საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში იმყოფება

12/28/2009

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აჭარაში ჩავიდა. იგი ჩაქვში მცხოვრებ კონცელიძეების ოჯახს ესტუმრა და მათ ციტრუსის მოსავლის აღებაშიც დაეხმარა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში გასაგზავნი პროდუქტი სატვირთო მანქანაზე ლევან ვარშალომიძესთან ერთად თავად დატვირთა. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობისათვის ციტრუსის მოსავლის აღება და მისი დაბინავება ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"წელს დსთ-ის ქვეყნებში სამჯერ მეტი ციტრუსი გავიტანეთ, ვიდრე შარშან და შარშანწინ. ბელარუსმა ყაზახეთმა და დსთ-ის რამდენიმე სხვა ქვეყანამ რუსეთთან საბაჟო კავშირი გააფორმა. აქედან გამომდინარე, რუსეთი ამ ქვეყნებზე დიდ ზემოქმედებას ახდენდა, რათა მათ ქართული პროდუქციის შეტანა შეეზღუდათ. ისინი, რა თქმა უნდა, არ მოქცნენ რუსეთის ზეგავლენის ქვეშ და ამის შედეგად ჩვენი ექსპორტი გასამმაგდა. რუსეთის ემბარგოს შედეგები ამოწურულია. შედეგად თავად ვერ მიირთმევენ ჩვენს მანდარინს, თორემ ჩვენ ამით არაფერი აღარ გვაკლდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა კონცელიძეების ოჯახის წევრებთან საუბრისას.

ქართული მანდარინი უკვე 10 ქვეყანაში გადის. დსთ-ის ქვეყნების გარდა აჭარული ციტრუსი ევროპის ბაზარზეც გამოჩნდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური