებთ, რათა მთელ აჭარას ჰქონდეს ბუნებრივი გაზი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ენერგეტიკა არა მხოლოდ არ გაუარესდება, არამედ ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, გაუმჯობესდება კიდეც.

ყველაფრის მიუხედავად, გავაგრძელებთ სოციალური პრობლემების განხორციელებას, მაგალითად, სოციალურად დაუცველთათვის დაზღვევას გავაფართოვებთ, მომავალ წელს უნდა მოვძებნოთ რესურსი და დაპირებისამებრ, თუმდაც სიმბოლურად, გავზარდოთ პენსია, ასევე უნდა მოვნახოთ სხვა სოციალური პროგრამების დაფინანსებისა და გაფართოების საშუალება, მაგალითად, პედაგოგებისა და დამსახურებული პენსიონრების დასახმარებლად.

აქედან გამომდინარე, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, ჩვენ არათუ არ ჩამოგვეშლება ქვეყნის მთავარი ენერგეტიკული ხაზები, არამედ ამ სფეროში დაწყებული პროექტების განხორციელება კვლავაც გაგრძელდება და საქართველოში შემოსული დახმარებების საშუალებით, დიდ საგზაო მშენებლობას დავიწყებთ. ასე შევძლებთ ხალხის დასაქმებას.

ამას რამდენიმე თვე დასჭირდება, მე უკვე აღვნიშნე, რომ მომავალი წლის პირველი ნახევარი იქნება ძალიან რთული, მაგრამ მეორე ნახევარში საქმე გაუჯობესებისკენ სწორედ შემოსული დახმარების წყალობით წავა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ივნისის თვიდან დაიწყებს შემოსვლას.

1998 წლის შემდეგ საქართველოში მთლიანად ჩამოიშალა საბანკო სისტემა.

ძირითადად, ჩვენი სავალუტო კურსი ბევრად უფრო უკეთესად დავიჭირეთ, ვიდრე ეს შეძლეს უკრაინაში, ლატვიაში, უნგრეთში, რუსეთში.

პრინციპში ეს კონტროლირებადი პროცესია.

სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან მომავალ წელს ბანკები რამდენიმე მილიონი ლარის დახმარებას მიიღებენ.

მომავალ წელს, ჩვენი ვარაუდით, კრედიტების გაცემა ბევრად უკეთესად უნდა დაიწყოს, ვიდრე ამჟამადაა.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრედიტების გაცემა დღეს მთავარი პრობლემა და ამაზე უკვე ვზრუნავთ.

თუმცა იაფი კრედიტების გაცემა გაგრძელდება. საქართველოში უკვე 45 მილიონი ლარის იაფი კრედიტია გაცემული, მათ შორის, 6 მილიონი აქ, აჭარაში წამოვიდა.

ალბათ გახსოვთ, როგორ კარგ სეზონს ველოდით ზაფხულში, მაგრამ რუსეთის აგრესიამ ყველაფერს ხაზი აგდაუსვა.

უამრავმა ადამიანმა აიღო კრედიტი, მაგრამ ამ კრედიტების დიდი ნაწილი სახელმწიფომ ხალხს გადაუვადა და პროცენტი დაუფარა.

როგორც გითხარით და დაგპირდით, ამ პროგრამას ბოლომდე მივიყვანთ.

მთავარი, რაც საქართველოს სჭირდება არის სტაბილურობა და შემდგომი განვითარება.

კრიზისის პერიოდი რამდენიმე საფრთხეს შეიცავს - კორუფციის განახლების, რასაც არ დავუშვებთ და სახელმწიფო აპარატში ეს არ მოხდება და პოლიტიკური დემაგოგიის საფრთხეს, რასაც პასუხს გავცემთ.

ჩვენმა ხალხმა სტაბილურობისა და სიმშვიდის ფასი მშვენივრად იცის.

სხვათა შორის სექტემბერში ვთქვი, რომ თუ ვინმეს ქართველი ხალხის დამარცხება შეუძლია, ეს თავად ქართველი ხალხია, თორემ ჩვენ ვერც რუსეთი დაგვამარცხებს და ვერც სხვა მოწინააღმდეგე.

მაშინ ბევრმა მითხრა: ხომ ხედავთ როგორი ერთიანი ვართო.

სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ ცოცხალი ჯაჭვში ყველაზე მეტი ხალხი აქ, აჭარაში ჩაება, რაც დიდი მოულოდნელობა იყო იმათთვის, ვინც გარედან აკვირდებოდა საქართველოს, ხოლო ჩემთვის - დიდი სიამაყის საგანი. ამისთვის ძალზე მადლიერი ვარ თქვენი.

ერთად დგომა და გაერთიანება ყველაზე მეტად ახლა გვჭირდება, როდესაც მსოფლიო კრიზისის შედეგები ჩვენც დაგვაწვება და გარკვეული სირთულეები შეიქმნება.

მაშინ ვიქნებით საბოლოოდ გამარჯვებული და მაშინ მივხვდებით, რომ ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამარცხებს, თუ ამ დროს დავდგებით ერთად.

დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება.

ჩვენი ხალხი არის ბრძენი, ჩვენი ხალხი არის გამბედავი და ჩვენი ხალხის დამარცხება ყველაზე დიდი ძალის მიერაც კი შეუძლებელია.

რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისათვის, რომ მომავალ წლებში საქართველოში უკეთესი ცხოვრება შეიქმნას?

ამის საწინდარი, უწინარეს ყოვლისა, არის ეფექტიანი მთავრობა. მთავრობის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განვახორციელეთ, ეს ცვლილებები ძირითადად დამთავრებულია და მთავრობაში ახალი გადანაცვლებები აღარ იგეგმება.

აქაც, აჭარაშიც იცით, რომ ადგილობრივი მთავრობა უკვე დაკომპლექტდა.

ასევე აუცილებელია გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის, განვითარების სტაბილური გარანტიების შექმნა.

ერთი მხრივ ეს არის ჩვენი დაახლოება ევროპასთან. მთავრობის ახალ შემადგენლობაში ბევრი მინისტრი მოვიყვანეთ, რომელსაც ევროპულ ინსტიტუტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც თურქეთში ძალზე წარმატებული ელჩი იყო, კარგად იცის, როგორც თურქეთი, ისე ევროპული ინსტიტუტები და არის ძალიან განათლებული.

გვყავს რამდენიმე მინისტრი, რომელსაც ასევე აქვს დიპლომატიური გამოცდილება, გამოცდილება აქვს ეკონომიკის სფეროში და ინვესტორების მოზიდვის მხრივ.

რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის ფედერაციასთან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

რამდენიმე დღის წინათ ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი მიდიოდა რუსეთში. წასვლის წინა ღამეს ჩვენ გვქონდა ვრცელი საუბარი და შევთანხმდით იმ საკითხებზე, რაც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენი გზავნილი იქნებოდა.

მადლიერი ვარ მისი უწმინდესობის, რომ ჩვენი ნააზრევი და საკუთარი აზრი მან სიტყვა-სიტყვით გადასცა და მოახსენა იმ ქვეყანას, რომელმაც აგვისტოში საქართველოს ტერიტორიის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და კვლავაც აგრძელებს მის ოკუპაციას.

მისმა უწმინდესობამ ძალზე ნათლად უთხრა რუსეთის ხელმძღვანელობას იმის თაობაზე, რომ არასდროს არც ერთი ქართველი არ შეურიგდება საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და საქართველოს მიწების მიტაცებას.

ძალზე მადლიერი ვარ იმისთვის, რომ პატრიარქმა საკუთრ თავზე აიღო ამ დიპლომატიური მისიის შესრულება. რეალურად ეს სახალხო დიპლომატიის მისია იყო.

ჩვენ ველით, რომ რუსეთი როდესღაც საღი აზრის პოზიციას დაიკავებს და მიხვდება, რომ "რაც არ გერგება, არ შეგერგება".

იმედია, ეს "როდესღაც" უფრო ადრე იქნება, ვიდრე გვიან.

რუსეთი აკეთებს ზოგად განცხადებას იმის თაობაზე, რომ მზად არიან დევნილები საკუთრ სახლებში დააბრუნონ. იმედია, ეს სიმართლეა.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენი ხალხი იქიდან სწორედ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოყარა.

ჩვენი ხალხის მიერ მიტოვებულ სახლებში დღეს ჩაასახლეს რუსი ოფიცრები. მიწასთან გასწორებულ თამარაშენსა და ქურთაში მოსკოვის მერი ლუჟკოვი რუსი სამხედროებისთვის ახალ მიკრორაიონს აშენებს.

დაცარიელებულ გალსა და ოჩამჩირეში ურალიდან ჩამოასახლეს რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე ასეული გადამთიელი, რათა მათ გამოყრილი ქართველი, უკრაინელი, ესტონელი ხალხის დაცარიელებული სახლები.

ეს ტერიტორიები დღეს არის ოკუპირებული და რუსეთის ფედერაცია აღარ უწოდებს მათ საქართველოს.

ამიტომ, ყველანაირ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მივესალმებით და მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე და, რა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის ინტერესების გათვალისწინებაზე.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს დიალოგი, გავაგრძელოთ დიალოგი ასევე ეკლესიებს შორის და მივესალმები, თუკი ის შემდგომშიც ინტენსიურად წარიმართება.

პრეზიდენტის პატრონაჟით ჩვენ ვამზადებთ ქართული კულტურის სეზონს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, რათა შევახსენოთ რუსულ საზოგადოებას ის დიდი კულტურული კავშირები და იმ დიდი საგანძურის არსებობა, რომელიც საქართველოს აქვს და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის, რაც ჩვენმა პატრიარქმა მათ ნათლად უთხრა - არასდროს, არც ერთი ქართველი არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას და საქართველოს ანექსიის დაკანონების მცდელობას.

ამ აქტის დაკანონება ყველა საერთაშორისო პრინციპით არის შეუძლებელი.

ერთი რამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საბოლოოდ, ჩვენი წარმატება და გამარჯვება დაფუძნებული იქნება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ვიქნებით ჩვენ, ქართული საზოგადოებრიობა და ქართული სახელმწიფო ერთი ან ორი წლის შემდეგ.

თუ ერთი წლის შემდეგ თამამად შევძლებთ იმის თქმას, რომ უზარმაზარი კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშალა, ე.ი. საქართველომ გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

თუკი ორი წლის შემდეგ ვიტყვით, რომ საქართველო კრიზისიდან ბევრად უფრო სწრაფად გამოდის, ვიდრე რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა იმის გამო, რომ გვაქვს უფრო სწორად განვითარებული ეკონომიკა, სწორ პრინციპებზე აგებული ეკონომიკური მოდელი, უფრო ეფექტიანი და არაკორუმპირებული მთავრობა და ჩვენ ისევ დავიწყეთ სწრაფი ტემპით გამდიდრება, ახალი საწარმოების გახსნა, ახალი მშენებლობების დაწყება, ტურისტების რაოდენობის ზრდა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბევრად უფრო დიდი ტემპით გაყიდვა, მაშინ ვიტყვი, რომ ჩვენ მივაღწიეთ ეკონომიკურ გამარჯვებას, რითიც ეკონომიკური საფუძველი შევქმენით საბოლოო პოლიტიკური გამარჯვებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის.

მას, ვისაც საქართველოს განადგურება სურს ყოველთვის ჩვენზე ბევრად მეტი ტანკი, მეტი თვითმფრინავი, მეტი ქვემეხი და უფრო მეტი თავზეხელაღებული, ჩვენი მიწების მისატაცებლად მომზადებული და მომართული უგვანო გადამთიელი ეყოლება. დღეს შეჯიბრი მიდის არა ტექნიკური აღჭურვისა და რაოდენობრივი თვალსაზრისით, არამედ იდეების მხრივ. რაც უფრო მეტად განვითრებული, ცივილიზებული, წარმატებული და ევროპეიზირებული ქვეყანა ვიქნებით, მით უფრო ძნელი იქნება ჩვენზე ხელის აღმართვა და უკანონობის დაკანონების ნებისმიერი მცდელობის განხორციელება.

აი, ეს არის ჩვენი ამოცანა.

ჩემი საბოლოო მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა და ამას აუცილებლად მივაღწევთ. იმ პირობებში, როცა, ჩვენმა დიდმა მეზობელმა ყველანაირ ცივილიზებულ ზღვარს გადააჭარბა, რასაც მსოფლიოში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ამ მიზნის განხორციელება გადის ჩვენს მოდერნიზაციაზე და ჩვენს ევროპულ სახელმწიფოდ ქცევაზე.

საბოლოო ჯამში თნამედროვე ევროპული მოდელის სახელმწიფოები ბევრად უფრო სწრაფად გამოიყვანენ საკუთარ საზოგადოებას განვითერების გზაზე.

ამასთან დაკავშირებით ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, კამათი, შრომა.

მთავრობა მუდმივად უნდა იყოს ხალხის წიაღში, ყველანი ჩვენ გეკუთვნით თქვენ და ყველანი ერთად კი ვეკუთვნით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს.

ერთი რამ კარგად უნდა გავიაზროთ, როგორი სიძნელეებიც არ უნდა შეგვხვდეს წინ, ერთიანობისა და შეძენილი მონაპოვრების - საერთაშორისო მხარდაჭერის შენარჩუნების პირობებში, ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე.

მივუბრუნდეთ მანდარინის თემას. ჩვენ მკაცრად ვაკონრტოლებთ იმას, რომ არ დარჩეს მანდარინი ჩაუბარებელი. ენზეს მანდარინს დამატებით გამოეყოფა 10 თეთრი. ისინი, ვისაც ეს მანდარინი აქვს, ყველა მიიღებს 20 თეთრს. დამატებით ვიმუშავებთ უკრაინელებთან. ჩემი და იუშენკოს შეთანხმების საფუძველზე იცით, ქერჩზე გაიხსნა ახალი ბორანი, ვმუშაობთ ყაზახებთან, მანდარინი უკვე გავიდა ბელორუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს პროცესები როგორც დავგეგმეთ, ისე მივიყვანეთ ბოლომდე. არაფერი ისე სასიამოვნო არ არის, როგორც ის, რომ როცა ყველაფერი დაგეგმილის მიხედვით სრულდება და ხალხს დანაპირები უსრულდება. ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჩვენი საზოგადოება გაცილებით მეტს იმსახურებს.

ის ფაქტი, რომ ამ რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი, ის რაც წინა წლებში წარმოუდგენლად მიგვაჩნდა და მანც გავაკეთეთ, ეს ჩვენი საერთო დამსახურება.

მინდა მადლობა ვუთხრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ მთავრობას და რაც მთავარია ბიზნესის წარმომადგენლებს ამ სფეროში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური