საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 31 წლის იუბილე მიულოცა

12/25/2008

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 31-ე წლისთავის აღსანიშნავ ლიტურგიას დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს აღსაყდრების 31 წლის იუბილე მიულოცა და მას ყველა ქართველისთვის ლოცვა სთხოვა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია დიდი დღესასწაულია. მიხეილ სააკაშვილმა ეკლესიის როლზე, ქართველოს პატრიარქის დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესია ერის ერთობის საფუძველია.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გადარჩენა ტრადიციების დაცვაში, რწმენასა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა ერთობის განმტკიცებაშია", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში მრავალი უძველესი ცივილიზაცია გადაშენდა, საქართველომ კი ყველა დაბრკოლება გადალახა და ისევ არსებობს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს მართლმადიდებელი ეკლესიის დამსახურებაა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ამ იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური