საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

7/11/2009

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლის ახალ შენობაში 70-მდე წარმატებულ მოსწავლეს - სასკოლო ოლიმპიადების ფინალისტებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულებს უმასპინძლა და შენობა პირადად დაათვალიერებინა. მათთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მშენებლობას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდა და სახელმწიფოს მთლიანი ხარჯის დაახლოებით 0,17 პროცენტი დაიხარჯა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს პირველი საპრეზიდენტო სასახლეა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში აშენდა და ის საქართველოს სიმბოლო უნდა გახდეს.

"მინდა გვესმოდეს, რომ ეს არის ორი ათასი წლის განმავლობაში პირველი დიდი სახელისუფლებო დაწესებულება, რომელიც ააშენა დამოუკიდებელმა საქართველომ. ქართველები ოდითგან ვიბრძოდით და მსგავსი მშენებლობებისთვის არ გვეცალა. ჩვენ ისევ ჩავერთეთ ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის ბრძოლაში, მაგრამ თუ დღეს ცალი ხელით ვიბრძვით, მეორეთი ვაშენებთ. თანამედროვე სამყაროში ბრძოლა და ამ ბრძოლაში გამარჯვება შეუძლებელია დიდი აღმშენებლობის გარეშე - თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ეკონომიკისა და თანამედროვე ინსტიტუტების მშენებლობის გარეშე. ამ შენობას ხუთი წელი ვაშენებდით იმის გამო, რომ არ ვჩქარობდით. ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ ყველაზე მეტი სკოლა, გზა, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედანი ვიდრე აშენებულა, ოდესმე. ამის აშენებას კი არ ვჩქარობდით, რადგან, უპირველესად, უნდა აგვეშენებინა ყველაფერი დანარჩენი.

მესმის, რომ ქვეყანაში ხალხს ძალიან უჭირს და მაშინ, როდესაც მსოფლიო კრიზისი მძვინვარებს, ჩნდება კითხვა: რა დროს სასახლეებზე ფულის ხარჯვაა? მინდა იცოდეთ, რომ ამ სასახლის აშენება თანხობრივად, ბოლო წლების განმავლობაში გაწეული მთელი საბიუჯეტო ხარჯის ერთი პროცენტის მეხუთედზე ნაკლები - 0.17 პროცენტი დაჯდა. ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩვენი წლიური ბიუჯეტი დაახლოებით, 10-ჯერ გაიზარდა. ეს არ არის მდიდრული სასახლე, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და ყველაზე თანამედროვეა დღევანდელ სამყაროში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მოსწავლეთა ყურადღება ახალ ქანდაკებასაც მიაპყრო, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლების სამ შტოს - სასმართლო, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს განასახიერებს.

"ქანდაკება, რომელიც მუდმივად ტრიალებს, ყოველ ჯერზე საკუთარ მხარეებს სხვადსხვანაირად დაანახებს ქართველ ხალხს. ამათგან არც ერთმა შტომ არ უნდა მოიპოვოს სრული უპირატესობა, სხვაგვარად, საქმე წავა ცუდად.

აღმასრულებელ ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება კონტროლი; კონტროლის გარეშე მას ყველაზე უფრო კეთილი მიზნების განხორციელებაც გაუჭირდება და, შეიძლება, სწორ გზას აცდეს.

თუკი საკანონმდებლო ხელისუფლება ყველაფერს საკუთარ ხელში აიღებს, შესაძლოა, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების და სერიოზული კორუფციის წყარო გახდეს.

ის სასამართლო სისტემა კი, რომელიც კანონზე მაღლა დადგება, არ შეიძლება იყოს სამართლიანი, რადგან სამართლიანობა ეფუძნება კანონს და წესებს. მართალია, წესები და კანონები ადამიანების მიერ ძალიან დიდი მსჯელობისა და გამოცდილების გათვალისწინების შედეგად არის დადგენილი, მაგრამ ისინი არ ეფუძნება კონკრეტულ ვითარებას - კონკრეტული ვითარება უნდა მოერგოს კანონს. ამიტომ, კანონის უზენაესობა არის თავისუფალი და მუდმივად განვითარებადი საზოგადოების დაცვის მთავარი გარანტი.

შენობის ფასადს, ჩემი ინიციატივით, დავაწერეთ "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". პირადად ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება და საქართველოს ისტორია ეს არის ბოროტების მუდმივი ბრძოლა სიკეთესთან. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის თავს ესხმოდენ ყველაზე უფრო ბოროტი და ფლიდი ძლიერი იმპერიები. საქართველო საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ვიცავდით როგორც საკუთარ სამართლიანობას და უფლებებს, ისე მეზობელი პატარა ერების სამართლიანობას და უფლებებს. დღესაც საქართველოს ბრძოლა არ არის მხოლოდ ჩვენი ბრძოლა - ჩვენ დიდ ბრძოლაში ვიმყოფებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მსოფლიო რუკაზე საქართველოს 0,47 პროცენტი უკავია. ჩვენს მტერს კი უნდა, რომ კიდევ 20 პროცენტი ჩამოგვაცალოს. მათ არაფერი არ გამოუვათ - ჩვენ ამ ნიშნულზე უნდა დავრჩეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ბავშვებთან ასევე იმ პარკის შესახებ ისაუბრა, რომელიც მომავალში რიყეზე აშენდება.

"წინა მთავრობის დროს ძალიან ბევრი უგემოვნო შენობა უნებართვოდ აშენდა. დიდი ბრძოლის ფასად ეს სიმახინჯე ავიღეთ, მეპატრონეებს კომპენსაციის სახით სხვაგან მივეცით მიწები და გადავწყვიტეთ პარკის გაშენება. თბილისის ცენტრი უნიკალური ადგილია მთელ მსოფლიოში. არ შეიძლება ქვეყნის დედაქალაქი ვიღაცის სიხარბეს და ფულის კეთების სურვილს გადავაყოლოთ. ახლა აქ კეთდება პირველი დიდი გამწვანებული პარკი, გზა ჩადის რიყეზე და ავაშენებთ ულამაზეს შუშის ხიდს, რათა არ შევზღუდოთ სხვა ულმაზესი ხედები. ასევე მთლიანად აღდგენის პროცესშია ძველი თბილისი. მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების დახმარებით, ახლა სამჯერ უფრო მეტი სამუშაო სრულდება, ვიდრე საბჭოთადროინდელ, 70-იანი წლების თბილისში და მას სრულად დაუბრუნდება პირვანდელი ბრწყინვალება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტურისტთა რაოდენობის გაზრდით, გაიზრდება ხალხის შემოსავალიც", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ბავშვებს პრეზიდენტის კაბინეტიც დაათვალიერებინა და განუმარტა, რომ აქ იმართება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ ამ ოთახში წყდება. პრეზიდენტმა მათ საქართველოს სომბოლიკაზეც გაუმახვილა ყურადღება. მან ნიკო ფიროსმანის სურათის გადმოტანის თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟის შესახებაც ისაუბრა:

"მუზეუმის საცავში ნიკო ფიროსმანის 147 სურათი ინახება. ხალხი აქ მთელი მსოფლიოდან მოდის და მინდოდა, რომ ეს შედევრი მათაც ენახათ, რადგან, მერწმუნეთ, აქ უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვიდრე, სამწუხაროდ, ეროვნულ მუზეუმში. ატყდა გნიასი, თითქოს, სააკაშვილმა მუზეუმიდან ფიროსმანი მოიტაცა - ღამით, ჩუმად მოიპარა. ფიროსმანის ნახატი ჩვენ ისევ მუზეუმში წავიღეთ, რადგან ის დროებით სარგებლობაში გვქონდა. სპეციალურად ამ სასახლისთვის ძალიან დიდმა ქართველმა მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა შექმნა მშვენიერი ნამუშევარი, რომელიც ამ შენობაში, ამ კედელზე ნებისმიერი შემდეგი პრეზიდენტის დროსაც ეკიდება".

მიხეილ სააკაშვილმა პატარებს ისიც განუმარტა, რომ ეს პრეზიდენტის რეზიდენცია არ არის, რადგან პრეზიდენტი ამ სასახლეში მხოლოდ იმუშავებს და არ იცხოვრებს.

"ეს არ არის რეზიდენცია, როგორც მას ხშირად უწოდებს ბევრი პოლიტიკოსი. რეზიდენციაში პრეზიდენტები ცხოვრობენ კიდეც, მაგრამ აქ მხოლოდ იმუშავებენ, თანაც, ხუთ-ხუთ წლიანი ვადით, როგორც ხალხი აირჩევს მათ. ამიერიდან, საქართველოს ყველა სკოლას რიგრიგობით მოვიწვევთ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ეს სასახლე დაათვალიერონ - მათ უნდა იცოდნენ, სად წყდება მათი ქვეყნის მომავალი", - საქართველოს პრეზიდენტი ბავშვებს ამ სიტყვებით დაემშვიდობა.

რეგიონებიდან საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ბავშვები მალე პატრიოტთა ბანაკებში გაემგზავრებიან, სადაც გართობისა და დასვენების გარდა, უცხო ენებსაც შეისწავლიან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური