საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ მისაქციელში იმყოფებოდა

12/18/2008

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სოფელ მისაქციელში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა გლეხებს ხელშეწყობა და საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარება აღუთქვა. ადგილობრივებმა პრეზიდენტს განუცხადეს, რომ ხილის ჩაბარება მათ ადგილობრივ საკონსერვო ქარხნებში ურჩევნიათ, თუკი მეწარმეებს ქარხნების რეაბილიტაციის საშუალება მიეცემათ. საქართველოს პრეზიდენტმა გლეხებს მსოფლიო კრიზისის ფონზე ქართული ეკონომიკის გადარჩენის პერსპექტივები განუმარტა. მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი გლეხის გივი ბრაჭულის ოჯახსაც ესტუმრა.

"ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტი სოფელში ცხოვრობს, მაგრამ ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს აწარმოებენ. არსებული რესურსი რომ მთლიანად ავითვისოთ, საქართველო ბევრად უფრო მდიდარი ქვეყანა იქნება. ამ სიტუაციაში ხალხი არ არის დამნაშავე - ჩვენმა ხალხმა იცის შრომა, პრობლემა თავად სისტემაშია. ჩვენ უნდა შევქმნათ მიკროკრედიტების სისტემა. ადამიანს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მოსავლის მოსაყვანად, ხოლო შემდეგ მის გასაყიდად, კრედიტი აიღოს. თუ ამ საკითხში კერძო სექტორი არ ამოგვიდგება მხარში, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პროდუქტებზე მოთხოვნა დიდია, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვაწარმოებთ. ამას გარდა, პრეზიდენტმა განმარტა, რომ შიდა ბაზრებიც ასათვისებელია, რისთვისაც ადგილობრივი წარმოების განვითარებაა საჭირო. მისი თქმით: "შიდა ბაზარზე ჩვენ ჯერ კიდევ შემოგვაქვს პროდუქცია, არადა ამის აუცილებლობა საქართველოს არ აქვს."

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიო კრიზისის შედეგად საქართველო ნაკლებად დაზარალდეს. ეკონომიკის შენარჩუნების და გადარჩენის გეგმები და პროგრამა უკვე გვაქვს, ასევე გვაქვს დროში გაწერილი გრაფიკი. თუმცა მიზნის მისაღწევად საჭიროა სტაბილურობა და მთავრობის აუღელვებელი, თუმცა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებები. საამისოდ კი აუცილებელია მუდმივი დიალოგი თქვენთან. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თქვენთან ერთად იმუშაოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური