საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილისა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
სოფელ ტირძნისიდან დაბრუნებულმა პარტიის თავმჯდომარემ გიორგი თარგმაძემ პრეზიდენტს სოფელში არსებული ვითარება და იმ ბავშვების ოჯახების წევრების დანაბარები გააცნო, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სეპარატისტებმა გაიტაცეს.
გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ პრეზიდენტს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ხედვა გააცნეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს კონფლიქტის ზონაში არსებული კრიზისული სიტუაციების სისტემური მართვა.
„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა პრეზიდენტს სპეციალური კრიზისული მართვის ცენტრის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც მსგავსი პრობლემების დარეგულირებისთვის იმუშავებს.
პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, „ქრისტიან-დემოკრატებს" აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს, რათა ბავშვები სახლებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ, რაც, მისი თქმით, აუცილებლად ახლო მომავალში მოხდება."
"კარგ ამბავზე არ შევიკრიბებით. ეს არის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ჩვენი ბავშვების გატაცება. მინდა ხაზი გავუსვა, საოკუპაციო წარმომადგენლების მიერ და არა ე.წ. დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ.
არ არსებობს რეალურად არანაირი დე-იურე ხელისუფლება, როგორც ყველამ კარგად ვიცით, არსებობს რუსეთის საოკუპაციო ძალაუფლება, საოკუპაციო ჯარი, რუსეთის ფედერაციის ე.წ.სასაზღვრო ჯარი,
რომელიც ატარებს საოკუპაციო ხასიათს. მადლობელი ვარ თქვენი, რომ პირველი წუთიდან იჩენდით ამ საკითხისადმი ყურადღებას. მოვისმინე თქვენი კრიტიკული გამონათქვამები მთავრობის მიმართ და შემიძლია
დიდი ნაწილი გავიზიარო და მივიღო კრიტიკა. საქმე ეხება ჩვენს ბავშვებს, ყველაზე უფრო გასაფრთხილებელ და დაუცველ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა.
ამ ბანდიტებმა ძალიან ზუსტად აირჩიეს სამიზნე მოსკოვის დავალებით.
ძირითადი კომპენსაციების გაცემა ეხლა იწყება. სხვათა შორის პედაგოგები მართლა გმირულად იქცეოდნენ მთელი ეს პერიოდი და ეს დასაფასებელია.
რაც შეეხება ამ ბავშვებს, ჩვენ ხვალ გვაქვს საუბარი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან სწორედ ამ საკითხზე.
დღეს დავიბარეთ საფრანგეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და
მოვითხოვეთ საუბარი სარკოზისთან როგორც გარანტორთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, რომელიც თავზე გადაახია რუსეთმა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროკავშირს. მინდა ეს საკითხები დავაყენო და და იმ პროვოკაციებზე ვისაუბრო, რომლებსაც ადგილი აქვს.
ჩვენ გვინდა უფრო ხმამაღალი რეაქციები. დღეს ვნახეთ ევროკავშირის განცხადება, რაც არ არის საკმარისი. რას ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს იღებ ბერლინში და აღნიშნავთ ერთად ბერლინის კედლის დანგრევას?
ამ დროს ხონეკენი ამის მეოთხედს არ აკეთებდა, რასაც ესენი აკეთებენ აქ. ის კ,ი ბოლოს დაიჭირეს ევროპელებმა და დასდევდნენ მთელს მსოფლიოში" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური