საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმერეთს ესტუმრა

9/11/2009

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმერეთში ჩავიდა და ქუთაისის ავტოქარხანაში უცხოური კომპანიების მიერ გამოშვებული პროდუქციის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ ქარხანაში უახლოეს ხანში - 2011 წლისთვის 12 ათასი კაცი დასაქმდება.

"ამ ქარხანაში წარმოებული პროდუქცია დამზადებულია საქართველოში, ქართველების ხელით საქართველოს უკეთესი მომავლისათვის" -აღნიშნა საქართველოს პრეზიდნტმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ჩინელ ბიზნესმენებსაც შეხვდა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტში გაფორმდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უცხოელ ინვესტორებს პირადად მისგან არნახული მხარდაჭერა ექნებათ. მისივე თქმით, ქუთაისი არა მარტო სტატუსით, არამედ საქმიანობითაც ქვეყნის მეორე დედაქალაქის ფუნქციას შეიძენს.

იმერული ტურნე მიხეილ სააკაშვილმა თერჯოლაში, სოფელ სიმონეთში განაგრძო. დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში მწერლის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მასპინძლობა პრეზიდენტს დავით კლდიაშილის შთამომავალმა რეზო კლდიაშვილმა გაუწია.

"ჩვენ დაგპირდით გზას და დღეს აქ ჩვენ მოვედით ისეთი გზით, როგორიც დავით კლდიაშვილის პერსონაჟების ორღობეებს არ ჰგავს. თერჯოლაში ჩვენ ასევე მივხედავთ წყლის პრობლემებსაც. მსურდა 147 წლის იუბილე მიმელოცა მასპინძლისათვის, მაგრამ სამწუხაროდ არ დამხვდა, თუმცა დღეს აქ დამხვდით თქვენ და მოგილოცავთ, თქვენ უნდა იყოთ კარგად"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი ღვინის კომპანიას "ხარება" ესტუმრა და ახლადაშენებული ეკლესია მოილოცა.

დღის დამლევს, პრეზიდენტმა თერჯოლის რაიონულ ცენტრში სპორტის სასახლე გახსნა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური