საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

6/29/2005

ჩვენ მონაკოში საერთაშორისო კონფერენციაზე ვიყავით.

მინდა აღვნიშნო ბატონ გია ბარამიძის გამოსვლა, რითაც მან თავისი ქვეყნის ღირსეულად წარდგენა შეძლო.

ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან კარგი მუშაობა.

პირველად საქართველოს მაღალი დონის პოლიცია ჰყავს, სადაც კორუფცია შემცირებულია, პოლიცია მუშობს სუფთად და შედეგები სახეზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დონე მკვეთრადაა გაზრდილი, დამნაშავეობის დონე შემცირებულია. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ამ პირობებში დამნაშავეობის ფაქტები გაიზრდებოდა.

მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბოლო ოპერაციები, რომელიც რეკეტირების დიდი ჯგუფის დაკავებას და საგადასახადო სამსახურში კორუფციის ძალიან ფართოდ გაშლილი სფეროს აღმოჩენას ეხება.

მინდა ვთქვა, რომ რევოლუციის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლა, ბევრი კუთხით მკვეთრად გაუმჯობესდა.

გამოკითხვების შედეგად, ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი მოსახლეობაში უჩვეულოდ მაღალია.

ვფიქრობ, რომ მთავარი რის გამოც ხალხი ხელისუფლებას მხარს უჭერს, დღეს ისაა, რომ ხელისუფლება გასუფთავდა.

დღეს ხელისუფლება ისეთი ხალხისაგან შედგება, რომელსაც კერძო, პირადი კორუმპირებული ინტერესები არ აქვს.

მე საქართველოს ხელისუფლებაზე ვსაუბრობ.

საზოგადოება ამას კარგად ხედავს და აფასებს.

ჩვენ ბრძოლის შესუსტებას არ ვაპირებთ.

რევოლუციის შემდეგ, საგადასახადო სამსახურში იყო პერიოდი, როცა სიტუაცია გაუმჯობესდა, შემდეგ ჩათვალეს, რომ თავი ქუდში აქვთ და ძველებურად შეუძლიათ ჯიბეების გასქელება.

ბოლო პერიოდში ბიზნეს წრეებში გარიგებები დაიწყო. კვების ობიეტებიდან ფული, პრაქტიკულად, არ შემოდიოდა და ამ მხრივ სერიოზული ჩავარდნა იყო.

რამდენიმე ფირმა იხდიდა და იხდის გადასახადს, დანარჩენები რაღაც მექანიზმების გამოყენებით ხშირ შემთხვევაში არაფერს არ იხდის.

ჩვენ გვყავს ჩინოვნიკები, რომლებიც პრაქტიკულად ქვეყნისათვის დამანგრეველ მუშაობას ეწევიან.

ფული, რომელიც ბიუჯეტში არ შედის, უნდა მოხმარდეს გზების მშენებლობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და უმწეო მოქალაქეების დახმარებას.

ის ადამიანები მოხუცების, ჯარისკაცების დახმარებას ითვისებენ.

მათ სინდისზეა, რომ ჩვენს ქვეყანაში ორმოები კიდევ რამდენიმე ხნის მანძილზე იქნება.

მათ სინდისზეა, რომ ჩვენ ვერ მივეხმარებით პენსიონრებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

ის, რაც გუშინ მოხდა, იყო დიდი ხნის წინათ დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც ბრწყინვალედ განხორციელდა.

მათი ბრალის დასაბუთების პირობებში, ჩვენ ვაპირებთ და მივაღწევთ რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს.

ის ხალხი ვინც ლაპარაკობს რომ 100 და 200 ლარი ქრთამის სახით გაჭირვებისათვის აიღო, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ ჩინოვნიკს, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობს და ადგილობრივ თვითმმართველობაში, არ აქვს ის ხელფასი, რომ ისინი გაჭირვებულები იყვნენ.

ის, ვინც ხალხს ართმევს ფულს, საზოგადოებისათვის საშიში ელემენტია - ეს არის ბანდიტიზმი.

ამას მე თამამად ვამბობ - ხალხის ხარჯზე ცხოვრების მოწყობის უფლება არავის აქვს.

ყოველივე ეს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხს აყენებს.

ყველას გვესმის, რომ მთავრობაში სტაბილურობა დამყარდა. მთავრობა ზოგადად კარგად მუშაობს და კადრების გადანაცვლების აუცილებლობას ვერ ვხედავ.

სერიოზულად უნდა დაისვას ფინანსთა სამინისტროს მუშაობის ეფექტურობის საკითხი.

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფინანსთა მინისტრი, მე ვნახე მისი მუშაობა სტამბულში.

იგი თავის ოჯახთან ერთად თურქეთში საუკეთესო პირობებში იყო, თუმცა იგი, მაშინ როცა საქართველოს ყველაზე მეტად დასჭირდა, რუსეთში ელჩად წავიდა, ეს ნამდვილი პატრიოტის გადაწვეტილება იყო.

მის პატიოსნებასა და წესიერებაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ვალერი ჩეჩელაშვილი ჩემი 20 წლის მეგობარია, ჩვენ ერთად მოვდივართ კიევის უნივერსიტეტიდან. მე ვსაუბრობ ჩემს მეგობარზე, ვინაიდან ჩვენ ვართ პატრიოტები, მეგობრობაზე მაღლა დგას ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.

მთავარი ის კი არ არის, მარტო შენ არ იღებდე ქრთამს, გარშემოც არ უნდა გყავდეს ბანდიტების ჯოგი, რომლებიც დაკავებული არიან საზოგადოების ბოლო კაპიკების მითვისებით.

ფინანსთა სამინისტროში სერიოზული რეფორმები უნდა გატარდეს, როგორც ეს პოლიციის, სამედიცინო და განათლების სფეროებში მოხდა.

ამ სფეროში ბანდიტიზმის დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და იქ შექმნილი სიტუაციისათვის ყველამ უნდა აგოს პასუხი.

მიუხედავდ იმისა, რომ მე მიმაჩნია ჩვენ საქმე გვაქვს მაღალი დონის პროფესიონალთან და საზოგადოების ღირსეულ წევრთან, პრემიერის წინაშე მე ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენე.

ჩვენ ყველა ანგარიშვალდებული ვართ მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე.

ამის გარდა მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში თვითმმართველობის შემოტანაზე, ძალიან საინტერესო დისკუსია იყო.

ამ მხრივ ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ შევქმნით ისეთ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ასევე კარგი იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური