თბილისის 51-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ევა ბოლქვაძემ, პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა.
იგი დაინტერესდა იმით, როგორი მოსწავლე იყო პრეზიდენტი და როგორ გახდა წარმატებული. ასევე, პრეზიდენტის აზრით, როგორია თანამდეროვე სკოლა, რა მოსწონს და რა არა მას თანამედროვე ახალგაზრდებში. ევა ბოლქვაძე ასევე დაინტერსედა, როგორ წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მომავალი და რას უსურვებს იგი მოსწავლეებს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო აუცილებლად განვითარდება და იმაზე მალე გახდება სინგაპურისა თუ დუბაის მსგავსი, ვიდრე ეს სკეპტიკოსებს წარმოუდგენიათ. საქართველოს კარგი მომავალი აქვს და იგი აუცილებლად გახდება თანამედროვე, წარმატებული და განსაკუთრებული ქვეყანა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ახლა არსებობისთვის დიდ ბრძოლაშია - კეთდება გზები, სკოლები, საავადმყოფოები, მიმდინარეობს ქალაქების რეაბილიტაცია, ამ დროს ქვეყანას უწევს მზადება თავის დასაცავად.
მიხეილ სააკაშვილმა ყველა მოსწავლეს მშვიდობა და კარგად სწავლის შესაძლებლობა უსურვა. მისი თქმით, აუცილებელია მუდმივად სწავლა და კითხვა, რადგან წიგნს ვერც ტელევიზორი და ვერც ინტერნეტი ჩაანაცვლებს, თუმცა, მოსწავლეები ასევე ხშირად უნდა იყვნენ კომპიუტერთან და ინტერნეტთან.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მოსწავლეებმა რა თქმა უნდა, უნდა შეისწავლონ ქვეყნის ისტორია სათანადოდ და სხვა საგნები, მაგრამ აქცენტი ძირითადად, კონკურენტუნარიან საგნებზე უნდა გააკეთონ. მან ასევე ისაუბრა სასკოლო ოლიმპიადებისა და უცხო ენების შესწავლის მნიშვნელობაზე.
15 წლის მოსწავლემ მიხეილ სააკაშვილის მის მიერვე IX და X კლასებში ყოფნის დროს დაწერილი თემები გადასცა, რომელიც პრეზიდენტს, თავისმა მასწავლებელმა კალარა ჩხაიძემ გაუგზავნა.
მიხეილ სააკაშვილმა კი ევა ბოლქვაძეს მოსწავლეობის დროს მისი გამოშვებული ინგლისურენოვანი ჟურნალი აჩვენა, რომელშიც წერდა, რომ საბჭოთა კავშირი ავღანეთთან ბრძოლაში დამარცხდებოდა.
"მე აქ ვწერდი, რომ საბჭოთა კავშირი წააგებდა და ასრულდა კიდეც. ამ ომსაც წააგებს ეს ხალხი, უფრო სწორად მათ უკვე წაგებული აქვთ, უბრალოდ ჩვენ არ გაქვს ჯერ მოგებული, მაგრამ მოვიგებთ და უფრო ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე ავღანეთმა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური