დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სადისპეტჩეროს ეწვია. პრეზიდენტის ვიზიტის მიზეზი გახდა გუშინდელი ავარია, მოკლე ჩართვა ქართლი-2 ხაზზე, რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროენერგია გარკვეული დროის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. მიხეილ სააკაშვილი პირადად დაინტერესდა, რამდენად გამართულად მუშაობს ელექტროსისტემა და რამდენად მდგრადია გადამცემი ხაზები. ასევე, გუშინდელი დაზიანების თაობაზე მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც ენერგეტიკის მინისტრისგან მიიღო. პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა იმ ფაქტით, რომ საქართველოში უფრო ოპერატიულად აღმოიფხვრა ქარისგან გამოწვეული ავარიის შედეგები, ვიდრე საფრანგეთში იგივე მიზეზით გამოწვეული დაზიანება. ხეთაგურის თქმით, ავარიის შედეგების აღმოფხვრა 40 წუთში გახდა შესაძლებელი. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ეფექტიანი მუშაობის შედეგია, რისთვისაც ალექსანდრე ხეთაგურს მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.
მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა სადისპეტჩერო განყოფილება, საიდანაც მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემა იმართება.
"ელექტროგადამცემი ხაზები იმდენად მდგრადი უნდა იყოს, რომ სტიქიით გამოწვეული ავარიების ნეგატიური შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს ერთი. მეორე, სისტემის მდგრადობა უნდა უზრუნველვყოთ 500-კილოვატიანი ხაზით, რათა ალტერნატიული სამი ხაზი გვქონდეს და გათიშვის ალბათობაც მინიმუმამდე დავიყვანოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა, რამდენი ბრიგადა მუშაობს-ხოლმე დაზიანების შედეგების აღმოფხვრაზე. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, დაზიანების შემთხვევაში 12 ბრიგადა მუშაობს, რაც სავსებით საკმარისია.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური