ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი საქართველოს ესტუმრა

6/23/2009

საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ესტუმრა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან მთელი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს. ვალდას ადამკუსი პირისპირ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა და ვალდას ადამკუსმა მთაწმინდაზე ვილნიუსის სახელობის სკვერი გახსნეს.

როგორც ომის დროს, ისე მის შემდგომ პერიოდში თანადგომისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მიხეილ სააკაშვილმა მას მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტვა დღესაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს და საერთაშორისო სივრცეში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს. მიხეილ სააკაშვილმა ლიტველ კოლეგას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.

ლიტვისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სკვერში შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს.

"შარშან აგვისტოში, მაშინ, როდესაც 80 ათასი დამპყრობელი ჯარისკაცი, 2000-ზე მეტი ჯავშან-ტექნიკა და 200 თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ ქართველი ხალხი დროშებით ხელში იდგა. იდგა იმის მიუხედავად, რომ თბილისს დაბომბვით ემუქრებოდნენ. ეს იყო ჩვენი ხალხის გამოწვევა მთელი მსოფლიოს დასანახად - საქართველო არასრდოს არ დანებდება თუნდაც ყველაზე მრავალრიცხოვან მტერს. მინდა პატივი მივაგო გედიმინას კირკილასს. როდესაც რუსებმა გამოაცხადეს, რომ თბილისის აეროპორტს დაბომბავდნენ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: "კარავი დამიდგით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ზოლზე ან თბილისის რომელიმე მთავარ ხიდზე, საქართველოს ტელევიზიით გამოაცხადეთ, რომ ამ კარავში ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხოვრობს და თუკი თბილისს დაბომბავენ ის აქ მოკვდებაო". ის იყო კარვის დადგმის ყველაზე მართებული სურვილი, რომელიც როდესმე ვინმეს გამოუთქვამს. ასეთ კარვებს ჩვენ მივესალმებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახლადგახსნილ სკვერში ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

"ჩვენ გვახსოვს რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ქვეყანას კვლავ საფრთხე ემუქრება. დღევანდელ საქართველოს უფრო მეტი დაცვა და მშვიდობა სჭირდება, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ევროპულ ქვეყანას. დაე, ეს სკვერი, რომელიც ვილნიუსის სახელს ატარებს, ლიტველი და ქართველი ხალხის მეგობრობის სიმბოლო გახდეს. გისურვებთ, რომ მამაცმა და ენერგიულმა ქართველებმა გააგრძელოთ ოცნების გზა დამოუკიდებლობის მშვიდობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. თქვენ მილიონობით მეგობარი გყავთ ლიტვაში და მილიონობით მხარდამჭერი მთელ მსოფლიოში", - აღნიშნა ვალდას ადამკუსმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური