საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში

11/7/2009

საქართველოს პრეზიდენტი ახალციხეში "მტკვარიჰესის" მშენებლობის დაწყების სამუშაოებს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ჰესის საძირკველში კაფსულა ჩადო, რომელშიც მისი მიმართვაა მოთავსებული.

28-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური "მტკვარიჰესი" ახალციხის რაიონის სოფელ საკუნეთში შენდება.

კომპანია "კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" მშენებლობაზე 70 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. სამშენებლო სამუშაობი 3 წელში დასრულდება.

მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურიც დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არის ყველაზე დიდი მშენებლობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ხოლო "მტკვარიჰესი" კი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტრო სადგური იქნება.

"ომის წლისთავზე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პიროებებში, იმ ფონზე, როცა მთელს რეგიონში ყველაფერი გაჩერებულია, როცა მთელ სამყაროს ეგონა, რომ ჩვენ დავმთავრდით და მზად ვართ, დავიჩოქოთ, ამ ხეობაში დიდი აღმშენებლობის დასაწყისია. ეს მშენებლობა საქართველოს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ახალ ენერგიას მისცემს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ჰესის მშენებლობა, შემდეგ კი მისი არსებობა დასაქმებულ ქართულ ოჯახებს ნიშნავს.

"მშენებლობას სამი ქართული კომპანიის კონსორციუმი ახორციელებს. აქ არის უცხოური ინვესტიცია. უცხოური ინვესტიცია კი მიდის იქ, სადაც მთავრობა და პოლიტიკური ვითარება სტაბილურია, ქვეყანას კი ლიბერალური ეკონომიკური გარემო აქვს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, სიღარიბიდან გამოსვლის ყველაზე სწორი გზა მშენებლობაა.

"ჩვენ მაგრები ვართ იმიტომ, რომ სხვას ვჭირდებით. საქართველო ვიღაცის პროვინცია არ არის. საქართველო ევროპული ქვეყანაა. ჩვენ ვაგრძლებეთ, თანამედროვე სტაბილური ქვეყნის მშენებლობას. ჩვენ ვართ ამ რეგიონის ცენტრი, გვაქვს ყველაზე დაბალი კორუფცია. რეგიონი არის დაწყებული ჩინეთიდან - აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით და შედის ახლო აღმოსაველთის დიდი ნაწილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საქართველომ ამ ყველაფერს მიაღწია, რადგან მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად დღე და ღამე მუშაობს.

"ჩვენ ვერ შევედრებით მტერს სისასტიკეში და არც ვაპირებთ ამას. ვერც იარაღის რაოდენობაში შევედრებით, რადგან მათ იმდენი იარაღი აქვთ, რამდენიც ქართულ მიწაზე საერთოდ არ დაეტევა. ჩვენ ბევრად უკეთ შენება და განვითარება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია თავაწეული სიარული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური