დღეს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ახალი სადაზღვეო პაკეტი ამოქმედდება. ახალი სისტემის დეტალები პრეზიდენტს დღეს ჯანდაცვის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა გააცნეს. 3 თვის განმავლობაში სადაზღვეო კომპანიებმა მთავრობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოების მშენებლობის ვალდებულება აიღონ. ხელშეკრულებაში დეტალურად გაიწერება სად და რამდენი კლინიკა აშენდება. მშენებლობის პირველი ეტაპი 2011 წლის სექტემბერში დასრულდება. ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელებს მედიკამენტების შეძენისას სახელმწიფო 50 პროცენტს დაუფინანსებს და დაზღვევა სამწლიანი გახდება.
"უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვეღუპება ან ხალხის ჯანმრთელობას ზიანი ადგება ელემენტარული წამლების შესაძენად ფულის არქონის გამო. გაჭირვებულთა დასახმარებლად შემოვიღეთ დაზღვევა, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, წამლები მაინც პრობლემად რჩება. არადა, ყველამ კარგად იცის, დაახლოებით, რა წამლები სჭირდება საშუალოდ ოჯახს. მე წამოვიღე წამლები, რომლებიც ჯანმრთელონის შესანარჩუნებლად თითქმის ყველა ოჯახში უნდა იყოს. აქ მაქვს ისეთი ცნობილი წამლები, როგორიცაა პარაცეტამოლი, ვალიდოლი, ნიტროგლიცერინი, ასევე წნევის კონტროლისა და წყლულის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში აუცილებელი პრეპარატები. ჩვენი დაზღვევით ეს აქამდე გადაფარული არ იყო. ახლა შემოგვაქვს 50-პროცენტიანი თანადაფინანსების სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მედიკამენტი 20 ლარი ჯდება, 10 ლარს ჩვენ დავუფინანსებთ, ამას ემატება ამბულატორიული და სხვა მკურნალობის ხარჯები. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ხალხისთვის ჯანმრთელობა ხელმისაწვდომი გახდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური