მთავრობის გასვლითი სხდომა აჭარაში გაიმართა

7/3/2009

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის გასვლითი სხდომა აჭარაში, სასტუმრო "ჰაიატის" მშენებლობის ადგილზე გამართა. მთავრობის სხდომაზე განიხილეს ხელისუფლების 5-პუნქტიანი ფინანსური პაკეტის ეფექტურიანობის საკითხი, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო სექტორის სტიმულირებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას და მშენებლობის ტემპების ზრდის მიზნით ინვესტიციების მოზიდვას.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკაში დღეს გამოცოცხლება შეიმჩნევა და ინვესტორებსა და ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკაში ფულის ჩადებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სასტუმროების მშენებლობის დღევანდელი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, აჭარა 2-3 წელიწადში 2 მილიონ ტურისტს მიიღებს.

"ბათუმი მთელ ევროპაში, თითქმის, ერთადერთი ქალაქია, სადაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა. ბათუმში სერიოზულად გაიზარდა მშენებლობის ტემპები და ეს დანარჩენი საქართველოს განვითარების ბიძგი უნდა გახდეს"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"საქართველოს მტერს ორი ინტერესი აქვს - ქვეყნის ოკუპაცია და ჩვენი ეკონომიკის ჩამოშლა. პირველი - მტერმა საერთაშორისო აგრესიის და ინტერვენციის გზით ოკუპაცია მოახდინა და ეს ყველამ დაგმო. ერთადერთი შანსი ყვავის გათეთრებისთვის ისაა, თუ საქართველო თავად იტყვის, რომ თვითონ არის დამნაშავე. სხვაგვარად ყველამ აღიარა, რომ საქართველო მართალია. ამას რუსეთშიც აღიარებენ, თუმცა, ამავე დროს, ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მართვა სურთ და მთავრობას ადანაშაულებენ. შეიძლება მე რაღაც არასწორ წიგნებზე აღვიზარდე, მაგრამ ისტორიულად, ასეთ საქციელს ერთი სიტყვა ეწოდებოდა, რომელსაც ახლა მე არ ვახსენებ. ასეთ ადმიანებს, ვინც მსგავს რამეს აკეთებდნენ, ასევე ეწოდებოდათ ზედსართავი - ზუსტად ერთი სიტყვა. მტერი არ არის სპონსორი და ინვესტორი, ხოლო ვინც ასეთ საქციელს ჩადის, ის არ არის პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი ან მიმომხილველი.

მტრის მეორე ინტერესი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა და მისი შიგნიდან დანგრევაა. იმ პირობებში კი, როცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს, მუდმივი საუბარი ეკონომიკის საბოტირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი გატარება იმ პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს მოწინააღმდეგეს სურს. დღისით, მზისით შემოგეჭრა ოჯახში ჯაყო და ეპატრონება შენს ქონებას. ყოველ ასეთ ჯაყოზე მსოფლიოში არის რამდენიმე პოლიცია, რომელიც ადრე თუ გვიან მას, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, აუცილებლად მოუვლის. თუ რა თქმა, უნდა თავად არ ჩავიწერთ ოჯახში, არ გავუღებთ კარს ან არ შემოვაძვრენთ ფანჯრიდან, როგორც ამის ქტიური მცდელობა ჰქონდა ზოგიერთ ჩვენ ვაჟბატონსა თუ ქალბატონს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკის განვითარების მიზნით მთავრობის ეფექტური მუშაობისა და საერთაშორისო ბაზარზე სწორი მოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ბათუმის სწრაფი ტემპებით განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ქალაქში „საკნები" არ დგას.

„უნდა ავირჩიოთ, „საკნების" აშენება გვინდა თუ სასტუმროების, რომლებიც ასობით ათას ადამიანს დაასაქმებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში გუშინ გამართულ შეხვდრას გამოეხმაურა, რომელზეც საქართველოს ხალხთა ასამბლეამ და რუსეთის ხალხთა ასამბლეამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

"მოსკოვში გუშინ გამართულ შეხვედრაზე არც ერთი რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი არ ყოფილა. მოსკოვში შეიკრიბა საეჭვო ჯგუფი ქართული გვარის და სახელის მატარებელი, ქართულად აქცენტით მოლაპარაკე ჩვენი თანამემამულეებისა. იქ საინტერესო სახეები დავინახე. მოსკოვში ბევრი წარმატებული ქართველია, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ხელს არ აღმართავენ. გუშინ შეხვედრაზე იჯდა ერთი ძველი "კგბ-შნიკი", რომელიც რვა წლის განმავლობაში შევარდნაძის, საქართველოს ელჩი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ნიუ-იორკში. ოფიციალურად "კგბ"-ს პოლკოვნიკი იყო, თვითონ კი ამბობდა, რომ გენერალი ვარო. ჩვენ გავარკვიეთ, რომ რეალურად პოლკოვნიკი იყო. ყველა დროის "კგბ-შნიკი", ყველა დროის კორუმპირებული ძველი ელიტის წარმომადგენელი, ყველა დროის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ელემენტი ახლა ერთიანდება. ეს ჩვენი სიძლიერის ნიშანი უფროა ამ ეტაპზე, ვიდრე ჩვენი სისუსტის. ეს ნიშნავს იმას, რომ ციხის შიგნიდან გატეხვის, ქართველი ხალხის კონსოლიდაციის შერყევის, რეალურად გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური სპექტრის ქართველ საზოგადოებასთან გაუცხოების, საქართველოში პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისის გამოწვევის ყველა მცდელობა განწირულია. საქართველოს ახლა საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია, თუნდაც გასულ წელს, ომის წინ. საქართველო ევროპული დონის სახელმწიფოა და ის მთელ რეგიონში გამონაკლისს წარმოადგენს."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის ნათქვამიც გაიხსენა, რომ შარშან საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციაში 120 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

"ზოგიერთი ქართველი "მოღვაწე და პოლიტიკოსი" თავისი პოლიტიკური საქმიანობისთვის ფულს საქართველოს მტერს ემათხოვრება, ბოლო კვირებში ამის მოწმეა ყველა და ეს ფაქტი ეჭვს აღარ იწვევს. როდესაც პირველად შევამჩნიეთ ჩვენი ესა თუ ის ცნობილი მოღვაწე საქართველოს დაპატრონების მსურველ "ჯაყოსთან", მათი პირველი რეაქცია იყო ის, რომ ჩვენ ეს არასწორად აღვიქვით. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის მონტაჟი და მერაბიშვილის დადგმული პროვოკაცია. მას მერე, რაც "ჯაყო" ღიად გამოჩნდა ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, მერე უკვე თქვეს, რომ მასთან პირადი შეხვედრები ჰქონდათ. ამ შეთხვევაში "ჯაყო" კოლექტიური სახელია, რომელიც ზუსტად ახასიათებს დღეს საქართველოს მოწინააღმდეგეს. პირველად მესმის ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამანგრეველ მტერს, ინვესტორს და სპონსორს უწოდებდე. ეს მტრის რაღაც ახალი დასახელებაა - ინვესტორი და სპონსორი. ამავე დროს,ამით სპობ რეალური ინვესტიციის ყველა შანსს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საქართველო ისევ ვითარდება.

" მინდა ყველას გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ჩვენ არა მხოლოდ მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე ვმუშაობთ, არამედ საქართველოს გადარჩენაზე, გაძლიერებასა და გამთლიანებაზე. საქართველოს, გარეშე მტრებთან ბრძოლის და გმირობის, დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს. ასევე, ჩვენი ქართველი მოღვაწეების მხრიდან ყველაზე უფრო ამაზრზენი ღალატის გამოცდილებაც გვაქვს. თუმცა ყოველ მოღალატეზე ყოველთვის რამდენიმე პატრიოტი იყო. ქვეყანა ვერ გადარჩებოდა, ისინი რომ უმრავლესობაში ყოფილიყვნენ. ისინი ვერასდროს ვერ იქნებიან უმრავლესობაში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. სადაც არ უნდა შეიკრიბონ, მოსკოვში, ბერლინში, კიევში, თუნდაც თბილისში, ეს არაფერს ცვლის - ჩვენ მაინც გავაგრძელებთ წინსვლას", - განაცხადა პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური