საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში ბეტონის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა

8/31/2009

ფოთში ბეტონის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გაიხსნა. კომპანია"პრაიმ ბეტონის"პრეზენტაციას დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ქარხნის პერსონალს გაესაუბრა მათი სამუშაო პირობებით დაინტერესდა. შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც გაიმართა. პრეზიდენტი დაინტერესდა რამდენად თავისუფალია ბიზნესგარემო საქმიანობის დასაწყებად. პრეზიდენტთან საუბრისას ქარხნის მესვეურებმა აღნიშნეს, რომ ლაბორატორიის სპეციალისტების, მაღალკვალიფიციური ტექნოლოგების თვალსაზრისით საქართველოში უნიკალური კადრებია.

"ამ ხალხს სამუშაო არ ქონდა 15 წელი. ჩვენ ეს პერიოდი ჩაგვივარდა და პრაქტიკულად, სპეციალისტთა მთელი თაობა გაჩერებული იყო. ეს ხალხი ათმაგი ენერგიით და ენთუზიაზმით მუშაობს. მათ არ უნდა გავუცრუოთ იმედები", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მრავალპროფილიან ქარხანაში 70-მდე ადამიანი მუშაობს. ქარხანა ათალწლეულის განვითარების ფონდის ფარგლებში ამუშავდა.

ახალი ქარხნიდან, მიხეილ სააკაშვილმა ფოთის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე გადაინაცვლა. ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტი სახელმწიფო სახსრებით უნდა აშენდეს. "დაახლოებით წელიწადნახევარში აქ აშენდება საქართველოში ყველაზე დიდი აეროპორტი. ჩვენი გათვლებით ზაფხულობით, ეს აეროპორტი უფრო მეტ მგზავრს და უფრო მეტ ტვირთს მიიღებს ვიდრე თბილისის, ერევნის და ბაქოს აეროპორტები. ეს ევროპასთან ყველაზე ახლომდგომი აეროპორტი იქნება, ამავე დროს გამორჩეული იქნება ტვირთგადაზიდვების რაოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ ამ აეროპორტის მშენებლობის დასრულებისას ბათუმი და მთელი ჩვენი სანაპირო ევროპის რუკაზე იქნება როგორც უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი, აქ ჩარტერული რეისები დაიწყებს ფრენას, ისევე როგორც თურქეთსა და ესპანეთში. აქ ჩამოვა ასობით ათასი ტურისტი. მინდა გითხრათ, რომ აჭარაში ტურისტების რაოდენობამ წელს 400 ათასს გადააჭარბა. წლის დამლევისათვის ჩვენ, დაახლოებით, იმავე მაჩვენებელს მივაღწევთ, რაც საბჭოთა დროს იყო, ხოლო მომავალ წელს ამ მაჩვენებელს გადავაჭარბებთ კიდეც. ადრე ვთქვი, რომ 2012 წელს 2 მილიონი ტურისტი გვეყოლებოდა, მაგრამ ამის გამო ზოგიერთებმა ტელევიზიით გამაკრიტიკეს. 2012 წლისთვის შესაძლოა 3 მილიონი და მეტი ტურისტიც გვყავდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალ აეროპორტში ტერმინალებისა და ადმინისტრაციული შენობის გარდა, უმაღლესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საფრენი ბილიკები იქნება, რითიც შესაძლებელი გახდება თითქმის ყველა სახის ავიალაინერს მიღება. უახლესი სანავიგაციო ტექნიკით აღჭურვილ ახალ აეროპორტს მუშაობა და თვითმფრინავების მიღება უამინდობის პერიოდშიც შეეძლება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური