საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულსა და შუახევს ესტუმრა

12/20/2008

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულში იმყოფებოდა, სადაც მინდელის სახელობის მაღაროელებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მაღაროელებმა პრეზიდენტს სამი წლის განმავლობაში საწარმოში მიმდინარე პროცესები გააცნეს. მიხეილ სააკაშვილი მაღაროელთა ხელფასებითა და პირობებით დაინტერესდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, ინვესტორებთან მოლაპარაკება გრძელდება, რათა ქვანახშირზე მოთხოვნა გაიზარდოს. მისი თმით, მომავალ წელს ტყიბულში კიდევ ერთი მაღაროს ამოქმედება იგეგმება, რაც კიდევ უფრო გაზრდის აქ დასაქმებულთა რაოდენობას. სამი წლის წინათ საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა 30-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგადაც, დაახლოებით ათასი ადამიანი დასაქმდა.

"კრიზისის პერიოდში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მაღაროების უმეტესობა იხურება. ეს თქვენზე არ გავრცელდება, რადგან ინვესტორებთან მთავრობის მუშაობის შედეგად, თქვენ კონტრაქტები მომდევნო წლების განმავლობაში უკვე გაქვთ. ჩვენ ვმუშაობდით იმ საკითხზე, რომ ცემენტის წარმოება ბუნებრივი გაზიდან გადასულიყო ქვანახშირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ტყიბულის მაღაროები სრული დატვირთვით მუშაობს...

"საკმარისია ერთი საწარმო ამუშავდეს, რომ ავტომატურად გადადის მეორეზე და საბოლოოდ, სოციალურ და კულტურის ობიექტებზე აისახება. შედეგად, ყველაფერი მატარებელივით იკვრება. მაგალითად, თუ ვაგონები უკრაინაში შევუკვეთავთ, ორჯერ მეტის გადახდა მოგვიწევს, ჩვენი ხალხი არ დასაქმდება და ჩვენი წარმოება გაჩერებული იქნება. ჩვენი ეკონომიკა არასწორად იყო ორგანიზებული. კორუფციის არარსებობის პირობებში, ყველაფერი თავის ადგილზე დგება - როდესაც მთავრობის რომელიღაც წევრს ხელის მოთბობისა და წარმოების გაჩერების ინტერესი არა აქვს, საქმე ქვეყნის სასარგებლოდ მიდის. თქვენი საწარმო ამის ნათელი მაგალითია, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მაღაროელებთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის სამკერვალო ფაბრიკა "მილერსაც" ესტუმრა და პროფესიული გადამზადების ცენტრიც მოინახულა, რომელშიც ერთდროულად 1500 ადამიანი აიმაღლებს კვალიფიკაციას. ახალი ფაბრიკა რამდენიმე თვეში ამოქმედდება და სხვადასხვა სახელმწიფო დაკვეთას შეასრულებს. მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ადგილობრივი საწარმოების ამოქმედების შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

"ვიცით, რომ დანადგარებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეგექმნათ და იაფ კრედიტზე გაქვთ შემოტანილი განაცხადი. პირადად დაველაპარაკები მთავრობის წევრებს და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. თქვენ კი თქვენი დანაპირები შეასრულეთ. ეს ყველაზე საჭირო რამ არის, რაც ახლა ტყიბულს სჭირდება. ტყიბულელთა ნაწილი მაღაროებში გვყავს დასაქმებული, ხოლო მეორე ნაწილს ეს ფაბრიკა დაასაქმებს. თქვენ მართლაც კეთილშობილურ საქმეს აკეთებთ", - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საწარმოს მესვეურებს.

გადამზადების ცენტრი თებერვალში გაიხსნება, აქ მომზადებული თითოეული ადამიანი ფაბრიკაში დაიწყებს მუშაობას.

ტყიბულის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი აჭარაში გაემგზავრა და შუახევის რაიონის სოფელ გომარდულში ზამთრის კურორტის სეზონის გახსნას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზამთრის ტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სოფელში სათხილამურო სკოლაც ფუნქციონირებს, სადაც 70 მოსწავლე ვარჯიშობს. გომარდულის სათხილამურო ტრასა ბავშვებთან ერთად, პრეზიდენტმაც გამოსცადა.

"ჩემი ოცნება ასრულდა - დღეს პირველად ვისრიალე აჭარაში. აჭარას ტურიზმის წარმოუდგენლად დიდი პოტენციალი აქვს. მსოფლიოში ყველგან, სადაც განვითარებულია სათხილამურო სპორტი, ხალხი მდიდრულად ცხოვრობს. ამ რაიონში კი უზარმაზარი სიღარიბეა. ჩვენ ამ კურორტს განვავითარებთ, ავაშენებთ და, რაც მთავარია, გავმდიდრდებით, რადგან აქ იმდენად კარგი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, რომ არ შეიძლება ისინი გაუთავებელ და აუტანელ გაჭირვებაში იყვნენ. აეროპორტი უკვე ავაშენეთ, გზები გაგვყავს, სათანადოდ აღვჭურვავთ და 2010-11 წლისათვის აქ ტურისტული ბუმი იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური