საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჯონ ტანერს შეხვდა

4/6/2009

საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში მიხეილ სააკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯონ ტანერი მიიღო. განხილვის თემა ნატო-საქართველო ურთიერთობა, ქვეყნის უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჯონ ტანერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მოლაპარაკების პროცესში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის დამოკიდებულება და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

"ჩვენ ნატოსთან ინტეგრაციის ისეთ გზაზე დადგომა მოვახერხეთ, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობდით. სტრასბურგის სამიტის ბოლო გადაწყვეტილება, პრეზიდენტ ობამას, ასევე ახალი და ძველი გენერალური მდივნების განცხადებები, ოპტიმიზმის ძალიან სერიოზულ საფუძველს გვაძლევს. რეალურად, თუკი ადრე მთავარი საკითხი იყო ის, მიიღებდა თუ არა საქართველო მაპ-ს, ამ დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ საქართველოს გზა ნატო-სკენ გადის არა პირდაპირ მაპ-ზე, არამედ ნაო-საქართველოს კომისიის მუშაობასა და ყოველწლიურ მოხსენებაზე, რომელსაც ეს კომისია გააკეთებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წინააღმდეგ მიმართული დიდი პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ გაეხსნა გზა. ეს არის გზა სტაბილურობისკენ; ეს არის გზა საქართველოსა და მთელი რეგიონის დაცვისკენ; ეს არის გზა ჩვენი უზრუნველყოფილი მომავლისაკენ. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ამას წინათ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ჩამოიტანა სრულიად ახალი პაკეტი, რომლის განხორციელება საქართველოს დაეხმარება შექმნას ხარისხობრივად სრულიად განსხვავებული, უფრო მაღალი დონის არმია. ეს არმია გამოადგება საქართველოს და ასევე თითოეულ ჩვენს მოკავშირეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ ტანერთან შეხვედრისას.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევისათვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობის წევრებთან შეხვედრებით ძალზე კმაყოფილი დარჩა.

"თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია. მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. ჩვენთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დიდი სურვილი მქონდა. დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი დავეხმაროთ საქართველოს საკუთარი მიზნების მიღწევაში. აღფრთოვანებული ვარ იმ პროგრესით, რომელიც დემოკრატიის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობის მხრივ შეიმჩნევა თქვენს ქვეყანაში. დღევანდელი ვიზიტი ჩვენი აშკარა მხარდაჭერის გამოხატულებაა საქართველოს მიმართ", - აღნიშნა ჯონ ტანერმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური