მოგესალმებით ყველას.
უპირველეს ყოვლისა, მინდა იმ ცვლილებებზე ვისაუბრო, რომლებიც ახლახან განხორციელდა.
სამეგრელოს გუბერნატორი გიგი უგულავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გადმოვიყვანეთ.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ გიგის მუშაობით სამეგრელოში, უპირველეს ყოვლისა, ხალხია კმაყოფილი, იგი ძალიან კარგი გუბერნატორი იყო.
მას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს არა მხოლოდ აპარატის მუშაობის ხელმძღვანელობა, არამედ მთავრობასთან ადგილობრივი მმართველობისა და გუბერნატორთა საქმიანობის კოორდინაცია ევალება.
ბუნებრივია, რომ მან სამეგრელო-ზემო სვანეთზე კვლავ უნდა იზრუნოს და აქტიური პოლიტიკა უნდა გაატაროს.
რუსეთში საქართველოს ელჩად ირაკლი ჩუბინიშვილი დაინიშნა და ალბათ მის კანდიდატურას პარლამენტი დაამტკიცებს.
ჩვენ ამით იმის ჩვენება გვინდა, რომ რუსეთთან კარგ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
როგორც იცით, ამ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემებია.
ერთის მხრივ, საქართველოს ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან მაღალია.
გუშინწინ მოლდოვას ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის ინაუგურაცია გაიმართა, რომლზეც მან განაცხადა, რომ მოლდოვის დემოკრატიის აფრებს ქართული, ევროპული რევოლუციის ნიავმა დაბერა.
ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთელი მსოფლიოსთვის.
გუშინ ერთ-ერთ რუსულ არხზე რამდენიმე რუსი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა.
იმედია, ეს არ არის რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, მაგრამ, მიმაჩნია, რომ დასაფიქრებელია და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი კლიმატი ჩვენ ურთიერთობებში უნდა შეიცვალოს.
ირაკლი ჩუბინიშვილს სწორედ ეს ფუნქცია ეკისრება.
ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ საკადრო პოლიტიკა შედარებით სტაბილური გახდა.
ხშირი საკადრო ცვლილებები არც მისასალმებელია და არც გამართლებული.
მათ კარგად მუშაობა მოეთხოვებათ.
ჩვენ დღეს ეკონომიკურ ბლოკთან და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად, ახალი კანონპროექტი წარმოვადგინეთ.
მთავრობის სხდომაზე ამ კომიტეტიდან ნიკა გვარამია იმყოფება, რომელიც მთელ კომიტეტთან ერთად ძალიან ეფექტურად მუშაობს.
ჩვენ პარლამენტში კანონპროექტი უნდა გავიტანოთ, რომელიც ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის გამარტივებას და გაუქმებას ეხება.
პარლამენტში ანტიბიუროკრატიული კანონპროექტი შეგვაქვს, რომლის მთავარი არსი ძალიან მარტივია - საქართველოში რევოლუცია ხალხმა მოახდინა და ვინაიდან რევოლუციამდე საქართველოში ხალხისთვის კანონებსა და წესებს ბიუროკრატია ადგენდა, ამჟამად ბიუროკრატიისთვის და სამოხელეო აპარატისთვის ხალხი შეიმუშავებს კანონებს.
აქამდე ბიუროკრატია ისეთ წესებს ადგენდა, რომელიც მას აწყობდა.
ბიუროკრატს უნდა გადაეწყვიტა ნებართვის გაცემა, ხალხი კი, ემუდარებოდა და ევედრებოდა.
ახლა ხალხი გაუგზავნის შეტყობინებას, რომ იწყებს ახალ ბიზნესს, ხსნის ფირმას, შემოაქვს ან გააქვს პროდუქტი, ბიუროკრატი კი, თუ ჩათვლის საჭიროდ, მივა ადა კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს, თუ არა, მაშინ ავტომატურად ჩაითვლება, რომ ადამიანს ამ თუ იმ საქმიანობისთვის ნებართვა უკვე აქვს...
სასწორების გამოყენებისთვის აუცილებელია ლიცენზია.
თუნდაც ღვინის და კვების პროდუქტების გამოშვებას სამოცდაათზე მეტი ქველიცენზია სჭირდება.
მაგალითად, ღვინის სხვადასხვა სახეობისთვის განსხვავებული ლიცენზიებია საჭირო.
ეს ყველაფერი უნდა გაუქმდეს, ღვინის ფალსიფიკაცია ამით არ შეჩერებულა.
ჩვენ ფალსიფიკაციასთან ბრძოლა პროდუქციის გამოშვების შემდეგ უნდა გავაძლიეროთ.
ჯერ ადამიანს პროდუქციის შექმნის საშუალება უნდა მივცეთ, ხარისხი კი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოვითხოვოთ.
ამჟამად საწარმოთა რეგისტრაცია სასამართლოში ხდება.
ერთი საწარმოს რეგისტრაციისთვის ადამიანი რამდენიმე ადგილზე უნდა მივიდეს.
იმის ნაცვლად, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება უმოკლეს დროში გახდეს შესაძლებელი, ხშირ შემთხვევაში ამისთვის 2-3 თვეა საჭირო.
ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა.
"საქსტანდარტი" ხალხის წვალების იარაღი გახდა.
ეს დაწესებულება უქმდება და მის ფუნქციებს შესაბამისი სამინისტროები შეასრულებენ.
მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ევროკავშირის პირდაპირი სტანდარტის წესები არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ისინი გამოვიყენოთ.
ამისთვის არ არის საჭირო ცალკე სამსახური, რომლის მთავარი დანიშნულება ხშირ შემთხვევაში ხალხის წვალებაა.
არსებობს კვების პროდუქტების ხარისხის შემოწმების ინსპექცია, რომლის მოხელე ადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროდუქტი სახელმწიფო სტანდარტებს.
ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.
თუ სახელმწიფო ამას ადგენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის, პრაქტიკულად, კლავს ბიზნესის იდეას.
ყველანაირი სანიტარული კონტროლი, სკოლების, ბაზრებისა და საბავშვო ბაღების გარდა, მთლიანად უქმდება.
სისუფთავის შემოწმება სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის.
ამას თავად მომხმარებელი და მესაკუთრე გააკეთებს.
ამ ეტაპზე საწარმოების სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა და კონტროლიც უქმდება.
ნებართვები უქმდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც და ნებისმიერ ადამიანს დიდ მანძილზე მგზავრების გადაყვანის საშუალება ექნება.
თბილისში ამის განხორციელება ძნელია, მაგრამ ქალაქებს შორის გადაადგილება, სახელმწიფოს საქმე არ არის.
გადასახადების დროულად გადახდა აუცილებელია, მაგრამ წინასწარი შემოწმებები და ნებართვების გაცემა საჭირო არ არის.
ასევე უქმდება წინასარეისო სამედიცინო შემოწმება, რომელიც არც არსებობდა. უქმდება საავტომობილო საგზაო ბარათის ინსტიტუტიც და ჩვენი მოსახლეობის წამების კიდევ ერთი იარაღი - ფიტოსანიტარული კონტროლი, ასევე მოსაკრებელი.
გზებზე ფიტოსანიტარული სამსახურის ინსპექტორების მიერ ტრანსპორტის გაჩერება, შემოწმება და სერთიფიკატების გაცემა უნდა აიკრძალოს.
უნდა არსებობდეს მხოლოდ ერეთჯერადი შემოწმება საზღვარზე.
ერთი სიტყვით, საქართველოში კიდევ ერთი რევოლიცია უნდა მოვახდინოთ, რომელიც ბიუროკრატიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ჩვენ გვჭირდება დაცული, მაღალანაზღაურებადი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სამოხელეო აპარატი, რომელიც არ იფიქრებს იმას, რომ ახალი უფროსის მოსვლასთან ერთად, სამსახურიდან დაითხოვენ, მის ნაცვლად კი, უფროსის კლასელებსა და ნათესავ-მეგობრებს მიიღებენ.
მეორეს მხრივ კი, ჩვენ ისეთი ბიუროკრატიული აპარატი გვჭირდება, რომელიც ხალხზე იზრუნებს და მუდმივად არ აგრძნობინებს, რომ ის თანამდებობით მასზე მაღლა დგას.
ძველი ინსტიტუტები უნდა მოისპოს, თუ გვინდა, რომ საქართველო თანამედროვე ქვეყანა გახდეს.
ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
კორუფცია უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მისი უფრო მახინჯი ფორმები გაჩნდა, რაც ბიუროკრატიას უკავშირდება.
ეს თვეების მანძილზე ხალხის წვალებაში გამოიხატება.
ახლა ამ ტვირთისგან ხალხსაც და სამოხელეო აპარატსაც გავათავისუფლებთ, რომელმაც თავისი უშუალო ფუნქციები უნდა შეასრულოს.
ეს ცვლილებები სამინისტროთა ქვედა რგოლებისთვის წინასწარ რომ გაგვეცნო, ისინი ყველანაირად შეეცდებოდნენ ჩვენს დარწმუნებას, რომ ამა თუ იმ სამსახურის არსებობა აუცილებელია.
ეს კანონპროექტი უკვე მზადაა, ახლა კი, საჭიროა ქვედა რგოლების დარწმუნება, რომ ამ ცვლილებების მიღება აუცილებელია.
ტექდათვალიერების შეჩერების შემდეგ ავარიების რაოდენობა არ გაიზარდა, რადგან ეს არანაირ კავშირში არ იყო უსაფრთხოებასთან.
გარწმუნებთ, რომ თუ სანიტარული ინსპექცია კვების ობიექტს არ გააკონტროლებს, იქ მოწამლული ადამიანების რაოდენობა არ გაიზრდება, პირიქით, შეიძლება მოიკლოს კიდეც.
ინსპექტორთა მიზანი არა ობიექტის შემოწმება, არამედ ზედმეტი თანხის აღებაა.
იგივე შეიძლება ითქვას ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურზეც.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ამის განხორციელება აუცილებელია.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან
და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური