დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში რუს რეჟისორს ანდრეი ნეკრასოვს უმასპინძლა. ანდრეი ნეკრასოვმა აგვისტოს ომზე რეალურ მასალებზე და ფაქტებზე დაყრდნობით, ორ საათიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. საქართველოს პრეზიდენტმა რეჟისორს ობიექტურობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში ამ ფილმისათვის კადრების მოსაპოვება რუსმა რეჟისორმა სიცოცხლის რისკის ფასად შეძლო. ანდრეი ნეკრასოვმა კი განაცხადა, რომ რუსი ხალხის მომავალი საეჭვო გახდება თუკი რუსეთი კავკასიის რეგიონში ურთიერთობას არ მოაგვარებს.
"თქვენი მხრიდან აქ ჩამოსვლა და ფილმის გადარება გმირობის ტოლფასი იყო,რადგან უსაფრთხოების პირობები არ არსებობდა. ამის გამო ბევრმა სიცოცხლეც გაწირა. თუმცა მსგავსი ფილმების გადაღება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს არა მარტო რუსეთში. მისი ადამიანთა გარკვეულ ნაწილს საქართველოშიც სჯერა. საამისოდ ევროპაშიც ბევრი ფული იხარჯება. ამის წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ იმ ხალხს შეუძლია, ვისაც კომპრომისტობა არ უყვარს და მთელ რიგ შემთხვევებში დინების საწინააღმდეგოდ მიდის. ბოლოს ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს. ვიცი, რომ საქართველოში თქვენი ფილმი ჩამოიტანეთ. დიდი სურვილი მაქვს და მოხარული ვიქნებოდი, თუ მას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ნახავდენ", - აღნიშნა საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა.
ანდრეი ნეკრასოვის თქმით, მან ფილმი როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის გადაიღო, მაგრამ მიაჩნია, რომ მას ქართველები უკეთ გაიგებენ ვიდრე რუსები, რადგან რუსეთის ხელისუფლებას არც თავად სურს მისი ნახვა და არც ის უნდა, რომ რუსმა ხალხმა ნახოს. "არადა", - აღნიშნა რეისორმა - "ჩვენი მოქალაქეებისათვის სიმართლის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია".
"მოგატყუებთ,თუ ვიტყვი, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს მტრად ითვლება. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ერის და ჩემს ინსტიქტებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დროებითი მდგომარეობაა. დროთა განმავლობაში ჭეშმარიტება იპოვის თავის გზას, მათ შორის რუსეთშიც, იმ რუსი პატრიოტების დახმარებით, რომლებიც სიმართლის გამოაშკარავებაში გვეხმარებოდნენ. უპირველესად, ეს ადამიანები რუსეთის პატრიოტები არიან. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უსინდისოდ იქცეოდნენ, მათ შორის ქართველებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი განვითარდეს, იყოს წარმატებული და, რაც მთავარია, დემოკრატიული. ამ შემთხვევაში ის გახდება საქართველოს პარტნიორი და სხვების ძიება არ იქნება საჭირო. ბუნებრივია, ჩვენ თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობთ, როდესაც რუსეთის მხრიდან დისტანციური საფრთხე არსებობს. საქართველო არასოდეს დანებდება რუსეთის სასარგებლოდ. თუ საქართველო დაეცა ეს არც რუსეთისთვის იქნება კარგი და არც რუსეთის მომავალი გახდება ამით უკეთესი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
"რუსეთის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რაც საქართველოს წინაშეა, ჩემთვის თქვენ ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარების იმედად რჩებით. აქ თავი შეგიძლია იგრძნო თავისუფალ ადამიანად - ადამიანისთვის მთავარი ხომ დემოკრატიაა. ეს ერთგვარი ტესტია ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. უბრალოდ ჩამოდით და ნახეთ, ეს თავისთავად ბევრის მაჩვენებელია", - აღნიშნა ანდრეი ნეკრასოვმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური