საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სარადარო სისტემა გახსნა

7/21/2009

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სარადარო სისტემა გახსნა. ცერემონიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიეც დაესწრო. სისტემა ფრანგული "თალიზის" ფირმისაა და მისი დამონტაჟება ფრენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სარადარო სისტემის მშენებლობა საფრანგეთის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მშენებლობა ღირებულება 5 მილიონი ევრო დარჩა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა, თუ როგორ მოხდა სარადარო სისტემის დაზიანება გასული წლის ომის დროს და როგორ შეექმნა საფრთხე სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას მთელი ევრაზიის მასშტაბით.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი რადარი მსოფლიოში, რომლის დამონტაჟებაც ძალიან სწრაფად მოხდა. ერთ-ერთმა რუსულმა თვითმფრინავმა იმ 200-დან, რომელიც საქართველოს ბომბავდა, სამოქალაქო ავიაციის სისტემა მწყობრიდან სრულად გამოიყვანა. პრობლემა შეუქმნა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას მთელი ევრაზიის მაშტაბით. ისინი გვეუბნებიან, რომ მათ პრობლემა არ აქვთ და სურთ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. კეთილმეზობლური ურთიერთობა მინიმუმ საჭიროებს საზღვრებს. როცა მეზობელი შემოსულია, დაკავებული აქვს შენი სახლის რამდენიმე ოთახი და გეუბნება ახლა კეთილმეზობლური ურთიერთობა დავამყაროთო, ასე არ გამოვა. მინდა ყველა ქართველი დაფიქრდეს, სად უნდა დავამყაროთ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, სოფელ ოძისთან - ახალგორის რაიონში, სოფელ ორჭოსანთან - ქართლში თუ სოფელ განმუხურთან - სამეგრელოში? ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მდინარე ფსოუზე და მხოლოდ რიკოთის გვირაბის შუა პერიმეტრზე.

"ის სურათი, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, არის ჩვენს სახლში შემოჭრილი ჯაყო. რა გგონიათ, დათვს რომ ბაბაის დაუძახებ, მოეწონები და აღარ შეგჭამს? დათვი უნდა გააგდო, დათვთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ხოლო როცა ის ადამიანური სახით მოგიბრუნდება, ადამიანს ყოველთვის უნდა ელაპარაკო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური