საქართველოს პრეზიდენტი აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას დაესწრო

1/29/2010

მინდა მოგესალმოთ ყველას - დიდი მადლობა, რომ მობრძანდით.

ჩვენ დღეს ვიწყებთ ძალზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე შესრულებულია.

ამ პროექტით თბილისს გაუჩნდება საუკეთესო ევროპული ქალაქების დონის დიდი ცენტრი ძალზე ლამაზი და საცხოვრებლად კომფორტული შენობებით.

ამ პროექტზე დიდი ხანია ვფიქრობთ, მაგრამ ამის გაკეთების საშუალება არ გვქონდა. ბევრი იყო ხელისშემშლელი ფაქტორი, მათ შორის ფინანსური. ამას გარდა, წინა მთავრობების დროს არ იყო პოლიტიკური ნება.

ახლა გიგი უგულავამ თავის გუნდთან ერთად, ბატონმა დავით ნინიძემ, რომელიც ყოველივე ამის ორგანიზატორია, სხვა კოლეგებთან ერთად გადაწყვიტეს აღნიშნული პროექტის განხორციელების დაეწყება.

ძველი თბილისის ახალი სახე ნიშნავს იმას, რომ დასაქმდება ათასობით ჩვენი მოქალაქე. ამასთან, ჩვენ ვიამაყებთ იმით, რომ ვცხოვრობთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ ქალაქში, როგორც ევროპაში ისე მსოფლიოს მასშტაბით.

ბევრს არ სჯეროდა და დღესაც არ სჯერა, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ; ბევრი წინააღმდეგობასაც გვიწევს.

თქვენ ხედავთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს ერთ-ერთ შენობაზე, რომლის თაობაზეც ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციონერი მიტინგებზე ამბობდა, რომ ჩვენ თბილისს ვანადგურებთ. ნეტავ, ვინმეს "გაენადგურებინა" ჩვენი ქალაქი ასე ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ახლა ბევრად უკეთეს ქალაქში ვიცხოვრებდით.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ტყუიან; ეს ნათელი მაგალითია იმისაც, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიგვყავს იმის მიუხედავად, ვინ რას ამბობს და გვლანძღავენ თუ არა; მათ გვლანძღონ - ჩვენ ავაშენებთ, მათ ილაპარაკონ - ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, მათ იწინასწარმეტყველონ უბედურება - ჩვენ კი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს შევქმნით, სადაც ხალხი იცხოვრებს კარგად, იქნება დასაქმებული და ბედნიერი.

ეს არის ჩვენი ხედვა, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული და ყველაფერს, რასაც ვამბობთ, სისრულეში მოვიყვანთ.

ყოველივე ამის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ თითოეული ჩვენგანი - ჩვენი თანამოქალაქეები, თანამებრძოლები, კოლეგები და მეგობრები დავდგებით ერთად და მშენებლობის შეჩერების, ხელის შეშლის საშუალებას არავის არ მივცემთ.

მინდა ქალაქის მერს შევახსენო, რომ ეს პროექტი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტიცაა და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მასაც და მის პროექტსაც.

ასევე მსურს იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ხარაჩოებზე მუშაობენ, ვუთხრა - დაწყებული აღმშენებლობა არ შეჩერდება, სამუშაო ბევრად მეტი იქნება და უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

საქართველო ძალიან დიდხანს ინგრეოდა, მაგრამ ჩვენ ძალზე ცოტა დრო გვაქვს იმისათვის, რომ ნგრევა შევაჩეროთ, ყოველივე აღვადგინოთ და უკეთესი საქართველო ავაშენოთ.

მე ამ უბანში დავიბადე და ეს უბანი ყოველთვის ცუდ მდგომარეობაში მახსოვს. ახლა, პირველად, იმაზე უკეთესი სახეც კი უბრუნდება, ვიდრე თავდაპირველად დაგეგმეს მისმა დამპროექტებლებმა.

ეს არის თბილისის ის უბანი, რომელიც ყველაზე მეტად გავს პარიზს, მას დავამსგავსებთ კიდეც ამ ქალაქს და გახდება ახალი თბილისის სახე - საუკეთესო უბანი მთელი ისტორიის განმავლობაში.

დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური