საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა გამართა

1/9/2009

2009 წლის მთავრობის პირველ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინისტრების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა.

"რამდენიმე ადამიანი იმყოფება მივლინებაში, რამდენიმე კი ცუდად არის. გეგა მგალობლიშვილი ერთი თვე ძლივს იდგა ფეხზე და ბოლოს "ჩაწვა". გუშინ დავით ბაქრაძე ერთდროულად ორ კლინიკაში მოხვდა. მინდა გკითხოთ - რა გჭირით ხალხო? დროა რეჟიმში და ფორმაში ჩადგეთ. დღეს მოშვების, ავადმყოფობისა და "ჩაწოლის" დრო არ არის, ყველა ფორმაში უნდა ვიყოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გარდაბნის რაიონში მაგისტრალურ გაზსადენზე დღეს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს გაზმომარაგების მხრივ პრობლემები არ შეიქმნება. ხეთაგურის თქმით, ავარიის გამო შეჩერებული რუსული გაზის ტრანზიტის განახლება სომხეთში შესაძლოა 12 იანვრის საღამოსთვის მოხდეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ საუბრობს ვლადიმერ პუტინი საქართველოს გაზმომარაგებაზე. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს წინაშე გაზის მიწოდების მხრივ ვალდებულებებს ასრულებს. თუმცა ხეთაგურის თქმით, საქართველო ბუნებრივ გაზს რუსეთიდან არ იღებს და ქვეყნის გაზმომარაგება მთლიანად ხორციელდება აზერბაიჯანიდან.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონების ენერგომომარაგებას, ხეთაგურის თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროენერგია აბონენტთა დაახლოებით 18 პროცენტს არ მიეწოდება.

"განსაკუთრებით რთული ვითარებაა შიდა ქართლში, რადგან გორისა და ქარელის რაიონებს ქარბუქმა გადაუარა", - აღნიშნა მინისტრმა.

ალეკო ხეთაგურის განცხადებით, ქარი იმატებს აღმოსავლეთ საქართველოში და გათიშვები მოსალოდნელია ქვემო ქართლში.

საქართველოს პრეზიდენტმა ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდა, უზრუნველყოს ბრიგადების მობილიზება ენერგომომარაგების აღდგენის მიზნით.

"შემდეგ დღეებში კლიმატური პირობები გაუარესდება, ამიტომ მობილური ბრიგადები უნდა იყოს მობილიზებული, რათა რეაგირება ოპერატიულად შევძლოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ჩვენს პასუხებსა და გეგმებზე. ერთი წლის წინ ბევრად ადვილი ცხოვრება გვქონდა, რადგან საქართველო მიმზიდველი ქვეყანა იყო. ინვესტორები გამგელებულები ეძებდნენ ადგილს, სადაც შეეძლოთ ფულის დაბანდება. ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია - ინვესტორი, პრაქტიკულად, გამქრალია. ისეთი არაბული ქვეყნებიც კი, როგორებიცაა დუბაი, კუვეიტი, რომელებსაც მოჭარბებულად ჰქონდა ფული, საკუთარ ბიუჯეტსაც ძლივს აფინანსებს. ამ სიტუაციაში ჩვენი მდგომარეობა, ერთი მხრივ, მძიმდება საერთო ფონით, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი, რათა შევძლოთ ეკონომიკის სტიმულირება. მთავარი პრობლემა ქვეყნის შიგნით არის ის, რომ კრედიტების გაცემა შეფერხდა. ჩვენი ინფორმაციით, ბანკებს დღეს საკმარისი ფინანსური რესურსები აქვთ. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენ შევინარჩუნეთ ვალუტის სტაბილური კურსი, რაც ვერ მოახერხა ვერც უკრაინამ, ვერც თურქეთმა, ვერც რუსეთმა და ვერც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობამ. საქართველოში ფინანსური სისტემა მთლიანობაში ჯანსაღია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბანკებში დევს ფული, მაგრამ ეს ფული მომხმარებლამდე ვერ აღწევს, რადგან ბანკებისათვის გაურკვეველია როგორი ფინანსური მდგომარეობა იქნება ხვალ და ზეგ. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის ინვესტირებაა. ჩვენ ვთქვით, რომ საინვესტიციო სტიმულირების 2,2 მილიარდ ლარინ პაკეტს თავად გავაკეთებდით. საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფო უნდა გახდეს. რამდენიმე დიდ საინვესტიციო პროგრამას ვიწყებთ, რათა მოვახდინით ეკონომიკის სტიმულირება სახელმწიფოს ხელში არსებული სახსრების გამოყენებით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი კლიმატური პირობების გამო გზებზე შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე გზა გაწმენდილია, თუმცა რამდენიმე ადგილზე ზვავსაშიში მდგომარეობა კვლავაც რჩება. მისი თქმით, ამ ადგილებში მობილიზებულია ტექნიკა და ქარბუქის გადაღებისთანავე გზის გაწმენდის სამუშაოები ყველგან განახლდება. პრობლემა მესტიასა და ნაქერალას უღელტეხილზეც გაჩნდა, თუმცა ალტერნატიული გზები მეშვეობით ეს პრობლემა აღმოიფხვრა. მან ისიც აღნიშნა, რომ გზების რეაბილიტაციისთვის საქართველოს მასშტაბით წელს 521 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე ტენდერებს გამოაცხადებს. მისი თქმით, 300 მლნ ლარი ამ თანხიდან საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება, 160 მლნ ლარი - სხვადასხვა მცირე პროექტებს, მათ შორის ირიგაციის გაუმჯობესების და ნაპირსამაგრ სამუშაოებს, 120 მლნ ლარი გამოიყოფა დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე, 120 მლნ ლარი მოხმარდება თბილისში მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას, 120 მლნ ლარი - მუნიციპალური განვითარების ფონდს, 66 მლნ ლარი - რეგიონების ფონდს, 20 მლნ ლარი - სოფლის დახმარების პროგრამებს. ნიკა გილაურის თქმით, ამ თანხის ხარჯვა მარტის დამდეგიდან დაიწყება.

"1 მლრდ ლარის ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან ხელს შეუწყობს დაახლოებით 25-30 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

მომავალი ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე ტენდერებს გამოაცხადებს. პრეზიდენტის თქმით ტენდერები, რომელიც უახლოეს დროში გამოცხადდება, უნდა იყოს არა მხოლოდ გამჭვირვალე, არამედ აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივი კომპანიებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომიც. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საჭიროა არა მარტო პრესითა და ვებ-გვერდებზე ტენდერების გამოცხადება, არამედ მედიის სხვა საშუალებითაც. მისი თქმით, ტენდერების გამოცხადების შესახებ სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე სარეკლამო რგოლები დატრიალდება, რათა ქართულმა კომპანიებმა ამის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მიიღონ. ლაშა ჟვანიას განცხადებით, ქართული კომპანიების მონაწილეობა ამ პროცესში იმის საწინდარია, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, რაც შეიძლება მეტი გადასახადი შევიდეს ბიუჯეტში და ეკონომიკა ამუშავდეს.

დაახლოებით 10 თებერვლამდე საქართველოს სახელმწიფო მილიარდი ლარის ღირებულების სამუშაოს შესყიდვაზე, სხვადასხვა ტიპის მშენებლობებზე გამოაცხადებს ტენდერებს და ეს იქნება თანხა, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაიხარჯება.

ნიკა გილაურის თქმით, გამოყოფილი მილიარდი ლარი საბანკო სექტორზე გაივლის და ეს თავისთავად იქნება საბანკო სექტორის სტიმულირება იქნება, რადგან ეს თანხა გადაეცემათ იმ კომპანიებს, რომლებსაც საბანკო სექტორთან აქვთ გარკვეული საკრედიტო ვალდებულებები.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში წელს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ოდენობა 2,2 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან მილიადნახევარი სახელმწიფო დაფინანსება იქნება, ამ თანხაში შედეს 250 მილიონი ლარი, რომელიც გადასახადების სახით დარჩება ეკონომიკაში და, დაახლოებით, 450 მილიონი ლარი, რომელსაც დონორები ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში. მისი განცხადებით, ეს პაკეტი სტიმულირებას გაუწევს საბანკო სექტორსაც.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საბანკო სექტორის მხარდაჭერას იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ბანკებმა ათასობით ადამიანი გაუშვეს სამსახურებიდან.

მთავრობის სხდომას დიდთოვლობის გამო ვერ დაესწრო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, რომელიც ბათუმიდან ჩაერთო სხდომას. მიხეილ სააკაშვილმა მისგანაც მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის თანხა იდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან აჭარის ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში. ლევან ვარშალომიძის თქმით, აჭარის ბიუჯეტიდან, რომელიც 204 მილიონს შეადგენს, 120 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში ჩაიდება. ეს პროექტები ითვალისწინებს საგზაო მშენებლობას, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებას. მან ასევე აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციები 73 მილიონი ევროს დებენ ბათუმის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის და ამ თანხიდან წელს დაიხარჯება 50 მილიონი ევრო დაიხარჯება. რაც შეეხება ქობულეთის წყალსადენს, მისი რებილიტაციისთვის განსაზღვრულია 21 მილიონი დოლარი და ეს თანხა სრულად იქნება ათვისებული წელსვე.

ლევან ვარშალომიძემ ტურისტული სექტორის განვითარების თაობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ წელს ექსპლოატაციაში შევა ბათუმის ორი სასტუმრო და დაიწყება 4 ახალი სასტუმროს მშენებლობა. საამისოდ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

მან აღნიშნა, რომ ინვესტიციები იდება ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში. კერძოდ, ორი ინვესტორი აშენებს თანამედროვე სასათბურე მეურნეობებს, გერმანელები დებენ ფულს სანერგე მეურნეობის გასაშენებლად და გაიხსნება რამდენიმე საწარმო, რომელთაგან ნაწილი უკვე მშენებლობის პროცესშია.

ლევან ვარშალომიძის თქმით, აჭარის რეგიონში კერძო სექტორი სრულად 300 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

"ამ საკითხით შემთხვევით არ დავინტერესებულვარ. კონკრეტულად ბათუმში ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ სახელმწიფო ინვესტირება არ შეგვიწყვეტია და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბათუმში, პრაქტიკულად, არ შეჩერებულა არც კერძო ინვესტიციები. ამას ხაზგასმით ვამბობ. სახელმწიფომ ჩადო 255 მილიონი ლარი, ხოლო კერძო სექტორი მინიმუმ 300 მილიონ ლარს ხარჯავს. როდესაც სახელმწიფო აქტიურია, გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს, ოპტიმიზმითაა გამსჭვალული და ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს, იმ პირობებშიც კი, როდესაც ინვესტიციები მთელ მსოფლიოში შეჩერებულია, კერძო სექტორის მხრიდან მინიმუმ ორჯერ მეტი ინცესტიცია იდება. მილიარდ ლარს, რომელიც რეალურად 30 ათას სამუშაო ადგილს შექმნის, პოტენციურად ამდენივე უნდა დავუმატოთ. უნდა გვესმოდეს, თუ რამდენად დიდი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკას სახელმწიფოს ინვესტირებით. ჩვენს მიერ ჩადებული პირდაპირი საინვესტიციო მილიარდის გარდა, მინიმუმ ერთი მილიარდის იმედი უნდა გვქონდეს კერძო სექტორის მხრიდან. სავარაუდოა, რომ სამუშაო ადგილები დაიკარგება კიდეც, მაგრამ ამ თანხით რეალურად შეგვიძლია შევქმნათ, დაახლოებით, 60-70 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი. აი, ეს არის სახელმწიფო ინვესტირების პროგრამის მთავარი არსი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ახლა მთავარია სწრაფი მოქმედება და დათბობისთანავე მშენებლობების დაწყება და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

"მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მთელი საქართველო სამშენებლო მოედნად უნდა გადავაქციოთ და მაშინ ჩვენი ეკონომიკა თავიდან აიცილებს იმ ფართომასშტაბიან კრიზისს, რომელიც დღეს უკრაინაში, უნგრეთში, ლატვიაში, თურქეთში რუსეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაშია. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი ეკონომიკური სტიმულირების თვალსაზრისით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მილიარდი ლარის ტენდერები ცხადდება. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მილიარდი ლარი ქართულ ეკონომიკას მოხმარდება.

"მსურს მივმართო სამშენებლო კომპანიებსა და სხვადასხვა კონტრაქტორებს, რომლებიც ინფრასრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ, ქართველ ინჟინრებსა და მშენებლებს, ყველა სფეროს სპეციალისტებს - მილიარდი ლარი გამოიყოფა იმ სფეროების დასაფინანსებლად, რომლებშიც თქვენ მუშაობთ. ბევრი თქვენგანი ელის სამუშაო ადგილს, ბევრი თქვენგანის სამუშაო ადგილს საფრთხე ემუქრება; ეს არის შანსი ყველასათვის გადავარჩინოთ თქვენი ოჯახების შემოსავალი, გადავარჩინოთ ქართული ეკონომიკა. ამიტომ ჩვენი მთავარი კურსი მიმართული უნდა იყოს, ამ პროცესში ქართული კომპანიების მაქსიმალურად ჩართვისკენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზე, რომ მშენებლობები, ძირითადად, უცხოური კომპანიები და სპეციალისტები აწარმოებდნენ. მისი თქმით, ახლა დროა, წინ წამოიწიოს ქართული კომპანიები, შეკვეთები ჩვენმა საწარმოებმა შეასრულოს, რათა ქართველი სპეციალისტები დასაქმდნენ. ამ მხრივ, ლევან ვარშალომიძემ პრეზიდენტს აღუთქვა, რომ აჭარაში განსახორციელებელ პროექტებში 20-ზე მეტი ქართული სამშენებლო კომპანია იქნება ჩართული. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მკაცრად გააკონტროლებს ტენდერების ჩატარების პროცესს, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ, სამართლიანად და პატიოსნად წარიმართოს.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ქართული საფინანსო სისტემების მდგრადობასა და სტაბილურობაზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ საბანკო სექტორი და ვალუტის კურსი საქართველოში სტაბილურია და ეს ძალზე დიდი მიღწევაა იმ ფონზე, რაც საქართველოს გარშემო ქვეყნებში ხდება. მისი თქმით, დიდი მიღწევაა ის, რომ საქართველოში ბუნებრივი გაზის პრობლემა არ აქვს, მაშინ, როდესაც გაზი მთელ ევროპას გათიშული აქვს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ უფრო ადრე მოახერხა ბუნებრივი გაზისა და ენერგორესურსების დივერსიფიცირება და ალტერნატიული წყაროს მოძიება, ვიდრე ევროპამ.

მისი განცხადებით, ცუდია, რომ ელექტროგადამცემი ხაზები წყდება, რადგან ძირითადი ქსელი მოძველებულია, მაგრამ ეს იმას მიუთითებს, რომ ამ მხრივ მასშტაბური ინვესტიციები ენერგოპროს, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს საერთო კოორდინაციით განხორციელდეს, რათა მომავალ წლებში მსგავსი ავარიული მოვლენები გამოირიცხოს და ამ მხრივ, მაქსიმალურად ვიყოთ დაცული.

"ერთი რამ ფაქტია, რომ დენისა და ბუნებრივი გაზის წყაროების პრობლემა არ გვაქვს. ახლა მნიშვნელოვანია, შიდა ქსელები გვქონდეს მყარი. ეს ჩვენი შედარებითი უპირატესობაა. ჩვენი უპირატესობაა ენერგეტიკული დაცულობა, დაცული ფინანსური სისტემა და არაკორუმპირებული ეკონომიკა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ჩაატარეს გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ქრთამს იხდის 25 პროცენტი, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2-3 პროცენტს შეადგენს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის მაგალითმა გვიჩვენა, საქართველო დაცულია პოლიტიკური შანტაჟის შეტევისა და რისკებისგან - ზაფხულში საქართველო იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, ხოლო ახლა რუსეთის მსხვერპლი მთელი აღმოსავლეთ ევროპაა.

ეს იყო ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს დაუსახა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი საქართველოში გერმანიიდან მომავალ კვირას დაბრუნდება და მისი დაბრუნების შემდეგ გაიმართება სამუშაო სხდომები, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიაზე იქნება მსჯელობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს თავიდან უნდა ავაცილოთ ის ეკონომიკური კატასტროფა, რომელიც დღეს ევროპას თავს დაატყდა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანა და მიზანი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური