საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომში 720 მოსწავლეზე გათვალისწინებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მე-3 საჯარო სკოლა გახსნა.
მოსწავლეებმა ნამუშევრები "ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესიის" თემატიკას მიუძღვნეს. მიხეილ სააკაშვილი ბავშვების მიერ შექმნილ ნახატებსა და თხზულებებს გაეცნო.
ბორჯომელ მოსაწვლეებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომში მცხოვრები ქართველებისა და ეთნიკური ოსების ერთგულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს ქართულ მხარეს ბორჯომის ტყეებში არტილერია ჰყავდა დამალული, რომელიც ფაქტობრივად მტრის ზურგში აღმოჩნდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადგილობრივმა მცხოვრებმა კარგად იცოდა, სად იყო არტილერია დამალული, არც ქართველებმა და არც ეთნიკურმა ოსებმა შეიარაღების ადგილსამყოფელი არ გასცეს და ამით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის თითქმის 100 % შეინარჩუნა.
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიიცის ზოგიერთი ლიდერის რუსეთში გახშირებულ ვიზიტებს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა კრემლის ხშირ სტუმრებს "ვაი პოლიტიკოსები" უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო მის შიდა საქმეებს მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მოაგვარებს.
"ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსი რომ დარბის ჩვენ დამპყრობელთან და იძახის, რომ თითქოს მოლაპარაკებებზე დადის, რომელი ბისმარკი და ტალეირანები ეგენი არიან, რომ მოლაპარაკევბებზე დადიან, ვინ დაავალა მოლაპარაკებები, ვისი სახელით დადიან მოლაპარაკებებზე, რამე თანამდებობები უკავიათ, თუ ვინმემ რამე დაავალა. ანუ ისინი აღიარებენ, რომ ქვეყნის შიდა საქმეები რუსეთში უნდა წყდებოდეს. ეს თაობა ამას უკვე აღარ მიიღებს. საქართველოს შიდა საკითხები გადაწყდება არა ახალი შაჰაბასების, არამედ ქართველი ხალხის მიერ და დასძინა, რომ საქართველოს ვეღარავინ დააჩოქებს. ბრძოლა არ დამთავრებულა. მშვიდობის ყოველი დღე ჩვენ გვაგებინებს ამ ბრძოლის ახალ მონაკვეთს და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური