საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ სუჯუნში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაესწრო. გერმანული ტექნოლოგიით დაგებული ბეტონის 26-კილომეტრიანი გზა გურიასა და სამეგრელოს ერთმანეთს დააკავშირებს.სამუშაოებზე ადგილობრივები დასაქმდებიან. ახალი გზები საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაიგება. "საქართველოს ყველა სოფელში კარგი გზით მივალთ, რადგან ეს ასაქმებს ხალხს და სხვანაირი ცხოვრება მოაქვს სოფლებში", - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი კვირის მოვლენებს პირველად გამოეხმაურა და რეგიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე დიალოგსა და ერთობაზე განცხადება გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბადრი ბიწაძის უკრაინაში გამართულ შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში სახელმწიფოებრიობა, ძლიერი სახელმწიფო შეიქმნა, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ახლა არა ნგრევის, რადიკალიზმის, არეულობისა და ურთიერთქიშპობის, არამედ აშენებულის შენარჩუნებისა და ახლის შენების, დიალოგისა და ერთიანობის დროა, რადგან, მტერს არა მხოლოდ არ სძინავს, არამედ აგერ ბუჩქებშია ჩასაფრებული, გარინდული და კალაშოვებს, მამთაჯებს და ვიღაცეებს გვიგზავნის.
„ვიღაც მამთაჯები, კალაშოვები, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძველი ბიჭები, რევანში წყურვილით შეპყრობილები საქართველოში ვერაფერს ვერ შეცვლიან, რადგან ახლა სულ სხვა ეპოქაა, ეს არ არის 1991 წელი, წინა წლებში ჩვენ შევქმენით სახელმწიფოებრიობა, ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, ახლა ნგრევის დრო არ არის, არ არის რადიკალიზმის დრო, საქართველოს მტერი ბუჩქებშია ჩასაფრებული,ნურავის ექნება ილუზია,რომ სახელმწიფო ოდნავ მაინც სუსტია. ჩვენ დავიცავთ საზოგადოებასა და მშვიდობას საქართველოში, მსოფლიო კრიზისის ფონზე შევინარჩუნებთ და განვავითარებთ საქართველოს ეკონომიკას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური