საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

9/18/2009

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და საქართველოს ეკონომიკური გუნდის მინისტრებს შეხვდა. პრეზიდენტმა მათ მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა. როგორც პრეზიდენტმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, აუცილებელია პარლამენტში გაიმართოს სამთავრობო შეხვედრები, რომლებზეც შეჯერებული და გაანალიზებული იქნება ის ინფორმაცია, რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანომ ხალხთან დიალოგის შედეგად მიიღო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამთავრობო საათების ბოლოს იგი თავად წარდგება პარლამენტის წინაშე და დეპუტატებს უახლოეს მომავალში შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გააცნობს. მისი თქმით, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია, დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა ინვესტიციებისა და საკუთრების დაცვის თვალსაზრისით.

"ჯერ-ჯერობით ჩვენ შევქმენით შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს. ეს შესაძლებლობა უნდა იყოს შეუქცევადი. გთავაზობთ რომ უახლოეს დღეებში წარმოვადიგოთ ჩვენი ეკონომიკური პროგრამის შემდეგი ეტაპი, საკანონმდებლო და პრაქტიკული პოლიტიკური ასპექტები, რომელსაც წარვადგენთ პარლამენტში, წარვუდგენთ საერთაშორისო ეკონომიკურ თანამეგობრობას, რათა შევძლოთ უფრო მყარი გარანტიების შექმნა საკუთრებისთვის და ინვესტორებისთვის, ასევე შესაძლებლობების განმტკიცება, რათა საზოგადოებამ ეკონომიკური პირობები გაიუმჯობესოს. მაკროეკონომიკური მაჩვენებელი შეიძლება გაუმჯობესდა, მაგრამ, ზოგადად, მოხმარების დონე ჯერ კიდევ დაბალია. საბაჟო გადასახადებზე ეს ყველაზე კარგად აისახება. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ჯიბე ჯერ კიდევ ცარიელია. ახლა გაჩნდა შანსი რომ ეს ჯიბე შეივსოს. საჭიროა გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახოთ. ვიდრე ბოლომდე გავალთ საჭიროა ძალიან ენერგიული მოქმედება. საზოგადოების დაკვეთა ყველამ გაიგეთ რაც არის. პრობლემები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ამის წარმოადგენა შეიძლება, მაგრამ ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება, თუ კარგად ვიმუშავებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებისგან ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ამ მხრივ ვითარება სტაბილურია, რაც აისახა შიდა ბაზარზე. მისივე თქმით, ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის ვითარება მთლიანად დარეგულირდება. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა ეკონომიკური ზრდის წლევანდელი მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებს გაუთანაბრდეს. პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს კვირებში უნდა შედგეს ახალი გეგმა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტს წარუდგენს.

"როდესაც ვამბობთ რომ ჩვენი მთავარი არსი და მიზანი არის თავისუფლება, ეს ეკონომიკიური თავისუფლების შეუქცევადობაში, რეალური ეკონომიკური ქმედებების თავისუფლების გარანტიაში უნდა გამოიხატოს. ამისთვის თუ საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებებიც უნდა მივიღოთ" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური