საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მედეა ჩახავას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

9/12/2009

რუსთაველის თეატრში მედეა ჩახავას მისი ხელოვნების თაყვანისმცემლები ემშვიდობებიან. გარდაცვლილის ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუსამძიმრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, იგი მედეა ჩახავას ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია.

"არიან ადამიანები, რომლებიც 20 წლის ასაკში არიან მოხუცები. მქონდა პატივი პირადად შევხვედროდი მედეა ჩახავას და იმ ასაკშიც კი რომელ ასაკშიც იგი წავიდა ცხოვრებიდან, იყო ახალგაზრდა ადამიანი, იგი იყო შემოქმედებით ასაკში და ყოველთვის ახალს ქმნიდა. იგი იყო ენთუზიაზმით, ენერგიით, სიცოცხლითა და ოპტიმიზმით სავსე ადამიანი. ამიტომ ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. შესიძლება ადამიანს ჰქონდეს დიდი ასაკი, მაგრამ ისეთივე ახალგაზრდა იყოს, როგორიც იყო მედეა ჩახავა. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის წასვლა ამ ცხოვრებიდან, მით უმეტეს, ისეთი დიდი მსახიობის, რომელმაც უდიდესი ეპოქა შექმნა, დიდი დანაკლისია. მედეა ჩახავას სიტყვებითა და როლებით ბევრი თაობა აზროვნებდა ჩემი თაობის ჩათვლით. ეს ძალიან დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური