საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა

1/31/2009

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მომუშავე ქართველ ეკონომისტებსა და ბანკირებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ის კონკრეტული გეგმები იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის, ბიზნესგარემოს შესაქმნელად და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დასაძლევადაც უნდა განახორციელოს. როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც აისახება და სამუშაო ადგილები რომ არ შემცირდეს, საქართველოს მთავრობა გაძლიერებული ძალისხმევით მუშაობს. "ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას,შეეკრიბა უცხოეთში მოღვაწე ჯგუფი, ჩვენი ეკონომისტები,საბანკო და საფინანსო სექტორში მომუშავე სპეციალისტები,რადგან განგვეხილა ის პრობლემები, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე უკვე წარმოქმნილ და უახლოეს მომავალში მოსალოდნელ სირთულეებს ეხება.

იმას,თუ როგორ უნდა მოვახერხოთ სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი საწარმოების გახსნა, დღეს საქართველოსთვის არსებობს რამდენიმე პრიორიტეტი,

ყველაზე დიდი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნაა, ამისთვის საქართველოს სჭირდება პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, საბანკო სექტორის გამართული ფუნქციონირება" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთიდან, ბალტიისპირეთიდან, შუა აზიისა და სხვა ქვეყნებიდან ბევრი საქმიანი ადამიანი აპირებს საქართველოში დაბრუნებას და თავიანთი ბიზნესების გადმოტანას.

დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შესაბამისი ბიზნესგარემოს არსებობისა და ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ სისტემასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მათი საქართველოში ჩამოსვლა პატრიოტული მისიაა და საქართველოს ხელისუფლება მზად არის მათ მთელი სერიოზულობით მოუსმინოს.

"თქვენ უცხოეთში თქვენი პროფესიებით მიაღწიეთ წარმატებას, ამასთანავე გარედან ყველაფერი უკეთ ჩანს.საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები უკეთესად ხედავენ მიმდინარე პროცესებს.

ჩვენ ყველამ ჩვენს სამშობლოს უნდა მივხედოთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაადვილდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება მათთვის, ვისაც აქვს უცხოეთის მოქალაქეობა, ამისათვის ელემენტარული პროცედურაა გასავლელი სამოქალაქო რეესტრში. კრიზისის ფონზე უფრო მოქნილები უნდა გავხდეთ, მთავრობის დავალება უფრო უკეთესად მუშაობაა. თქვენი აქ გამოსვლა პატრიოტული მისია, ბევრი რამ თქვენ შეგიძლიათ უკეთესად გაითავისოთ. ჩვენ მზად ვართ,თქვენ მოგისმინოთ, გავითვალისწინოთ თქვენი რეკომენდაციები"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური