საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში

5/16/2009

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში "G11"-ის სამიტს დაესწრო და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.

"მადლობას გიხდით სამიზე მოწვევისთვის. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ერთად მოვძებნოთ გამოსავალი. საქართველო ჯერ კიდევ არ გამოსულა კრიზისული ვითარებიდან. ჩვენი ქვეყანა, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, განიცდის ეკონომიკურ კრიზისს, თუმცა მდგომარეობა არ არის იმდენად მძიმე, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენთან არ არის რეცესია - ამ პირობებშიც კი, შეინიშნება ეკონომიკური ზრდა. ჩვენ დავძლიეთ კორუფცია, შევქმენით ენერგეტიკულად სტაბილური სისტემა, გაზის ტრანზიტის უსაფრთხო ქსელი, ასევე შევამცირეთ გადასახადები. ყატარის, გაერთიანებული საემიროებისა და ჰონკონგის შემდეგ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, სადაც დაბალი ტარიფებია. ამ ვითარებამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა შოკში არ ჩააგდო. ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს რეფორმებს, რათა მივაღწიოთ ეკონომიკური სისტემის სრულ ლიბერალიზაციას. ამასთანავე ვახორციელებთ სოციალურ რეფორმებს, რათა საქართველო ღია და გამჭვირვალე ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდეს, რომელშიც არ იქნება კორუფცია და იქნება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით დაცული კონკურენტუნარიანი გარემო, როგორც ამას დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა მოითხოვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმში მონაწილეობით ქვეყანას ახალ პერსპექტივები გაეხსნება და ინვესტიციების რაოდენობაც გაიზრდება.

სამიტზე ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება მიიღეს. სამთავრობათაშორისო დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა მოაწერა ხელი. ხელშეკრულება ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. ხელმოწერის ცერემონიალს იორდანიის მეფე აბდულა მეორე დაესწრო, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი პირადად წარადგინა.

მიხეილ სააკაშვილი იორდანიაში ამერიკელ სენატორ ჯონ ქერის შეხვდა. დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა კონფლიქტების, საქართველოში არსებულ ვითარებასა და ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

„განვიხილეთ ეკონომიკური საკითხები და ის ვითარება, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ასევე ვისაუბრეთ აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა ქერიმ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს. მან იმედი გამოთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება მალე გამოსწორდება.

"ქართულ მხარესთან ამ მხრივ პროდუქტიული ურთიერთობა გვექნება. საქართველოსთან ვაწყობთ ურთიერთობას, როგორც დემოკრატიულ ქვეყანასთან; იმ სახელმწიფოსთან, რომლის დემოკრატიაზეც სერიოზული პოლიტიკური ხემოქმედება ხორციელდება. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი სწორედ ამ წინააღმდეგობებს აწყდება", - აღნიშნა მან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური