საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, სასტუმროში "შერატონი" ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.
"ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება გმირის ცხოვრებით იცხოვრა. მან მრავალი გმირობა ჩაიდინა ამერიკისთვის და გმირობა ჩაიდინა საქართველოსთვის. მსურს საქართველოს სახელით, დღევანდელი და მომავალი თავისუფალი ქართველების სახელით სენატორ მაკკეინს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადავცე'', - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მეგობრებს გაჭირვებაში ცნობენ.
''ბევრი ადამიანი გვეფიცებოდა მეგობრობას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ბუჩქებში დაიმალა. ეს კაცი თავისი ცხოვრების მთავარ ბრძოლაში იყო მაშინ, როცა რუსეთმა ღია ომი გამოგვიცხადა. მან მიატოვა თავისი საარჩევნო კამპანია, დაკარგა რამდენიმე დღე და საქართველოში ჩამოვიდა. მაკკეინი დღეში რამდენჯერმე იცავდა საქართველოს მსოფლიოს სატელევიზიო არხებზე. ჩვენ ეს არასდროს არ უნდა დავივიწყოთ'', - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა სენატორ მაკკეინს საჩუქრად პისტოლეტი გადასცა, რომელიც რუსმა გენერალმა 2008 წლის აგვისტოში ქართველ მაღალჩინოსანს მიყიდა და უთხრა, რომ ეს პისტოლეტი ამერიკელ მფრინავს ეკუთვნოდა, რომელიც ვიეტნამში ტყვედ აიყვანეს. პრეზიდენტმა აღნიშნული პისტოლეტი სიმბოლურად ჯონ მაკკეინს დაუბრუნა, რომელიც, როგორც ცნობილია, ვიეტნამის ომის დროს ტყვედ რამდენიმე წელი იმყოფებოდა.
"ეს მარტო ჩემი ჯილდო არ არის და ეკუთვნის ქართველებს, ამერიკელ ხალხს. ყველა იმ ჯილდოს შორის, რომელიც ჩემი ცხოვრების განმავლობაში მიმიღია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იქნება. ამ ჯილდოს გულში შევინახავ", - განაცხადა მაკკეინმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება იმ დიდი მეგობრობის გამოხატულებაა, რომელიც მასსაა და მიხეილ სააკაშვილს, ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის არსებობს.
"ვიმედოვნებ, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდება საქართველოს მიმართ - თქვენს ქვეყანაში დემოკრატია კიდევ უფრო გაძლიერდება და ღრმა ფესვებს გაიდგამს იმ ინსტიტუებში, სადაც საჭიროა", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური