ვარშავაში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა

4/30/2009

ვარშავაში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის მეორე დღე გაიხსნა. ფორუმში ევროპის ყველაზე გავლენიანი ლიდერები მონაწილეობენ. მათ შორის ნიკოლა სარკოზი, ანგელა მერკელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო. ლიდერებს ერთ-ერთმა პირველმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ევროპის ერთიანობაზე ისაუბრა და აგვისტოს ომის დროს ევროპის თანადგომაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილმა კოლეგებს რუსეთზე ზეწოლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ხუთმა ევროპელმა ლიდერმა,მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ მათ თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ,თუ საქართველო საჰაერო სივრცეში შემოვიდოდნენ, გადაწყვეტილება არ შეცვალა და ჩამოვიდნენ და გვაჩვენს ევროპელების სოლიდარობა. ამას არასოდეს დავივიწყებთ.

ჩვენ დაგვსაჯეს იმისათვის, რომ ვაშენებთ დამოუკიდებელ სახელმწიფოს იქ, სადაც არავინ არ მოელოდა ამას. დაგვსაჯეს იმისათვის,რომ აღმოვფხვერით კორუფცია იქ, სადაც კორუფცია მარადიული ეგონათ. ვქმნით დემოკრატიას იქ, სადაც ყველას წარმოდგენით ან სრული დიქტატურა უნდა იყოს, ან ძალადობა და ქაოსი. იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა შეძლო თითქმის შეუძლებელი. ჩვენთვის ევროპისაკენ სვლა ნიშნავს თავისუფლებისაკენ ბრძოლას. ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისათვის, ვერცერთი ოკუპანტი და აგრესორი, ტანკები და ბომბები ვერ შეაჩერებს." -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და ერთიანი ევროპა მსოფლიოში მშვიდობის გარანტია. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ გარე საფრთხეებზე, რომლებიც არსებობს რუსეთის მხრიდან, რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.

"რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი ორასი თვითმფრინავით ბომბავდა საქართველოს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მაინც ვითარდება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებულია, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ხუთასი ათასი ადამიანი გამოაძევეს. პროვოკაციები ახლაც ხდება, საფრთხე დღესც გვემუქრება, რუსული ტანკები თბილისთან სულ რაღაც ორმოც კილომეტრზე დგანან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერებას, შევქმენით ქვეყანა, რომელიც სამხრეთ კავკასიში სამაგალითოა,` - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რუსეთი არ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მისი დელეგაცია ვარშავაში წარმოდგენილი იყო ერთი ადამიანით. დღეს კონგრესზე გამოჩნდა დუმის დეპუტატი კონსტანტინე კოსაჩოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ მართალია, ევროპელი ლიდერები ხშირად აკრიტიკებენ რუსეთს საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ეს მცდარი აზრია. კოსაჩოვმა საქართველოში მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს საქართველოს შიდა პოლიტიკაში არანაირი ინტერესი.

კონგრესის დასრულებს შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის შეხვდა, ხოლო ვიზიტის დასასრულს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური