საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ფორმატის შეცვლისა და შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის რუსეთთან ერთად ძებნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მინისტრებისგან გაეროს მისიის დასკვნასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და რუსეთთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დღეისათვის მოქმედი სამშვიდობო ფორმატი ფაქტობრივად გაუქმებულია, რასაც, მისივე თქმით, საქართველოს ძირითადი ევროპელი პარტნიორები და ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებენ. "ეს არის საქართველოში გაეროს მისიის უჩვეულოდ ზუსტი მოხსენება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ ამ სახის პროცესებში. მათ პირველად დაადასტურეს რუსეთის მიერ გაეროს წესდების დარღვევა. ევროკავშირის რამდენიმე მინისტრმა განახცდა, რომ რასაც საქართველო ამ დრომდე ამბობდა იყო მართალი და რასაც რუსეთის პირველი პირები ამბობდნენ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ამას თავად რუსეთიც ხვდება და ეს ფაქტი უკვე იურიდიულად დადასტურებულია. სრულიდან ნათელია, რომ დღევანდელი ფორმატი თავად რუსეთის მიერ ფაქტობრივად გაუქმებულია. რუსეთი, რომელიც ერთის მხრივ პრეტენზიას აცხადებს სამშვიდობო როლზე და მეორეს მხრივ, ახორციელებს შეიარაღებულ აქტეს იმავენ სახელმწიფოს მიმართ, სადაც სამშვიდობო როლზე აქვს პრეტენზია. პრაქტიკულად ამ სამშვიდობო როლს აუქმებს და ეს არის იურიდიულად დადასტურებული ფაქტი, ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში საქართველო უნდა შეეცადოს არსებული ვითარებიდან გამოსავალი რუსეთთან ერთად გამოძებნოს. "რუსეთისა და ახალი პრეზიდენტის ინტერესებში შედის არსებული ვითარების განმუხტვა. ვითარება ძალიან დაძაბულია და ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გამოსავალი. სამშვიდობო პროცესი უნდა დაიძრას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან მისი შეხვედრა, რომელიც 6-7 ივნისს რუსეთშია დაგეგმილი. "ასეთი ვითარება ვერ გაგრძელდება, როდესაც ვსხედვართ და ახალ პროვოკაციებს ველოდებით. რუსეთთან ერთად გვჭირდება ჩიხიდან გამოსავლის ძიება, რომელშიც 16 აპრილის გადაწყვეტილებამ შეგვიყვანა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
რუსეთის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მუშაობა უნდა გაგრძელდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის აფხაზებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. სამშვიდობო ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრისას, ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება და რაიმე სახის ესკალაცია უნდა გამოირიცხოს.
პრეზიდენტმა საბჭოსა და მთავრობას 24 საათიან რეჟიმში მუშაობა მოსთხოვა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური