საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

1/18/2010

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში არჩევნების მიმდინარეობასთან და იქ მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით კომენტარი ბაკურინში ყოფნისას გააკეთა.

"საქართველო თურმე ღარიბი ქვეყანა ყოფილა, საიდანაც უკრაინაში ღარიბი მეთვალყურეები მიავლინეს. ვნახოთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებებს შორის. როდესაც მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ათას დოლარზე ნაკლები იყო; უკრაინა ამ მაჩვენებლით ორნახევარჯერ გვისწრებდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენთან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გასამმაგდებოდა, რაც დღეს რეალობაა და ახლა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამი ათასი დოლარია. საქართველომ წელს პირველად გადაასწრო უკრაინას და უფრო მეტი შემოსავალი გვაქვს, ვიდრე მათ. ეს ბევრი მიზეზების გამო მოხდა. უპირველესად, უკრაინაში ვერ მოხერხდა ძლიერი ხელისუფლებისა და ერთიანი კურსის ჩამოყალიბება, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში სამთავრობო გუნდი იყო გაყოფილი, თუმცა ამას ცალცალკე ვერავის ვერ დააბრალებ. საქართველოში კი მოვახერხეთ კორუფციის დამარცხება და დიდი პროექტების განხორციელება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენს მეთვალყურეებს შეეხება. ეს ხალხი ჩვენ უკრაინელების თხოვნით გავგზავნეთ, უკრაინელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მათ ჩასვლას მთელი სულით და გულით მიესალმებიან. მათი იქ ყოფნა, ჩემი დავალებით შეთანხმებული იყო ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და, შესაბამისად, ყველასგან მიღებული გვქონდა დასტური და თანხმობა. რა თქმა უნდა, არჩევნების მეორე ტურის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვკითხავთ მათ სურთ თუ არა ჩვენი მეთვალყურეების ჩართვა, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის არა მათ პოლიტიკაში ჩარევა - ჩვენ არც ამის რესურსი გვაქვს, არც სურვილი და არც ინსტრუმენტები, არამედ, როგორც მათ გვთხოვეს, უკრაინელი ხალხისთვის მაქსიმალური სოლიდარობისა და დახმარების აღმოჩენა. ერთი რამ ყველას უნდა ესმოდეს - ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრივ ისმოდა სრულიად მიუღებელი გამონათქვამები რუსეთის ოკუპაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ უკრაინელი ხალხის და უკრაინელი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა არის საქართველოს მეგობარი მიუხედავად იმისა, თუ რომელი კანდიდატის ბანაკს მიეკუთვნება თითოეული მათგანი. ვინც არ უნდა გახდეს უკრაინის პრეზიდენტი, ეს ქვეყანა დარჩება საქართველოს მოკავშირედ და მეგობრად. ბოლო 5 წლის განმავლობაში უკრაინა დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდა. დემოკრატიის პირობებში ხალხის აზრს ნებისმიერი მთავრობა ითვალისწინებს. უკრაინელ ხალხს კი საქართველო და ქართველი ერი უყვარს, ისევე როგორც ქართველებს უყვართ უკრაინელი ხალხი. ყველა გამოკითხვის მიხედვით, ქართველი ხალხი თავის მთავარ მოკავშირედ უკრაინას ასახელებს და რაც არ უნდა მოხდეს ამ არჩევნების მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა არ შეიცვლება. ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინის ევროპული კურსი შეუქცევადია და ჩვენ და უკრაინა პარალელური კურსით გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს უდიდესი სურვილი აქვს აღადგინოს საბჭოთა კავშირი და მართლა აფათურებს ხელს ქვეყნის გარედან, ამას ვეღარავინ ვერ მოახერხებს. უკრაინაც და საქართველოც მიდის ევროპის გზით და ჩვენ ბევრს ვწავლობთ ერთმანეთისგან. საქართველომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და შევძელით ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება. უკრაინელ ხალხს უდიდესი დიდი მომავალი აქვს.

ნებისმიერ ჟურნალისტზე ხელის აღმართვა, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მოხდეს ეს და როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ვინმესთვის ჟურნალისტის მოქმედება (მიუღებელს იქ არავინ არაფერს არ აკეთებდა), ყოვლად დაუშვებელია. ეს, რა თქმა უნდა, იყო პროვოკაცია და არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთით ან მხარდაჭერით მომხდარიყო. ვიცი, რომ უკრაინის გარეთ არის ერთი დიდი ძალა, რომელიც ამაში დაინტერესებულია, მაგრამ მათი ყოველი მცდელობა თავიდანვე განწირულია. ჩვენს ხალხებს ერთმანეთს ვერ ჩამოაშორებენ და უკრაინას სწორი გზიდან ვერ ააცდენენ. ჩვენი საელჩო უკრაინაში მუშაობდა და მივიღეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსგავსი ინციდენტებისგან ჩვენი ჟურნალისტები მომავალში დაზღვეული იქნებიან ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური