საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესტიას ესტუმრა

12/31/2009

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სვანეთსაც ესტუმრა და ახალი წლის დადგომა სვანებს მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი რეგიონში განსახორციელებელი პროექტებით დაინტერესდა. მან ლენტეხში ახლად აშენებული სასტუმრო დაათავლიერა და ულტრათანამედროვე სათხილამურო ტრასის პროექტსაც გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, 2011 წლამდე სვანეთში ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. მისი თქმით, უკვე შემუშავებულია ახალი მესტიის პროექტი.

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა პრეზიდენტისგან დავალებაც მიიღო განავითარონ სათხილამურო სპორტი და ყველა ბავშვს დაურიგონ ფორმები, რათა აითვისონ ამ მხრივ არსებული პოტენციალი.

"წელს ჩვენ დავიწყებთ 1800-მეტრიან მონაკვეთზე ახალი საბაგიროს მშენებლობას. მომავალი წლიდან მთლიანი ტრასა იქნება გადაფარული. მესტია უნდა გახდეს ევროპაში ყველაზე კარგი სათხილამურო კურორტი. ბუნებრივი პირობებით: თოვლის რაოდენობით, მზის ენერგიით, მშრალი კლიმატის თვალსაზრისით, ასევე ინფრასტრუქტურით: ფოთის აეროპორტის გათვალისწინებით, აქამდე მოყვანილი ბეტონის გზით, ელექტროგაყვანილობით, წყლისა და საკანალიზაციო სისტემით მესტიას ბადალი არ ეყოლება მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. ამ რეგიონში მართლაც წარმოუდგენელი პოტენციალია. ცურვა და სრიალი ზაფხულში ერთდროულად იქნება შესაძლებელი. ანაკლია და მესტია სინქრონულად აყვავდება. 5 წელიწადში აქ მილიონი ტურისტი გვეყოლება. ყველა კოშკის გარშემო იცვლება სახლები და მთელი მსოფლიოს ტურისტული სივრცისთვის ეს იქნება საქართველოს "საფოსტო ბარათი". ფოთში გვექნება დიდი აეროპორტი, სადაც ევროპიდან იფრენენ თვითმფრინავები, ხოლო ფოთის აეროპორტიდან ავტობუსით 2 საათში იქნება შესაძლებელი აქამდე მოსვლა. ყველა ეს პროექტი დაწყებულია და ყველაფერს ბოლომდე განვახორციელებთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორთან საუბრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური