საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე

4/21/2005

მოგესალმებით ყველას!

მე მოხიბლული ვარ იმით, რომ სტუდენტებმა ამ საღამოს გამონახეს დრო და იმის ნაცვლად, რომ რომელიმე დისკოტეკაზე წასულიყვნენ, საქართველოს პრეზიდენტის მოსასმენად მოვიდნენ.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა.

თქვენ ძალიან საინტერესო დროში ცხოვრობთ. მინდა გითხრათ უნივერსიტეტში, კერძოდ კი იურიდიულ ფაკულტეტზე ძალიან საინტერესო განლაგებაა.

მე როცა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ვმუშაობდი, პირველი რასაც ვაკეთებდით იყო ის, რომ პირველ სექტემბერს ამ ფაკულტეტის სტუდენტები პარლამენტში მოგვყავდა. ისინი იყვნენ იდეალისტები, კარგ ხასიათზე მყოფნი, მომავლის იმედით. მესამე-მეოთხე კურზე კი, მე მათთან იურიდიულ რეფორმებზე ლექციების წასაკითხად მივდიოდი და მხვდებოდა უკვე სხვა შემადგენლობა, ამ ბავშვებს ვეღარ ვცნობდი, იყვნენ ცინიკურები, ამბობდნენ, რომ ამ რეფორმებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იყო იდეოლოგია, რომელიც მკვიდრდეობა 90 წლებისდროს, ეს იყო ძველი კომუნისტური იდეოლოგიის გაგრძელება. ახლა კი მოვიდა ახალი თაობა, თვითონ ხელმძღვანელობა, ახალი დეკანი, გაჩნდა ახალი სულისკვეთება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადავლახოთ თაობრივი კონფლიქტი- ათ წლამდე ბავშვები და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი.

გუშინ მე ვიყავი ბოჯომში, სადაც ქალაქს ვათავისუფლებთ ძველი ნანგრევებისაგან და ვაშენებთ ახალ პარკს. გვინდა, რომ ბორჯომი გახდეს ევროპული კურორტი.

ახლა ჩვენ გვყავს სხვანაირი ბავშვები, რომლებიც სკოლაში 9 საათზე მიდიან, აღმართავენ დროშას და მღერიან ჰიმნს. ამ ბავშვებს უყვართ ხუთჯვრიანი დროშა. მათ იციან, რომ მე რომ ჩამოვედი აქ, ვარ საქართველოს პრეზიდენტი. ამ ბავშვებს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ, რომ პრეზიდენტს ხელი ჩამოართვეს და ყვავილი მისცეს. მათ სჯერათ, რომ ეს არის მათი ქვეყანა და საჭიროა მისი პატივისცემა. ასეთი ბავშვები არ არიან მარტო ქართველები.

სამი წლის წინ, ჩვენ ვიყავით ახალქალაში, სადაც ნინოწმინდას რაიონში შოთა რუსთაველის სახელობის სომხურ სკოლაში 9 წლის გოგონამ საქართველოს ჰიმნი ზეპირად წაიკითხა. ის რა თქმა უნდა არის სომეხი, თუმცა არის საქართველოს მოქალაქე. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ათასგვარი სტერეოტიპისაგან.

დღეს ტელევიზიით ვნახე, თუ რა აჟიოტაჟია ატეხილი იმაზე, თუ რა ფერად იღებება ქალაქი. თურმე ამაზე საშინელება არაფერი არ მომხდარა. საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში არაფერი არ მომხდარა, არავინ არაფერს არ აკეთბედა, არ ღებავდა და არავინ არ წუწუნებდა. ყველანი ვისხედით ჭაობში და ვიყავით ძალიან ბედნიერები. საკმარისი გახდა, რომ ვიღაცამ საქამის კეთება დაიწყო, ყველა დაირაზმა იქითკენ, რომ თურმე "ეს არ შეიძლება" - ასეთი მიდგომა დამამცირებელია, ეს არის ქალაქის განადგურება.

ვარაზისხევზე ბოლო რამდენიმე დღეა, ყვითელი განათებაა.

ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის დროს თბილისში ასე განათებული იყო მხოლოდ 9 პროცენტი.

ასეთი განათებული საქართველო მომავალი წლის ბოლოს იქნება 100 პროცენტით.

მე ერთი რამე მესმის, რომ დანრგეულს და განადგურებულს ჯობია როცა რაღაცა კეთდება.

14 წლის განმავლობაში არსად არ დაგებულა გზა, ჩვენ შევძელით 30 მილიონი ლარის გზა დაგვეგო. მარტო წელს და მომავალ წელს უნდა დავაგოთ 600 მილიონი ლარის გზა.

ტელევიზიით ვნახე რამდენიმე ინტელექტუალი ადამიანი მსჯელობდა. მათი თქმით, თურმე არაფერს არ ნიშნავს ის, რომ საქართველოში აღარ არსებობს მექრთამე პოლიციელი, მიმდინარეობს განათლების, ჯარის, პოლიციის რეფორმა, არაფერს არ ნიშნავს ის, რომ სახელმწიფოში ებრძვიან კორუფციას, იგება გზები- მაინც არ მოგვწონს არაფერი.

ამ იდეოლოგიით ჩვენ ახალ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ვერ დავეწევით მოწინავე ქვეყნებს. ამ იდეოლოგიით ჩვენ ვერ გავზრდით ბიუჯეტს, ვერ მოვიზიდავთ ინვესტიციებს და ვერ აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ახლა საუბარია იმაზე, რომ გზები თურმე იმიტომ კეთდება და იმიტომ იღებება ქალაქი, რომ ბუში უნდა ჩამოდის. საინტერესოა ბუში თან წაიღებს ამ გზებს და შეღებილ სახლებს? რას იტყვის ის ხალხი მაშინ, როცა გზების მშენებლობა გაგრძელდება ბუშის წასვლის შემდეგაც? მე მეორედ მოსვლამდე ვაპირებ გზების გაკეთებას.

მე მინდა, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ ყველამ ერთად დავსვათ ადგილზე.

სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ფუნქცია აღიდგინა. ჩვენ ვაკეთებთ ბანაკებს. აქ წასვლის სურვილი უკვე 50 000 ადამიანს აქვს. რეზერვისტთა ბანაკში ჩაწერილია რამოდენიმე ასეული ადამიანი, მიუხედავად პროპაგანდისა, ამ ადამიანებს სურვილი აქვთ.

ჩვენ საქართველოში დემოკრატიას ვქმნით არა იმისათვის, რომ ვიღაცას ვასიამოვნოთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატია არის ის, რომ საზოგადოებრივ დებატებში იბადება ჭეშმარიტება.

მოქალაქეობრივი პოზიცია ყველამ უნდა გამოხატოს. მაგალითად,

დათო ახალაია არის ურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ასევე არის საგანგებო გამომძიებელი. ამ კაცმა რამდენიმე ათეული მებაჟე დააკავა, ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის რომ სწორედ მან უნდა გააუმჯობესოს სიტუაცია სახელმწიფოში.

ჩვენ უკვე მივედით იმ დონეზე, რომ კორუმპირებულ მოხელებს ფული არ უნდა გამოვართვათ, კორუმპირებულების ადგილი ციხეშია, ამას ჩვენ ვაშენებთ. ბოლო 340 ათასი, რომელიც პროკურატურის ანგარიშზე დარჩა, მე დღეს ვაცხადებ, რომ ამ ფულით იურიდიული ფაკულტეტის 10 სტუდენტი წავა საზღვარგარეთ. ეს მოხდება იმ ადამიანების ფულებით, ვინც მხოლოდ საკუთარ შვილებს ასწავლიდა საზღვარგარეთ, თვითონ კი ფულს იპარავდა.

მე მინდა ყველამ გავაცნობიეროთ, რამდენი ფუნქცია დაიბრუნა სახელმწიფომ. 1992 წელს გავხდით დამოუკიდებლები, 1991 წლის შემდეგ საქართველოში სასწრაფო არ ყოფილა უფასო, დღეს საქართველოში სასწრაფო, მშობიარობა არის უფასო, გლეხს ურიგდება მიწა და საწვავი,რაც გლეხისათვის ყველაფერია.

ჩვენ საავადმყოფოებსაც ვაფინანსებთ, მაგალითად ონკოლოგიური ცენტრის დაფინანსება ხუთჯერ გავზარდეთ, რაც ძალიან სჭირდება იმ ხალხს, რომელიც იქ წევს.

როცა ადამიანები ამბობენ, რატომ უნდა ვუთხრათ საპატრულო პოლიციას მადლობა იმისათვის, რომ ის არ იღებს ქრთამს. ბოლო 80 წლის განმავლობაში იგი იღებდა ქრთამს, დღეს კი ამაყობს იმით, რომ ის პოლიციელია, რა თქმა უნდა უნდა ვუთხრათ მადლობა და ვისაუბროთ მათ გმირობაზე. თუ გმირი მარტო პარლამენტარია, რომელიც ყელს მოიღერებს მიკროფონთან, მაშინ ასეთ საზოგადოებაში ყველაფერი წესრიგში არ არის.

როდესაც ვიღაცა გარიგებს ჭკუას, თითქოს ის არის ერის მამა, ამ დროს ელემენტარულია ის, რომ მან რაღაცა უნდა გააკეთოს, უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს თავგანწირვის უნარი, არის ყველაზე მცოდნე, ამის შემდეგ შეუძლია ილაპარაკოს მთელი ერის სახელით.

მე მინდა გვესმოდეს, რა ისტორიულ მომენტშია საქართველო. 200 წელიწადია საქართველოში არის რუსეთის ჯარი. ჩვენ შეგვიძლია წელს მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო რუსეთის ჯარმა დატოვოს. ეს არ არის მარტო სიტყვები, არამედ რეალურია. ჩვენ უნდა გვესმოდეს რა მნიშვნელობა აქვს იმას, როცა მოლოვეთის პრეზიდენტი თავის ინაუგურაციის დღეს გამოსვლაში მოსახლეობას ეუბნება, რომ მოლდოვაში ყველაფერი შემოატრიალა ქართულმა დემოკრატიულმა რევოლუციამ.

ყირგიზეთში გამოდის აკაევი და ამბობს რომ სააკაშვილი არის კრიმინალებთან შეკრული და საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა. მეორე დღეს აკაევი აღარ არის თავის თანამდებობაზე.

ტელევიზიით ლუკაშენკო გამოვიდა და საუბრობს ჩვენზე, ძალიან კარგი ქვეყანაა ბელორუსია, ძალიან გთხოვთ გაემგზავროთ და გაეცნოთ იქაურ ახალგაზრდულ კულტურას და მოძრაობას.

მთელი არსი ამისა არის საქართველო, რომელიც იყო პასიური მომლოდინის პირობებში, როდის დაინგეოდა დიდი იმპერიები, რომ გავმართულიყავით წელში, უცებ საქართველო მიხვდა, რომ ინტერნეტის, ინფორმაციის გაცვლის და ტელევიზიის პირობებში მას თვითონ შეუძლია შექმნას რეალობა. მოარყიოს ის ყველაფერი, რითაც ჩიტს, რომელსაც აფხაზეთი ორი კლანჭით უჭირავს, გააგდებინოს კლანჭებიდან.

ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაგვაროთ მშვიდობიანად.

ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის მთავარი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე წამსვლელი ვართ და არანაირ კომპომისზე არ წავალთ.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს ბევრი სოციალური პრობლემა, მაგრამ საქართველომ ძალიან სერიოზული ნახტომი გააკეთა 1 წელიწადში. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის ცინიზმი, რომელიც ინერგება ქართულ საზოგადოებაში. იმის დამტკიცება, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება, საზოგადოების ასეთ ნაწილს ჩვენ ყველამ უნდა ვუთხრათ - ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.

ჩვენ უნდა გაუთავისუფლოთ გზა თავისუფალ ინიციატივას.

მე ვფიქრობ, რომ თქვენ, თიოეული ერთად აღებული ხართ სახელმწიფოს საუკეთესო წარმომადგენლები, თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც არ ეშინია ნათელი ფერების, სწრაფი ცვლილებების.

მე მინდა ყველამ ერთად ვთქვათ- საქართველოს აქვს კარგი მომავალი. ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა ეს არის ის, რომ გავერთიანდეთ და დავწვეთ სანამ არ გავიმარჯვებთ.

ეს არის ჩემი გზავნილი უნივერსიტეტისადმი ამ საღამოს. მე მიხარია, რომ აქ ვხედავ იმედიან სახეებს. მინდა გითხრათ, რომ ყველა ასაკის ხალხს ვაფასებ, მე უიმედო და არაფრის მაქნისი ახალგაზრდებიც მინახავს რომლებსაც არაფერი არ აინტერესებთ ცხოვრებაში და მინახავს ხალხი ყველა ასაკში, ისეთი, როგორიც გელა ჩარკვიანია, რომელიც ყოველგვარი სიახლისათვის არის მზად.

ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვინც იქნება მუდმივად ახალგაზრდა და ცვლილებების მისაღებად მზად.

მე მინდა მადლობა გითხრათ.

ყველამ ერთად ვიაროთ უკეთესი სამართლებრივი და სამართლიანი მომავლისაკენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახური