საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესპანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ხოსე მარია ასნართან ერთად ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებს შეხვდა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სტუმრად არიან მნიშვნელოვანი ევროპელი პოლიტიკოსები. მისი თქმით, ხოსე მარია ასნარმა ევროპულ პოლიტიკაში მთელი ეპოქა შექმნა. "ესპანეთი არის ქვეყანა, რომელიც გამოვიდა დიქტატურიდან და 90-იან წლებში ესპანელმა სტუდენტებმა მსოფლიოს დაანახეს, რომ ესპანეთი იყო ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ევროპული ქვეყნა. "ჩვენ ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ არ ვართ არავის შორეული ნათესავები და არავისთან ძალით მიტმასნილები, ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის 90-იანი წლები კატასტროფილი იყო, როცა არ იყო შუქი, არ იყო პერსპექტივა და სხვა. "|მე და ჩემი მეგობრები მოვედით პოლიტიკაში ის ხალხი, ვისაც ჰქონდა საშუალება, უფრო სწორად სურვილი, მართლაც სერიოზული საქმეები გაგვეკეთებინა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, 25 კმ-იანი გზის მონაკვეთი როგორ გაიარა "ფორმულა სამის" მანქანით. "დავიწყე ფორმულა სამიდან და აუცილებლად ორ-სამ წელიწადში გადავალ "ფორმულა ერთზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა. თუმცა, მისი თქმით, სანამ "ფორმულა ერთის" შეჯიბრი ჩატარდება საქართველოში, მანამ ბევრი რამ არის ქვეყანაში გასაკეთებელი.
"არჩევანს, რომელიც საქართველომ ექვსი წლის წინ გააკეთა, ჰქვია ძალიან ნათელი რამ - ეს არის მომავალი. ჩვენ აღარ გვინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ჩვენს არჩევნას ჰქვია ერთი სიტყვა - ევროპა. ეს სახელი ნიშნავს თავისუფლებას, დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თანამშრომლობას. ევროპელ მეგობრებთან ერთად ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ეს სახელი იზეიმებს ოკუპაციაზე, ძალადობაზე, 13 წლის ბავშვების დამჭერებზე და მათ იდეოლოგიაზე და საბჭოთა კავშირის აღორძინების ყველანაირ მცდელობაზე. საქართველოს დემოკრატიის გზა გაიმარჯვებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ლიბერალური, თავისუფალი და დემოკრატიული რევოლუცია დროშების ქნევა არ არის.
"როგორც ზოგიერთს ჰგონია, მთავარია ყველაფრის იმიტაცია მოახდინო, დროშები იქნიო, მანქანაში ბენზინი ჩაასხა, წახვიდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, იქიდან გამოიარო მცხეთაში, ტელეკამერა დააყენო და გადაიღო როგორ შემოდიან ქალაქში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ერთხელ ნახა უკვე ქართველმა ხალხმა "ვარდების რევოლუციის" დროს. შემდეგ კი, ამის ბევრი უბადრუკი იმიტაცია ნახა სხვადასხვა პოზიტიკური ძალების მიერ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ვარდების რევოლუცია" 2003 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება. "ეს რევოლუციები არის არა კადრები, ფოტოები და არა ის, რომ ერთი ლიდერი გამოვიდეს წინ, სასწაული მოახდინოს, ხელში ვარდი დაიჭიროს ან იარაღი, ჩვენ ვარდები გვეჭირა ხელში და არა იარაღი", - განმარტა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რევოლუცია ემსახურება იმას, რომ ლიდერებზე უფრო მეტი ძალაუფლება ხალხმა აიღოს და ისინი გახდნენ ბატონ-პატრონი თავისი ქვეყნის, ასევე, ხალხი იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი ცალკე აღებული ისტორიული ფიგურა.
"ამ ყველაფრის შედეგად ხალხს უნდა გაეხსნას საშუალება და არა ცალკე აღებულ ელიტას და პრივილეგირებულ წრეებს" - განაცხადა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რევოლუციები იმ საზოგადოების შექმნას ნიშნავს, სადაც არის გახსნილი ეკონომიკა, მიუღებელია კორუფცია და ბიუროკრატიულ აპარატის ამოცანა მხოლოდ ხალხის სამსახურია.
"ეს იყო ერთადერთი სწორი გზა, რომელიც მაშინ აიღო ქართულმა საზოგადოებამ. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, მიუხედავად ემბარგოებისა და პროვოკაციებისა, მიუხედავად ინტერვენციისა და ოკუპაციისა, მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ეს გზა შეუქცევადია და ჩვენ ამ გზიდან არსად გადავუხვევთ~, - განაცხადა
საქართველო ექვსი წლის წინ იყო უსაზღვროდ კორუმპირებული და არშემდგარი სახელმწიფო. დღეს საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის კეთების კუთხით მე-11 ადგილზე. ქართული პოლიცია აღარ იღებს ქრთამს მძღოლებისგან. ჩვენ შევქმენით სისტემა, სადაც ყველას შეუძლია ჩაატაროს მიტინგები. დღეს, როცა ისმის მოწოდებები, დაგვიბრუნეთ ჩვენი ღირსება, მათ არქაულ ენაზე ეს ითარგმება - დაგვიბრუნეთ ჩვენი პრივილეგიები. ვინც ჩვენ გვეძახის ძალადობრივ ხელისუფლებას, ზუსტად ისინი არ გამოსულან ასლან აბაშიძის კაბინეტიდან და გინესის რეკორდებში შევლენ, იმდენჯერ აქვთ ასლან აბაშიძის სადღეგრძელო დალეული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე პრეიზდენტმა ისაუბრა ასევე განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე.
საქართველო კრემლის პროპაგანდის ცოცხალი უარყოფაა, ამიტომ ვერ გვიტანენ რუსეთში და უნდათ, წარმატებას არ მივაღწიოთ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე.
"მეზობელი ქვეყნის ყოვლისშემძლე მეთაურმა თავისი პრესკონფერენციის ყველაზე დიდი ნაწილი მიუძღვანა ჩემს ჰალსტუხს და ჩემს მიერ ჰალსტუხის მიმართ განხორციელებულ გარკვეულ ქმედებებს. როცა ტელეკომპანია "მაესტრო" აკეთებს ამას, გასაგებია, "მაესტროა" და სხვა საქმე არ აქვს, მაგრამ როცა ამხელა ქვეყნის "დიდ მეფეს", სხვა არაფერზე აქვს სალაპარაკო, გარდა პატარა მეზობელი სახელმწიფოსი და მისი მეთაურის ჰალსტუხისა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქართული ტელევიზების ეთერში რუსეთის შესახებ ინფორმაციები არის მეორე ბლოკის ბოლოს, მაგრამ რომ ჩართოთ მათი ტელევიზიები, საინფორმაციოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით იწყება.
"საქართველოს ისტორია ვარდების რევოლუციით არ დაწყებულა, საქართველოს დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა "ვარდების რევოლუცია" მნიშვნელოვანი ეტაპია. 6 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა იმ პროცესის ნაწილი გამხდარიყო, რომელიც ევროპაში 1989 წელს დაიწყო, რათა ქვეყანა გამხდარიყო თანამედროვე ევროპული პროცესების ნაწილი.
მან იმედი გამოთქვა, რომ ისევე დიდი შედეგებით დასრულდება "ვარდების რევოლუცია", როგორი დიდი იმედებითაც დაიწყო. ეს იყო ქართველთა ევროპული ფასეულობების ნამდვილი ტრიუმფი. ეს იყო არა მხოლოდ ცალკე აღებული მოვლენა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების დასაბამი, რომელიც რეალურად მიმდინარეობს ჩვენ ქვეყნაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური