თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ!
იმისათვის, რომ დასახულ მიზნამდე მიხვიდე, ამ მიზნისაკენ მიმავალ გზას უნდა დაადგე.
სწორი მიმართულების ასარჩევად, ზუსტი მარშრუტის მოსაძებნად და არჩეული კურსის სწორად გასაანალიზებლად, პასუხი სამ მარტივ კითხვაზე უნდა გქონდეს:
საიდან და რით დავიწყეთ? სადამდე და რით მოვედით? საით და რით მივდივართ?
საიდან დავიწყეთ?
ყველაზე მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: დავიწყეთ ნანგრევებიდან.
დავიწყეთ იქიდან, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობა დამთავრებული ჰქონდა; ჩვენ ქვეყანას წართმეული ჰქონდა ყველა ღირსება, ხოლო ხალხს - ყველა უფლება.
დავიწყეთ უიმედობიდან, უპერსპექტივობიდან, უუფლებობიდან, უძლურებიდან, უსამართლობიდან, უდენობიდან, უფულობიდან, უხელფასობიდან, უპენსიობიდან, უწესრიგობიდან.
დავიწყეთ იქიდან, სადაც სახელმწიფოები და ერები არსებობას ასრულებენ.
რით დავიწყეთ?
დავიწყეთ ძლიერ, წელში გამართულ, ღირსეულ საქართველოზე ოცნებით.
დავიწყეთ რწმენით, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ყველას ერთად ქვეყნის გადარჩენა და დაცვა, რომ მისი უკუღმამოტრიალე ბედის ბორბლის გაჩერება და წაღმა დატრიალება შეგვიძლია.
დავიწყეთ ყველაზე მთავარით, რამაც 2003 წლის ნოემბერში ამ დარბაზში მოგვიყვანა - თავისუფლების სიყვარულით.
ჩვენი ქვეყნის მთელი ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ხოლო მისი ყველა გამარჯვება თავისუფლების სახელითაა მოპოვებული.
ჩვენი პატარა, მაგრამ ათასწლებგამოვლილი ერის მთავარი ძალა თავისუფლების სიყვარულია.
საქართველოს შვილი მზადაა ყველა გამოწვევას გაუძლოს და ნებისმიერი სირთულე აიტანოს, რათა თავისუფლება არ დათმოს.
ეს გზაც, რომელზეც ეხლა ვსაუბრობთ, მაშინ დაიწყო როდესაც ორი წლის წინათ ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანის თავისუფლების დათმობაზე უარი განაცხადა.
და დღეს, უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ თავისუფლების სიყვარულით დაწყებულ, უკვე განვლილი გზის პირველ, ძალიან მცირე მონაკვეთზე; იმაზე, თუ სადამდე და რით მოვედით...
მოვედით იქამდე, რომ დღეს საქართველო სრულფასოვანი და სწრაფად განვითარებადი სახელმწიფოა.
საქართველო სახელმწიფოა თავისი ყველა ატრიბუტით: კარგად გამართული და ეფექტიანი სახელმწიფო აპარატით; ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით; სწრაფი ტემპებით მზარდი საფინანსო მაჩვენებლებით; ხალხის სამსახურში მყოფი ძლერი სამართალდამცავი სისტემით; ძლიერი, კარგად მოტივირებული, ასევე კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარით, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ; განახლებული და განახლებადი ინფრასტრუქტურით; ყველა სფეროში აქტიურად მიმდინარე რეფორმებით; აღმშენებლობისა და ზრდის აქამდე არნახული მაჩვენებლებით.
მოვედით იქამდე, რომ დღეს საქართველოს მთელს მსოფლიოში სცემენ პატივს - როგორც ქვეყანას, რომელიც საიმედო და პერსპექტიული პარტნიორია; როგორც ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი ხდება; როგორც ქვეყანას, რომელიც განიხილება არა როგორც ცალკე ერთეული, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც თავის გარშემო გეოპოლიტიკურ სივრცეს ქმნის; როგორც ქვეყანას, რომელიც მისაბაძია სხვა ქვეყნებისთვის და რომლის რევოლუციასაც სხვა რევოლუციები მოყვა.
ყველა იმ ქვეყანაში კი ქართული რევოლუციის დროშა ააფრიალეს.
ეს დროშები ფრიალებდა კიევის, ბეირუთის, ყირგიზეთის ცენტრალურ მოედნებზე, დღესაც ფრიალებს ბელორუსიაში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში.
ბევრმა თქვენგანმა ეს კარგად იცის.
საქართველოს დროშა და თავისუფლება აბსოლუტურად იდენტური ცნებები გახდა.
საქართველო ის ქვეყანაა, რომლის შესახებაც, რამდენიმე დღის წინათ, მსოფლო ბანკის ყოველწლიურ შეკრებაზე, მსოფლიო ბანკის პრეზიდეტმა განაცხადა: ჩვენი ორგანიზაციის მოვალეობაა, რომ საქართველოს დადებითი გამოცდილება რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მსოფლიოს გავაცნოთ.
მოვედით, თუნდაც იმ პარადოქსამდე, რომ ერთის მხრივ, სამად გახლეჩილი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის თითქმის ერთი მეხუთედი მიტაცებულია ჩვენი ქვეყნის თავისუფლების შემმუსვრელთა მიერ - სადაც ადამიანის უფლებები იზღუდება, ადამინის ღირსება ფეხქვეშ ითელება; რომელმაც გასულ წელს აბობოქრებული სტიქიის სახით დიდი განსაცდელი გამოიარა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ სრულ ენერგეტიკულ ბლოკადაში იყო მოქცეული ბოროტი ძალის მიერ და ამავე დროს, ყველაზე ავტორიტეტულ ეკონომიკურ ჟურნალში "ეკონომისტი" 2006 წლის ეკონომიკის ზრდის ტემპების პროგნოზით, საქართველო მესამე ადგილზეა, ხოლო ნავთობის არამომპოვებელ ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს.
თუმცა, თუ მართლა გსურს დასახულ მიზანს მიაღწიო, შუა გზაზე არ უნდა გაჩერდე და რაგინდ გადაულახავი დაბრკოლებები არ უნდა გქონდეს დაძლეული, განვლილი გზით ტკბობას არ უნდა მიეცე.
დღეს აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჩვენი მიღწევებით კმაყოფილება გაგიზიაროთ.
არ მოვსულვარ იმისათვის, რომ გითხრათ თითქოს დასახულ მიზნამდე უკვე მივედით.
არ მოვსულვარ იმისათვის, რომ მოვისმინო და თუნდაც გამოვხატო მადლიერება იმ ადამიანების მიმართ რომელებიც ამაში დაგვეხმარნენ.
ყველა ეკონომიკური კატეგორიების მიხედვით, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბ ქვეყანად ვრჩებით.
თუ გვსურს მიზანს მივაღწიოთ, უნდა ვიცოდეთ რა გზა გავიარეთ, სად ვართ და რა დაგვრჩა გასავლელი.
მე მოვედი იმისათვის, რომ ვისაუბროთ თუ საით მივდივართ და კიდევ რა გველოდება წინ.
წინ ჯერ კიდევ ბევრი და დიდი სირთულეა გადასალახავი.
მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ: ჩვენ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან ეხლა ვიცით რა გვიჭირს და რა გვტკივა, რომელი იარები გვაქვს მოსაშუშებელი.
ჩვენს მიერ უკვე განვლილი გზა მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ რამდენი გვაქვს კიდევ გასავლელი.
მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი გზა უფრო მეტი გამოწვევებითაა სავსე, ჩვენ ის სწორად გვაქვს არჩეული!
ამ გზას საბოლოო გამარჯვებამდე მივყვებით!
ჩვენ დავიწყეთ უფულობიდან, უხელფასობიდან და უპენსიობიდან და მოვედით იქამდე რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არნახული ტემპებით ვითარდება.
ქვეყნის ბიუჯეტი ხუთჯერ გაიზარდა, რაც ეს რეალური ციფრებით აისახება.
გაორმაგდა და დროულად გაიცემა პენსიები.
გასტუმრებულია მრავალწლინი საპენსიო და სახელფასო დავალიანებები.
პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ცენტრალური ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებული თითქმის ყველა ხელფასი აღემატება საარსებო მინიმუმს.
მაშინ, როდესაც ამ დარბაზში 115 ლარზე ვლაპარაკობდით, ყველა ამბობდა, რომ ეს პოპულიზმი და სისულელე იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობაა.
დღეს ქართველ მეწარმეებს სრულიად ახალ და გაცილებით ხელსაყრელ პირობებში შეუძლიათ ბიზნესის კეთება.
ევროკავშირის პრეფერენციათა განზოგადოებული სისტემით საქართველომ "GSP +"-ით სარგებლობის უფლება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ ევროკავშირის ბაზარზე 7200 დასახელების საქონელი ბაჟის გარეშე შეიტანონ.
ამჟამად ევროკავშირთან ვმუშაობთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადავიდეთ, თუმცა საამისოდ გასაკეთებელი და საბრძოლი ბევრია.
საქართველოში დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ეს სრულიად ახალ და ხელსაყრელ შესაძლებლობებს აჩენს, რაც ქართულ ეკონომიკაში დამატებით ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს.
ამგვარი სქემით საქართველოს გარდა დსთ-ს სივრცეში მხოლოდ მოლდოვა სარგებლობს.
გარდა ამისა, ევროკავშირმა "GSP+"-ის სქემა, საქართველოს გარდა, მსოფლიოს მხოლოდ 14 ქვეყანას მიანიჭა.
გასული წლის დამდეგს სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიარდ 260 მილიონ 8 ათასი ლარის მობილიზება დაიგეგმა.
გახსოვთ, რომ ბევრი სკეპტიკოსი ამას უტოპიას უწოდებდა და ჩასაფრებული ელოდა იმას, თუ როდის შემოვიდოდა პარლამენტში გაწბილებული მთავრობა წინადადებით სეკვესტრის შესახებ.
2005 წლის განმავლობაში მთავრობამ მართლაც 4-ჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტს საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის წინადადებით, თუმცა, ჩასაფრებულთა გულის გასახეთქად, ოთხივეჯერ ბიუჯეტის კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნით.
საბოლოოდ, 2005 წლის ბიუჯეტში 740 მილიონი ლარით მეტი შევიდა ვიდრე წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გამოკლებით, 2004 შედარებით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 23 პროცენტით, ხოლო 2003 წელთან შედარებით თითქმით 60 პროცენტით და ჩვენ ამ გზის მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით.
2005 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შარშან თითქმის 9 პროცენტი შეადგინა (2004 წელს 6,2 პროცენტი), რაც ძალიანი მაღალი მონაცემებია იმ პირობებეში, როდესაც ნავთობი გაძვირდა.
ნავთობის მომპოვებელმა ქვეყანამ - რუსეთმა მხოლოდ 6 პროცენტიანი ზრდა შეძლო.
ნავთობი რომ არ გაძვირებულიყო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 13-14 პროცენტს შეადგენდა.
ინფლაციის გათვალისწინებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, 2002 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და ერთ სულ მოსახლეზე 1421 დოლარს გაუტოლდა.
საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი 2006 წელს თითქმის 1670 დოლარს მიაღწევს, ხოლო 2010 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტის ოდენობად 2400 დოლარია ნავარაუდევი.
2009 წლის შემდეგ კი, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ოგანიზაციების კატეგორიების მიხედვით, საქართველო ღარიბი ქვეყანა აღარ იქნება.
სიღარიბეს ერთხელ და სამუდამოდ დავტოვებთ წარსულში.
ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამბიციაა.
ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც საქართველოს სიღარიბიდან გამოიყვანს და ამით უნდა ვიამაყოთ.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად ბევრი ტყუილისა და პესიმისტური წინასწარმეტყველებისა, ინფლაციამ პირველად განიცადა კლება და 6,2 პროცენტი შეადგინა - ეს იმ პირობებში, როცა ძალიან ბევრს ვხარჯავთ.
ჩვენთვის ეს საკმაოდ მაღალი შედეგია, რადგან მეზობელ რუსეთში ინფლაცია 10 პროცენტზე მეტს შეადგენს.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 33 პროცენტით გაიზარდა და 3,3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
2005 წელს საქართველოს ექსპორტი 36 პროცენტით გაიზარდა.
აქამდე უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია პრივატიზაციამ.
2005 წელს პრივატიზებულია 816 ობიექტი და აქედან შემოსულმა თანხამ წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ზრდის დინამიკა ასეთია: 2003 წელს 11 მილიონი ლარი, 2004 წელს 38 მილიონი, ხოლო 2005 წელს 233 მილიონი ლარი.
მთლიანობაში 2005 წელს სახელმწიფო ქონებისა და საწარმოებიდან, მათ შორის პრივატიზაციის გათვალისწინებით, მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული - 522 მილიონ 826 ათასი ლარი შეადგინა.
გასული წლების განმავლობაში ობიექტების „პრიხვატიზაცია" ხდებოდა და მთელი ფულის კონკრეტული ადამიანების ჯიბეებში მიდიოდა.
პრივატიზაცია, რეალურად, ინვესტიციების მოზიდვის საშუალებაა.
2005 წელს პრივატიზებულ ობიექტებში მომდევნო 2 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 300 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
საქართველო მყარი ნაბიჯით იმტკიცებს საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგს.
მაგალითად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, "International Finance Corporation"-ი, 12 საუკეთესო რეფორმატორთა შორის, საქართველოს მეორე ადგილზე განიხილავს.
"Heritage Foundation" საქართველოს 28 ნაბიჯით აწინაურებს და, ძირითადად, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნათა რიგს მიაკუთვნებს.
იგივე სტატუსით სარგებლობს ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობა.
საქართველო უსწრებს რუსეთს, უკრაინას და თითქმის ყველა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას.
უმნიშვნელოვანესმა საერთაშორისო საფინანსო სარეიტინგო კომპანიამ "Standard and Poor's Rating Servise" - საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო სუვერენული რეიტინგი B+ მიანიჭა.
ეს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის საერთაშორისო დონეზე აღიარებას ნიშნავს და მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისათვის.
ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე გამოუსწორებელი ოროსნები ვიყავით, ხოლო ეხლა ოთხოსნები გავხდით.
ასეთი რეიტინგი პოსტსაბჭოთა სივრცეში მსოლოდ რუსეთს, ყაზახეთსა და უკრაინას აქვთ.
რაც მთავარია, ამ რეიტინგით ქართული კომპანიები და, განსაკუთრებით, ქართული ბანკები უფრო საიმედო პარტნიორები ხდებიან, რაც მათ საშუალებას აძლევს მოიპოვონ უფრო იაფი კაპიტლი და საქართველოში ჩვენი მეწარმეების გასაძლიერებლად, უფრო იაფი სესხები გასცენ.
B+ სუვერენული რეიტინგის მინიჭება განაპირობა საქართველოს მთავრობის სწორმა ფინანსურმა პოლიტიკამ, კორუფციის შემცირებამ, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა, საგადასახადო რეფორმამ და პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებამ.
გამარტივდა და მოწესრიგდა საგადასახადო სისტემა.
საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით, ლიბერალურმა საგადასახადო კოდექსმა უკვე შესამჩნევი როლი შეასრულა.
ამის დასტურია ის, რომ 2003 წელთან შედარებით, ახლად დარეგისტრირებულ მეწარმეთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა - 2005 წელს საქმიანობა 54 ათასმა მეწარმემ დაიწყო და გადამხდელად დარეგისტრირდა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა - სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა, 2005 წელი, საქართველოს ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე წარმატებულ წლად აღიარეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანას მიმზიდველი პერსპექტივები აქვს, რადგან მთავრობა აგრძელებს დაწყებულ რეფორმებს, წარმატებით ახორციელებს პრივატიზაციის პროცესს, უზრუნველყოფს ენერგოსექტორის ეფექტურ რესტრუქტურიზაციასა და საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების ტენდენციას.
ეს, უპირველესად, თქვენი დამსახურებაა, რადგან საქართველოს პარლამენტში, ყოველგვარი კერძო ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ყველაზე გაბედული რეფორმისტული კანონები შემოვიდა.
კერძო ინტერესები ყოველთვის ქართული პარლამენტის ავადმყოფობა იყო, ასე იყო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც.
ჩვენმა პარლამენტმა ყველას ინტერესებზე მაღლა დადგომა და გადამწყვეტი, ძალზე რადიკალური, რეფორმისტული კანონების მიღება მოახერხა.
ტურიზმი ჩემი მთავარი პრიორიტეტია.
ტურისტისათვის საქართველო ძალზე არამიმზიდველი ქვეყანა იყო.
საქართველოში ჩამოსვლა საშიში ხდებოდა, როდესაც ჩვენი ულამაზესი ქვეყნიდან მხოლოდ დამთრგუნველი კადრები და სურათები მსოფლიო მასმედიასა თუ პრესის ფურცლებზე ხვდებოდა; ტურისტებს იტაცებდნენ, ცემდნენ, აყაჩაღებდნენ; თითქმის ყველა სასტუმროში, სამწუხაროდ, ლტოლვილები ცხოვრობდნენ; ტურისტული ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილი და მორღვეული იყო.
დღეს ჩვენ ყოველივე ამის შემობრუნება დავიწყეთ.
ეს ჩვენი ამბიციაა - საქართველომ, როგორც მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველმა და საინტერესო ქვეყანამ ძველი დიდება აღიდგინოს.
მოვედით იქამდე, რომ პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ტურიზმმა განვითარება დაიწყო - თითქმის ორჯერ გაიზარდა უცხოელი ტურისტების რაოდენობა და მთელი ტურისტული ინფრასტრუქტურა უმჯობესდება.
ვამაყობ იმით, რომ გუდაურსა და ბაკურიანში გაიხსნა ახალი საბაგირო გზები და წელს პირველად თავისუფალი ადგილები თითქმის არ იყო.
ჩვენ შევძლებთ ჩვენი სათხილამურო კურორტები ავაყვავოთ, რომლებიც ევროპის მასშტაბით უნიკალურია და ნამდვილ ბრენდებს წარმოადგენს - ყოფილი აღმოსავლეთ ევროპის და საბჭოთა კავშირის ნებისმიერი მცხოვრებელი გეტყვის სად არის ბაკურიანი და გუდაური.
ჩვენ ეს ხალხი უნდა დავიბრუნოთ, რასაც მივაღწევთ კიდეც.
ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტები განსაკუთრებულია თავისი ბუნებრივი პირობებით.
გუდაურში და ბაკურიანში სასტუმრო სასტუმროზე შენდება. ტურისტთა ინტერესი და ნაკადი იმდენად მზარდია, რომ კიდევ ბევრი უნდა აშენდეს, რათა მთელი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
ერთი კვირის წინათ პირადად ვიყავი იქ და საკუთარი თვალით ვნახე რამდენად დიდია ტურისტების ნაკადი.
ასევე გასულ კვირას რამდენიმე ჩემი მეგობარი შაბათ-კვირას გუდაურში სასრიალოდ ასვლას ცდილობდა და ვერ შეძლეს, რადგან არცერთი სასტუმროს ნომერი თავისუფალი არ აღმოჩნდა და ოთახების დაჯავშნას მხოლოდ მომავალი შაბათ-კვირისთვის დაპირდნენ.
ამ კურორტებზე, რეალურად, შევძლებთ ათობით, ხოლო რამდენიმე წელიწადში ასობით ათასი ტურისტი მოვიზიდოთ.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ერთდროულად, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ათობით ახალი სასტუმრო შენდება. სასტუმროების რაოდენობითა და ხარისხით, თბილისი მალე ძალიან ბევრ დედაქალაქს გაუსწრებს, მათ შორის, ჩვენს ახლო სამეზობლოშიც.
2005 წელს ტურისტთა რაოდენობა თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობამ 4-ჯერ იმატა.
აჭარაში წელს მინიმუმ 50-60 ტურისტული ობიექტი აშენდება, ძირითადად, სასტუმროების მშენებლობა დაიწყო.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპია.
სასტუმროებიდან გაგვყავს დევნილები, რომლებსაც კონპენსაციას ვაძლევთ და აჭარის შავიზღვისპირეთში, ახალი ინვესტიციების საფუძველზე, სრულიად თანამედროვე სასტუმროების მშენებლობას ვიწყებთ.
ჩვენ კურორტებზე, უპირველესად ბორჯომში, ბაკურიანში, ბათუმსა და ქობულეთში ახალი წყალსადენები გაგვყავს.
გაგვყავს იქ, სადაც წყალსადენისა და კანალიზაციის თანამედროვე სიტემები ყველაზე მეტადაა საჭირო.
კომუნისტებმა "მოახერხეს" ის, რომ მთავარ ადგილებში კანალიზაციისა და წყალსადენის სისტემა არ ააშენეს, მიუხედავად იმისა, რომ ფული თავზე საყრელი ჰქონდათ.
ჩვენ უკანასკნელ კაპიკებს ვკრებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ, ასჯერ უფრო მეტი თანხა გვიჯდება, მაგრამ საქმე ბოლომდე მიგვყავს.
ზაფხულში მწყობრში შევა ბაზალეთის კომპლექსიც - ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო.
დღეს თბილისში სასტუმრო „რადისონ სასის" პრეზენტაცია იმართება - ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროს დასახელება.
სასტუმრო "ივერია", რომელშიც დევნილები ცხოვრობდნენ, 10 წლის განმავლობაში ჩვენი ნგრევის, დამცირებისა და გაუბედურების სიმბოლო იყო.
დევნილებს კომპენსაცია მივეცით და სასტუმრო დავაცლევინეთ.
დღეს "ივერიის" შენობაში ახალი, თანამედრორვე სასტუმრო შენდება.
თბილისში სასტუმროების მეორე დიდი ქსელის - „ჰაიატის" სასტუმროს მშენებლობა იწყება, რისთვისაც რესტორან არაგვის და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღება მიმდინარეობს.
მოსკოვის გარდა, თბილისი ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქალაქი ხდება, სადაც თითქმის ყველა დიდი სასტუმრო და საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი.
საქართველოსათვის ეს დიდი უპირატესობის მომტანია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში არ არსებობდა თავისუფალი მეწარმე.
თუ სადმე ვინმე ფულს შოულობდა, მას ან "კრიშა" ანუ რეკეტიორი-მეწილე უნდა ჰყოლოდა, ან თავად უნდა ყოუფილიყო რეკეტიორი. ბევრი თქვენგანი ადრე ბიზნესის წარმომადგენელი იყო და პარლამენტში მხოლოდ იმის გამო მოვიდა, რომ საკუთარი ბიზნესი დაეცვა.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკა განვითარდეს.
უკვე დღეს, ქართული ეკონომიკა გამარტივებული კოდექსის, შემცირებული მაკონტროლებლების, ლიცენზირების გამარტივებული წესებისა და შემცირებული გადასახადების წყალობით, ჩვენს რეგიონში უკვე ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურად ითვლება.
ამ მხრივ, პარლამენტმა ბევრი რამ გააკეთა.
ნახევარი წლის წინათ, ჩვენს მიერ შემოტანილი იქნა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ლიცენზირების და ნებართვების სფეროს, ასევე სამეწარმეო კონტროლის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას ისახავდა მიზნად.
მანამდე არსებული ლიცენზიებისა და ნებართვების, დაახლოებით, 60 პროცენტი გაუქმდა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის ფორმები მინიმუმამდე შემცირდა.
ამასთან დაკავშირებით, დებატები საქართველოს პარლამენტშიც მრავლად იყო და სკეპტიკოსები გვიწინასწარმეტყველებდნენ, რომ მასიურად გავრცელდებოდა ეპიდემიები, გაიზრდებოდა ავტოსატრასპორტო ავარიების შემთხვევები; სურსათის ხარისხზე კონტროლის შესუსტების შემდეგ, მოიწამლებოდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
რა მივიღეთ შედეგად? - რა თქმა უნდა, კონტროლის არცერთი ფორმის გაუქმების გამო, არანაირი კატაკლიზმები არ მომხდარა, რადგან ყოველივე ეს უფუნქციო, ფურცლის გაცემაზე აგებული, მახინჯი, ბიუროკრატიული პროცედურები იყო.
ამიტომ, მათ გაუქმებას არც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და არც ქვეყნის უსაფრთხოებაზე არ უმოქმედია.
ერთადერთი მოხდა ის, რომ ზოგიერთ ადამიანს ბევრად ნაკლები კორუფციული შემოსავალი აქვს, ყველა დანარჩენი კი, თავს უკეთესად გრძნობს.
ფულის კეთების საშუალება ბევრ ადამიანს მოვუსპეთ.
ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის განვითარებისათვის ლიცენზიები და ნებართვები ერთადერთი დამაბრკოლებებლი ფაქტორი არ არის.
დღეს მთავარი პრობლემები საბაჟო სისტემაში გვაქვს.
პირველი ამათგან საბაჟო კანონმდებლობა და საბაჟო გადასახადების საკითხია.
არავისთვის დასამალი არაა, რომ საბაჟო, სამწუხაროდ, ისევ რჩება ყველაზე რთულ სფეროდ, კეთილსინდისიერი ბიზნესისთვის აუღებელ ციხესიმაგრედ.
სულ რაღაც ორიოდე წლის წინათ, ძალზე მწარე რეალობის წინაშე ვიდექით - ქრთამის სახით გადახდილი თანხის გარეშე, არცერთი საბაჟო პროცედურა, მნიშვნელობა არ ჰქონდა იმპორტს ეხებოდა ეს, ექსპორტს თუ ტრანზიტს, არ სრულდებოდა.
საბაჟოზე არსებული კორუფციის წინააღმდეგ, პირველივე დღეებიდან აქტიური ბრძოლა დავიწყეთ.
ქრთამის აღების ფაქტებზე სამართალდამცველებმა ასობით მებაჟე დააკავეს, მაგრამ ეს ხალხი ჭკუას ვერ სწავლობს.
ადრე საბაჟო კანონმდებლობაში არავინ არ იხედებოდა და საბაჟო კოდექსი არაფერში არ სჭირდებოდათ, ყველაფერი მარტივად, კორუფციული გარიგების გზით გვარდებოდა.
მივიღეთ მეორე სავალალო სიტუაცია.
საბაჟო კანონმდებლობის ხარვეზებმა გამოიწვია ის, რომ საქონლის განბაჟებისათვის საჭირო ვადა ათჯერ და მეტად გაიზარდა.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ რეფორმები ამ მიმართულებითაც დაჩქარდეს.
დღეს ჩვენ გვჭირდება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელსაც ყველა განუხრელად დაიცავს.
ცალკე თემად უნდა გამოვყოთ საბაჟო ტარიფის საკითხი.
დღეს ჩვენთან საბაჟოზე საქონლის შემოტანისას დამატებითი ღირებულების გადასახადის გარდა იმპორტიორმა უნდა გადაიხადოს საბაჟო გადასახადი.
ამ გადასახადის ოდენობა დიფერენცირებულია იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან და რა პროდუქცია შემოდის.
დღეისათვის საქართველოში 16 სატარიფო განაკვეთი მოქმედებს.
არის კიდევ ერთი საინტერესო საკითხი - რუსეთიდან და დსთ-ის ქვეყნებიდან შემოტანილ საქონელზე საბაჟო გადასახადი ნული პროცენტი გვაქვს, მაშინ, როდესაც იმავე პროდუქციის ევროპიდან შემოტანის შემთხვევაში, ეს გადასახადი შეიძლება იყოს 20 პროცენტი ან მეტი.
მსგავსი სატარიფო პოლიტიკა ყველაზე კარგი რეცეპტია იმისათვის, რომ ქვეყანაში ბიზნესი ჩვენთვის სასურველი ტემპებით ვერ განვითარდეს.
ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანია, რომ მდგომარეობა რადიკალურად შევცვალოთ.
საბაჟო გადასახადები ეტაპობრივად უნდა შემცირდეს.
16 სატარიფო განაკვეთის ნაცვლად იმოქმედებს მხოლოდ სამი სატარიფო განაკვეთი: 0 პროცენტი, 5 პროცენტი და 12 პროცენტი.
წელს ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ იმ პროდუქციათა ნუსხა, რომელზეც საბაჟო გადასახადი იქნება 5 პროცენტი ან 12 პროცენტი.
უფრო მაღალ საბაჟო გადასახადებზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ.
მანქანა-დანადგარებზე და წარმოების ძირითად საშუალებებზე ჩვენ წელსვე უნდა გავანულოთ საბაჟო გადასახადი და უკვე შემდეგი წლიდან, ნებისმიერი სახის საქონელზე საბაჟო გადასახადი საერთოდ უნდა გავაუქმოთ.
ეს არის გზა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გაიარა ესტონეთმა და სწორედ ამან მისცა საშუალება ესტონეთს მიეღწია ეკონომიკის ზრდის უმაღლესი მაჩვენებლებისათვის. ეს იქნება ეკონომიკის ლიბერალიზაციისაკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
ამასთან დაკავშირებით, უკვე არსებობს კონკრეტული გათვლები.
წელს ეს ცვლილებები ბიუჯეტის შემოსავლების 80 მილიონი ლარით შემცირებას გამოიწვევს, მაგრამ ეს ისევ ეკონომიკაში, ხალხის კეთილდღეობასა და ადამიანების დასაქმებაში ჩადებული ფულია.
ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე წასვლა ღირს.
ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განხორციელდეს საბანკო და საფინანსო სფეროშიც.
ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა პირობა იმისათვის, რომ უცხოურ საბანკო ორგანიზაციებს ქართულ ბაზარზე დაუბრკოლებლად შემოსვლის საშუალება ჰქონდეს.
ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორციელებელი გაკოტრების კანონმდებლობაში.
გაკოტრების უაზროდ გაწელილი პროცედურის გამო, "თბილგაზში" ინვესტორი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შემოვიყვანეთ.
კახეთში რამდენიმე თვე არ იყო დენი იმის გამო, რომ ერთმა თაღლითმა, თავის დროზე, კახეთის ენერგოსისტემა მიითვისა, რომელიც შემდეგ მეორე ადამიანს მიყიდა.
მასაც, თავის მხრივ, ეს სიტემა საერთოდ არ ადარდებდა და შედეგად, კახეთი ჩაბნელებული იყო.
ჩვენივე შექმნილი დაბრკოლების გამო, კახეთი ენერგოსისტემის გაყიდვა შეუძლებელი გახდა.
აქედან გამომდინარე, გაკოტრების კანონი მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს და სასამართლოს კომპეტენციის სფეროდან გავიდეს.
გაკოტრების პროცედურა ავტომატურად უნდა მუშაობდეს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობა ვალებისაგან ქონების დროულად გათავისუფლების საშუალებას არ იძლევა, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.
ეკონომიკის ლიბერალიზაციისათვის ასევე აუცილებელია შრომის ლიბერალური კანონმდებლობის შექმნა.
არცერთი მსხვილი ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში, სადაც შრომითი ურთიერთობის ყველა დეტალი მხოლოდ კანონით რეგულირდება და დასაქმებული კადრის სამუშაო პირობების თავად განსაზღვრისა და მასთან შეთანხმების საშუალება არ აქვს.
შრომის კანონთა კოდექსის ახალ პროექტზე უკვე დიდი ხანია მიდის მსჯელობა საქართველოს პარლამენტშიც, თუმცა ხშირად, პარლამენტშიც და მედიაშიც, ამ თემის კომენტირებისას, არასწორი ინტერპრეტაცია კეთდება.
ფეხმძიმეთა შრომის უფლებების შელახვა ახალი პროექტის მიზანი არ არის და არც იქნება - ეს უფლებები დაცული იქნება ზუსტად ისე, როგორც დღემდე მოქმედ კანონმდებლობაშია.
ასევე არ არის ამ პროექტის მიზანი შვებულების ხანგრძლივობაში რაიმე ნოვაციების შემოტანა.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ყველა პირობა იმისათვის, რომ შრომითი ურთიერთობების საკითხები წყდებოდეს მხარეთა შეთანხმებით და ამით საშუალება მივცეთ როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს.
მხარეებმა თავად განსაზღვრონ შრომითი ურთიერთობის ცალკეული საკითხები.
უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას, რეალურად, მხოლოდ ასეთი შრომის კანონთა კოდექსით შევძლებთ.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჰააგის 1961 წლის კონვენციის რატიფიკაცია, რომლის მიხედვითაც, უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნა უქმდება.
დღემდე უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება შესაბამის ქვეყანაში საქართველოს კონსულთან დამატებით დამოწმებას საჭიროებდა.
ასევე გართულებული იყო ჩვენი ქვეყნის თანამდებობის პირთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების დამოწმება.
ეს კონვენცია საშუალებას გვაძლევს გავამარტივოთ აღნიშნული პროცედურები როგორც უცხოელი ინვესტორებისათვის, ისე ჩვენი მოქალაქეებისათვის.
ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანია ჯანდაცვა.
ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც არავის ჯეროდა.
დღეს მთელ საქართველოში, სადაც არ უნდა იკითხო, "03" სამსახური ყველგან მოქმედებს და ჩვენ ამით ვამაყობთ.
მთელი რიგმა კატეგორიებმა მიიღეს დაზღვევა და ეს მარტო ქაღალდი არ არის.
სანამ ეს სისტემა ამოქმედდებოდა, ადამიანებს წართმეული ჰქონდათ უფლება და საშუალება დაეცვათ საკუთარი, საკუთარი შვილებისა და მშობლების ჯანმრთელობა.
დავიწყეთ იქიდან, სადაც მთლიანად მორღვეული და მოშლილი იყო ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემა.
დავიწყეთ იქიდან, სადაც სახელმწიფო ვერ ასრულებდა ვერც ერთ სოციალურ ვალდებულებას.
დავიწყეთ უპენსიობიდან, უშემწეობიდან და უწამლობიდან.
თუმცა მოვედით იქამდე, რომ პირველად დამოუკიდებელ საქართველოში შეიქმნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეროვნული სამსახური.
მოვედით იქამდე, რომ "03" მთელ ქვეყანაში უფასოა, ანუ ღვთის ანაბარა მიტოვეული არავინ არის.
მოვედით იქამდე, რომ პირველადი ამბულატორიული დახმარება უფასოა.
მოვედით იქამდე, რომ მშობიარობა უფასოა, რომ სოციალური და ჯანდაცვის კუთხით აღებული ყველა ვალდებულება სრულდება. ეს ძალიან ბევრი განვითარებული სახელმწიფოსთვისაც კი ფუფუნებაა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში პირველად აშენდა ახალი საავადმყოფო - ექსპერტთა შეფასებით ქუთაისის სამედიცინო ცენტრი, მსოფლიოს ამ რეგიონში საუკეთესო ჰოსპიტალია.
წელს ჩვენ გავაკეთებთ ახალ თანამდროვე საავადმყოფოებს გორში, ზუგდიდში და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს უმაღლეს დონეზე აუცილებლად აღვადგენთ, რომელიც დღეს კატასტროფულ ობიექტად არის ქცეული.
ეს საავადმყოფო ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნდა გახდეს და თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ საავადმყოფოდ უნდა იქცეს. ამის განხორციელებას წელს დავიწყებთ და მომავალ წელს დავასრულებთ.
ჩვენ ყველა რაიონში ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს ვაშენებთ.
ვაშენებთ ტუბერკულოზის ცენტრს, მომავალი წლიდან ონკოლოგიური საავადმყოფოს აღჭურვაზე ვიზრუნებთ, რისთვისაც თანამედროვე აპარატურას ჩამოვიტანთ.
საქართველოში ონკო-გემატოლოგიური დაავადებების მკურნალობაც უნდა გახდეს შესაძლებელი.
საქართველოში ყველა დაავადება უნდა იკურნებოდეს.
ესეც ჩემი ერთ-ეთრი მთავარი ამბიციაა.
ახალი საპენსიო კანონის მეშვეობით, საპენსიო სისტემაში წესრიგი დამყარდა და არსებული ქაოსი და განუკითხაობა აღმოიფხვრა.
სახელფასო და საპენსიო დავალიანებები თითქმის სრულად გავისტუმრეთ.
2 წლის წინათ ეს ბევრს სრულიად წარმოუდგენლად მიაჩნდა - პოპულისტებსა და უტოპისტებს გვარქმევდნენ.
ჩვენ შევძელით ის, რომ თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც, სისტემატურად იზრდება პენსიები და ეს ზრდა სტაბილურია. თქვენ იცით, რომ წელს პენსიები კიდევ 10 ლარით გაიზრდება; ის 2-3 ლარიანი განსხვავებებიც, რომელიც საპენსიო დავალიანებაშია, წლის ბოლომდე გასტუმრებული იქნება.
მთავარია, რომ სიღარიბის პროგრამა ავამოქმედოთ, რაც რაეალურად მოგვცემს საშუალებას თანხა მათ მივცეთ, ვისაც ეს, რეალურად, ყველაზე მეტად ჭირდება.
ამ პროგრამის პირველი ეტაპი ზაფხულში ამოქმედდება.
ჩვენ დავიწყეთ განათლების სფეროს ფუნდამენტური რეფორმირება.
ეს ჩვენი საზოგადოების მთავარი საკითხია.
რა საზოგადოება ვართ ჩვენ?
70-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ ვიყავით საზოგადოება, რომელშიც ნიჭიერ ადამიანს საქართველოში არსებული კორუფციის ქსელიდან გაღწევის თითქმის არანაირი შანსი არ ჰქონდა.
უმაღლეს საწავლებელში თითქმის ყველა ადგილი იყიდებოდადა ეს ყველამ კარგად ვიცით.
მე ამისაგან არ დავჩაგრულვარ, მაგრამ ბევრი თქვენგანი მოხვედრილა ამ წნეხის ქვეშ.
დამოუკიდებლობის შემდეგ ამ ხალხმა მთლიანად აიშვა.
დიპლომი 4 "კანისტრა" ბენზინის ფასად იყიდებოდა.
კარგი ნიშანი კარგ ნაცნობს ნიშნავდა.
საქართველო არ იყო ნიჭიერებაზე დაფუძნებული საზოგადობა - ეს იყო კორუფციაზე და ნაცნობობაზე დამოკიდებული საზოგადოება.
ჩვენ დავიწყეთ გაუნათლებლობიდან.
დავიწყეთ იქიდან, რომ ჩვენ ახალგაზრდებს არც შანსი ჰქონდა განათლება დამსახურებულად, თავისი ცოდნის წყალობით მიეღოთ და არც საშუალება, რომ შემდეგ მიღებული განათლება საკუთარი წარმატებისთვის გამოეყენებინათ.
დავიწყეთ გაპარტახებული, გაჩანაგებული და დაცარიელებული სკოლებიდან, კორუფციის ჭაობად ქცეული უმაღლესებიდან, რომელთა დიპლომს ზოგან ოთხი "კანისტრა" ბენზინის ფასი ქონდა.
ამ უმაღლეს სასწავლებლებში კარგი ნიშანი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ნიშნის დამწერი კარგად იყო მოქრთამული, ან ისეთი ახლობელი გყავდა, რომელიც ნიშნის დამწერს კარგად იცნობდა.
თქვენ იცით, ჩვენ იქამდე მოვედით, რომ განათლების სისტემაში განხორციელებული რევოლუციური რეფორმის შედეგად, საქართველოში პირველად ჩატარდა სამართლიანი გამოცდები.
ეს ის რეფორმაა, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების სისტემა მთლიანად შეცვალა.
ეს ის რეფორმაა, რომელიც ყველას, მათ შორის, ყველა საბჭოთა მოქალაქის სალაპარაკო თემად იქცა.
საქართველოში ჩივილი "ნაციონალური სპორტი" იყო.
გახსოვთ, როდესაც საქართველოში პირველი ეროვნული ხელისუფლება მოვიდა, იმ დროს მედიკოსთა მშობლების გაფიცვები მთავარი მოტივი იყო.
ეს დრო დასრულდა.
წელს საჩივრების რაოდენობა მხოლოდ 3,6 პროცენტი იყო, დასავლეთ ევროპაში - 5 პროცენტი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში 7-დან 10 პროცენტამდე მერყეობს.
საქართველოში განთლების სფეროში მომჩივნების რაოდენობა იყო ყველაზე მცირე.
თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა 43 პროცენტი იყო თბილისელი, 57 პროცენტი კი - რეგიონების წარმომადგენელი.
ყველაზე მეტი აბიტურიენტი ონის რაიონიდან ჩაირიცხა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ბავშვები სანთლის შუქზე, ყოველგვარი რეპეტიტორების გარეშე სწავლობდენენ, მათ პირობები არ ჰქონდათ - ჰქონდათ მხოლოდ ნიჭი და მონდომება.
ყველაზე წარმატებული იყო არა ვაკელი, ან საბურთალოელი აბიტურიენტი, არამედ თელაველი - ანა მამუკელაშვილი.
მან ყველაზე მაღალი ქულების მიღება მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და მონდომების წყალობით მოახერხა.
ანა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის მკვიდრია და ამავე სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა.
ახლა ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო უმაღლესი სასწავლებლის - ESM-ის ბანკებისა და ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტია.
ანა ახალი საქართველოს ნამდვილი სახეა და ის და მისთანანი მომავალი საქართველოს ბატონ-პატრონები არიან.
ჩვენი განათლების სისტემის რეფორმის უმთავრესი მონაპოვარია ის, რომ დღეს ანასნაირ ახალგაზრდას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უამრავია, შეუძლია ცხოვრება საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად დაგეგმოს.
ისინი შეძლებენ საჭირო განათლება მიიღონ, დამსახურებულად ჩაირიცხონ სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, სამუშაო ადგილი კი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისი ჰქონდეთ.
ჩვენი განათლების რეფორმის მიზანია, რომ თანამედროვე სამყაროში ქართველი ახალგაზრდა კონკურენტუნარიანი იყოს, შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია არა მარტო თავისი სოფლის, რაიონის, ქალაქის ან ქვეყნის მასშტაბით, არამედ გლობალური კონკურენციისა და განვითარების რიტმს შეეწყოს და საამისოდ ყველა საჭირო ატრიბუტიკით იყოს აღჭურვილი.
ჩვენ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება ისწავლონ უცხო ენები, ფლობდნენ გლობალური კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს კომპიუტერი და ინტერნეტი.
უმნიშვნელოვანესია ჩვენი განსთლების რეფორმა, რომელსაც ერთად ვახორციელებთ.
2005 წელს თქვენ მიიღეთ კანონი "ზოგადი განათლების შესახებ", რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა დაფინანსდეს.
ამ კანონის დაფინანსება, მართვა და სასწავლო გეგმა მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული.
50 პროცენტით გაიზარდა სკოლების სახელმწიფო დაფინანსება და ამოქმედდა დაფინანსების სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემა: "ერთ მოსწავლეზე გათვლილი ბიუჯეტი".
შედეგად, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, დაიწყო სკოლის მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.
პირველად სკოლების მართვაში ჩაერთნენ პედაგოგები და მშობლები: არჩევითი სასკოლო სამეურვეო საბჭოები - 50/50 არჩეული მშობლები და პედაგოგები + 1 არჩეული უფროსკლასელი (არჩევნები 2006 წელს გაიმართება).
ქვეყნის 100 სკოლაში დაიწყო ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პილოტირება - დამოუკიდებელ საქართველოს არასოდეს ჰქონია საკუთარი ეროვნული სასწავლო გეგმა - ჩვენი მოსწავლეები საბჭოთა კავშირში შედგენილი სასწავლო გეგმებით სწავლობდნენ.
2006 წლის სექტემბერში ათასობით ქართველი მოსწავლე შეუდგება სწავლას ახალი ეროვნული სასწავლო გეგმითა და ახალი სახელმძღვანელოებით.
ჩვენ ავამოქმედეთ "მასწავლებლის პროფესიული განვითარების კონცეფცია", რომელიც მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების უწყვეტ სისტემას უზრუნველყობს.
საქართველოს განათლების სისტემაში აღმშენებლობის ასეთი მასშტაბები არასოდეს ყოფილა.
გასულ წელს უკვე აშენდა 28 ახალი, კაპიტალურად გარემონტდა 180 სკოლა, ხოლო 70-ში მიმდინარეობს რემონტი.
280 სკოლაში შეტანილია 1500 კომპიუტერი, ხოლო მიმდინარე წელს სრულად დამთავრდება ყველა სკოლის კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პროგრამა.
ჩვენ დავიწყეთ პროგრამის "ირმის ნახტომი" განხორციელება ამ პროგრამის დაწყების მომენტისთვის (2005 წლის დასაწყისი) 200 მოსწავლეზე ერთი (ხშირად, მეორადი) კომპიუტერი მოდიოდა, ამჟამად 125 მოსწავლეზე ერთი კომპიუტერი მოდის, ხოლო 2006 წლის ბოლოს 80 მოსწავლეზე ერთი კომპიუტერი მოვა.
ჩვენი მიზანია, რომ 2009 წლისთვის 20 მოსწავლეზე 1 უახლესი კომპიუტერი იყოს გათვალისწინებული, რაც აღმოსავლეთ-ევროპული მაჩვენებელია და ქვეყნის ყველა სკოლის ჩართვა ინტერნეტში.
მიმდინარეობს პროგრამა "იაკობ გოგებაშვილი", რომელიც 2005-2010 წლებში საქართველოს ყველა სკოლის სრულ განახლებას ითვალისწინებს - ახალი ინვენტარითა და ლაბორატორია-კაბინეტებით, ასევე, კარგი სპორტული დარბაზებითა და მოედნებით აღჭურვას.
2006 წელს 30 ახალი სკოლა აშენდება (ან დაიწყება მშენებლობა), მთლიანად განახლდება 50-ზე მეტი, ხოლო 200-ზე მეტ სკოლაში დაიწყება ეტაპობრივი კაპიტალური სამუშაოები: გათბობისა და სანტექნიკის სისტემები, გადახურვა, კარ-ფანჯრები და სხვა.
2006 წელს სხვადასხვა ქალაქში გაიხსნება 10-მდე მთლიანად აღჭურვილი პროფესიული მომზადების ცენტრი, რომელიც სულ მცირე 2000 ახალგაზრდას მიიღებს და მისცემს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პროფესიულ განათლებას და უნარ-ჩვევებს, ანუ შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშესახებ პერსპექტივას.
დღეს სოფლის სკოლებში მისასვლელად, ბავშვებს 3-7 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ, ხშირ შემთხვევაში მათ ფეხსაცმლის პრობლემაც აქვთ.
რაიონებში სკოლები უნდა გავამსხვილოთ.
წელს ჩვენ შემოვიყვანთ სასკოლო ავტობუსებს, რომლებიც მეზობელი სოფლებიდან ბავშვებს სკოლებში ატარებს.
მაგალითად, ამას წინათ, ალეშფერონში - ლაგოდეხის რაიონის ოსურ სოფელში ვიყავი, სადაც 3 ქართული და 4 ოსური სკოლაა.
იქ ერთი ქართული და ერთი ოსური სკოლა უნდა დარჩეს, რომლებიც უმაღლეს დონეზე გარემონტებული, გამთბარი, კომპიუტერიზირებული და მოწესრიგებული იქნება.
მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს კი, იქ მისასვლელად, სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ.
საქართველო დიდ ნაბიჯებს დგამს ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცისკენ.
2005 წელს საქართველო ბოლონიის პროცესის სრულუფლებიან წევრად მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2010 წლისთვის ჩვენს სტუდენტებსა და პროფესორებს ერთიან ევროპულ საგანამანთლებლო სივრცეში დაუბრკოლებლად გადაადგილება შეეძლებათ.
ჩვენი უნივერსიტეტების პროგრამები და ხარისხები ევროპულ უმაღლესებთან თავსებადი გახდება.
იმისთვის, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებელთა კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანი იყვნენ, ჩვენი უმაღლესი განათლების პროგრამები და სტრუქტურები საერთაშორისო თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ.
2005 წელს მიიღეს მნიშვნელოვანი კანონი "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ".
მეცნიერების ახალი სისტემა თავისუფალი იქნება არაეფექტური კომუნისტური მემკვიდრეობისგან - აკადემიის ბიუროკრატიული მართვისგან.
აკადემია კლასიკურ სახეს მიიღებს - წამყვან მეცნიერთა საკრებულო, რომელიც მთავრობას სახელმწიფოს პრიორიტეტებზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებით რჩევებს მისცემს.
მეცნიერების სისტემის ძირითადი პარამეტრები იქნება: სახელმწიფო სახსრების განაწილების ღია კონკურენტული მექანიზმი; სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო რეცენზირება; ინსტიტუციური ინტეგრაცია უმაღლეს განათლებასთან; სისტემური ინტეგრაცია საერთაშორისო კვლევით სივრცეში.
სოციალური სფეროსთვის წლევანდელ ბიუჯეტში 4,5 მილიონი ლარი გამოიყო მათთვის, ვინც ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უმაღლეს სასწავლო ან კვლევით დაწესებულებებში თანამდებობებს ვერ დაიკავებს.
2006 წლიდან სახელმწიფო 5 წლიან სპეციალურ აკადემიურ სტიპენდიებს დანიშნავს.
გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა მეცნიერ-თანამშრომელთათვის: საჯარო მოხელის მინიმუმზე (115 ლარი) მეტი.
წლევანდელ ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაფინანსების თანმიმდევრული, განუხრელი ზრდისათვის დამტებით 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ამას გარდა, ჩვენ მნიშნელოვანი რამ გავაკეთეთ - გავხსენით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა. ქუთაისის ადმინისტრირების სკოლაში უკვე სწავლობენ აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები, ასევე საქართველოს იმ რეგონებიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც წლების განმავლობაში ქართული ენა მივიწყებული იყო.
ისინი სახელმწოფო ენასა და სახელმწიფო მართვის საფუძვლებს დაეუფლებიან.
კურსდამთავრებულები ადგილობრივი მართვისა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სხვადსხვა თანამდებობაზე დაინიშნებიან.
როდესაც ძველი დროის კადრებს ვუყურებ, ჩემში ყველაზე დიდ ემოციას მაშინდელი, შედარებით კარგი გზების ყურება იწვევს.
წელს და მომავალ წელს საქართველოში უფრო მეტ გზებს ავანეშებთ, ვიდრე "მდიდრულ" საბჭოთა დროში შენდებოდა.
ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში ერთდროული ინფრასტრუქტურული აღმშენებლობის ასეთი მასშტაბი არ ყოფილა.
მთელ ქვეყანაში იგება გზები და უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, შენდება ხიდები და 30 წლის განმავლობაში პირველად აშენდა გვირაბი, რომლის გახსნის პატივიც მე მერგო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიგო 500 კილომეტრი ახალი გზა, ხოლო სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოები 4000 კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე განხორციელდა.
2004-2005 წლებში აშენდა და შეკეთდა 83 ხიდი, ლენტეხის, ონის, ამბროლაურის, დუშეთის, სენაკის, გარდაბნის, ქობულეთის და სხვა რაიონებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება 40 ხიდზე.
პირველად მრავალწლიანი ნგრევებისა და სტიქიური უბედურებების შემდეგ კილომეტრობით ნაპირდამცავი ნაგებობები აშენდა იქ, სადაც ჩვენს მოსახლეობას წყალდიდობების საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრებოდა.
პირველად 70-იანი წლების შემდეგ ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე აშენდა ურთულესი კონსტრუქციის გვირაბი.
სამეგრელოს რეგიონში აშენდა ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 87 კილომეტრიანი გზა, რომელიც სამეგრელოს დასახლებულ პუნქტებს შორის მანძილს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ეს ჩემი სიამაყეა.
2005 წელს, დაიწყო ,,შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების პროექტის" განხორციელება.
გზების სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე: თბილისი-თიანეთი, ხევსურთი-სოფელი სიონი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი, ოზურგეთი-ნატანები.
გურიიდან აუცილებლად უნდა გავიდეთ ბათუმზე, მით უმეტეს, რომ თურქეთთან სავიზო რეჟიმს ვაუქმებთ და გადაადგილება თავისუფლად უნდა იყოს შესაძლებელი.
სულ მალე საქართველოში ყველა რაიონულ ცენტრთან მისასვლელი კარგი გზა იქნება და ახალი ტექნოლოგიებით სოფლის გზების შეკეთებას დავიწყებთ.
საგზაო მშენებლობაზე 2006-2008 წლებში ჩაიდება არანაკლებ 450 მილიონი ამერიკული დოლარისა, რის შედეგადაც თბილისი გორის მონაკვეთზე ევროპული ხარისხის ავტომაგისტრალი აშენდება.
პირველი თანამედროვე ავტოსტრადის მშენებლობას ხაშურამდე ვამთავრებთ და, იმედი მაქვს, 2008 წლისთვის სამტრედია-ზესტაფონის მონაკვეთსაც დავასრულებთ.
აღდგება ახალციხე-ახალქალაქის გზა, დაიწყება კარწახი-თბილისის ახალი გზის მშენებლობა და ახალქალაქი-სომხეთის საავტომობილო გზის აღდგენა.
ეს ისტორიული მნიშვნელობის პოლიტიკური აქტია.
ამის დასრულებას თქვენი დეპუტატობის ვადის და ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ვაპირებთ.
პირადად ვნახე როგორ აშენებდნენ ჩაქვი-ბათუმის გვირაბის მეგზევეები, ამ ადამიანებს არ დაუძინიათ, არც მოუპარავთ, რადგან საკუთარი ქვეყნისთვის აშენებდნენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.
ჩვენი ეპოქა ახალი არქიტექტურის მშენებლობით აღინიშნება.
საქართველოს ქალაქები ნათდება, შენდება და ლამაზდება.
კეთილმოწყობის სამუშაოები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში წელს უფრო დიდი მასშტაბებით მიმდინარეობს, ვიდრე ბოლო 15 წლის განმავლობაში.
თბილისი და საქართველოს მნიშვნელოვანი ქალაქები ასეთი ლამაზი და განათებული არასოდეს ყოფილა.
სრულიად ახალი ტიპის არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობა უკვე დაწყებულია და კვლავაც დაიწყება.
ჩვენი არქიტექტურა არ უნდა დარჩეს მეოცე საუკუნეში.
სულ მალე საქართველოს დაამშვენებს შენობები, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის შედევრების გვერდით თანაბრად დადგება.
საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი არქიტექტორი და მათი შესაძლებლობებით საქართველო XXI საუკუნის თანამედროვე არქიტექტურით უნდა იწონებდეს თავს. გავა 500 წელი და ყველა იტყვის, რომ ამ ხალხის ეპოქაში ახალი თბილისი, ახალი ზუგდიდი, ახალი ბათუმი და კიდევ მრავალი რამ აშენდა.
ჩვენი ბავშვებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდა ასობით ახალი სპორტული მოედანი და სკვერი.
შეიქმნა გაცილებით უკეთესი პირობები რათა მათ თამაში, გართობა და ჯანსაღი ზრდა შეეძლოთ.
საქართველოში პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მასობრივად ამოქმედდა იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებს ახალი კეთილმოწყობილი ავტობუსები ემსახურება.
პეტერბურგისა და ყაზანის გარდა ეს არსად ხდება.
თანამედროვე მსოფლიოში ენერგეტიკული პრობლემა მძაფრად დგას.
უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში გაზი და ელექტროენერგია ძალზე ძვირი სიამოვნებაა.
განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც ჩვენი მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად ადგილობრივი რესურსები სამწუხაროდ საკმარისი არ არის.
მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ფასები გაიზრდება და ამიტომ, დღეიდანვე, ორიენტირი ენერგომზოგავ ტექნოლოგიებსა და ენერგიის ალტერნატიული გამომუშავების მეთოდებზე უნდა ავიღოთ.
ჩვენ მაქსიმალურად ხელმომჭირნენი უნდა ვიყოთ.
დავიწყეთ მაშინ, როდესაც ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა, როდესაც სრული უკანონობა და უწესრიგობა, დაუსჯელობა და უსამართლობა იყო.
დავიწყეთ, როდესაც დანაშაულსა და კანონიერებას, კრიმინალურ სამყაროსა და სახელმწიფოს შორის საზღვარი აღარ არსებობდა.
საქართველოში ბარსელონიდან ჩამოდიოდა კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელსაც აეროპორტში შინაგან საქმეთა მინიტრი კობა ნარჩემაშვილი ხვდებოდა და მას ესკორტით აცილებდა.
ისინი ერთმანეთს უნათლავდნენ შვილებს...
დღევანდელ დღესაც გამიგია მოსაზრება, რომ ქურდები არც ისეთი ცუდი ხალხია, როგორც ზოგიერთი ამბობს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისინი ძალიან ცუდი ხალხია და სანამ საქართველოს პრეზიდენტი მე ვიქნები, საქართველოში ქურდები ვერ გაიხარებენ - მათ ფესვებიანად ამოვძირკვავთ.
თუმცა ამის გაკეთება, ჩვენი პოლიციის მიმართ ნდობის მაღალი რეიტინგის გარეშე შეუძლებელი იქნება.
დღეს ჩვენ მოვედით იქამდე, რომ პოლიციის ნდობის რეიტინგი, ჩვენი საზოგადოების მხრივ, 97 პროცენტია.
2 წლის წინათ, ეს მაჩვენებელი წარმოუდგენელ ზღაპრად მოგვეჩვენებოდა.
დღეს ჩვენ კონკრეტული პრიორიტეტები გაგვაჩნია.
ბევრი თქვენგანი და თვენი ახლობელი გამხდარა დანაშაულის მსხვერპლი.
ხშირად, ჯიბის ქურდებს, ყაჩაღებს იჭერენ, რამდენიმე დღეში უშვებენ და ისევ ქუჩაში, ჩვენი საზოგადოების გვერდით არიან.
ამიერიდან ასე აღარ იქნება!
ვაცხადებ ახალ კანონპროექტს ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ!
სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც ბინის და ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობასა და ნარკოტიკების შენახვაზე გამკაცრებულ სასჯელს ითვალისწინებს.
ამ დანაშაულებებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს - ყველა ციხეში!
ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დამღუპველი სენია.
ჰუმანურობის ნიადაგზე, ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს.
ამისათვის 3000 კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებს, მზად ვართ ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ.
ნულოვანი მოთმენა ყველანაირი, თუნდაც წვრილმანი დანაშაულის მიმართ!
დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ ნარკომანიის წინააღმდეგ.
თქვენ იცით თუ რა უბედურებაა ეს, თქვენ იცით, რომ ნარკოტიკების მთავარი გზა ავღანეთიდან საქართველოზე გადის.
ჩვენთან შემოსავლები გაიზარდა - რამდენჯერმე გაიზარდა ახალგაზრდების შემოსავალი და რამდენჯერმე შემცირდა ნარკოტიკების ფასი, ნარკოტიკი დაღეს პურზე უფრო ადვილი საშოვნია.
უნდა მოხდეს ნარკოლოგიური დიაგნოსტიკის მოდერნიზაცია.
მომავალი 4 თვის განმავლობაში ყველა სახელმწიფო მოხელეს ნარკოლოგიური შემოწმება მკაცრად უნდა ჩაუტარდეს.
არც ერთ სახელმწიფო აპარატში არც ერთი ნარკომანი აღარ იმუშავებს, საზოგადოებას უფლება აქვს, რომ სახელმწიფო აპარატში საღად მოაზროვნე ხალხი ჰყავდეს.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აშენებს სკოლებს, საავადმყოფოებს, ამბულატორიებს, შადრევნებსაც კი, და ამავე დროს, აშენებს ახალ ციხეებსაც.
ჩვენ სახელმწიფო ვართ, სახელმწიფომ კი იცის, როგორ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მათი ჯანმრთელობა, როგორ განავითაროს საგანმანათლებლო სისტემა და შესაძლებლობები და იცის როგორ უნდა დასაჯოს ის, ვინც ამ მოქალაქეებს განვითარებაში ხელს უშლის.
სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავარი ღერძია.
საქართველოს სიმდიდრე, მისი ძალა ქართველი გლეხია.
გლეხი, რომელიც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მიტოვებული, დაუცველი და დაჩაგრული იყო.
სოფლის მეურნეობა ზრუნვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საგანი გახდა და ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისათვის სტრატეგიულ სფეროდ იქცა.
გლეხები გათავისუფლდნენ მიწისა და დამატებითი ღირებულების გადასახადებისაგან.
საქართველოს ღვინის სამშობლოა.
ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში საქართველოს ეკონომიკის ამ ერთ-ერთი პრიორიტეტული და ტრადიციული დარგის, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოცოცხლებაა.
გასულ წელს ღვინის ქარხნებში გადამუშავდა 80 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და, შარშანდელთან შედარებით, უკვე ორჯერ მეტი ღვინო გავყიდეთ. იცით, ეს რის ხარჯზე ხდება? იცით რის ხარჯზე შენდება ამბროლაურში ღვინის 8 ახალი ქარხანა, ასევე კახეთში, იმერეთსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში? იცით, რის ხარჯზე იყრება კახეთში ახალი ვენახები?
ყოველივე ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ პირველად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ღვინის ფალსიფიკატორებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ.
ამ ბრძოლის დროს გამოვლინდა და დაიხურა ფალსიფიცირებული ღვინის დამზადების 30-ზე მეტი კერა; ჩამორთმეული და განადგურებული იქნა 450 ტონა ფალსიფიცირებული ღვინო; სისხლის სამართლის პასუხისგაბაში მიეცა ათეულობით პირი, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.
შედეგად, საქართველოში რთველი პირველად გაიმართა ისე, რომ ყველა გლეხმა, შარშანდელთან შედარებით, ყურძნის ორჯერ მეტი მოსავლის ჩაბარება ხელსაყრელ ფასად შეძლო.
ღვინის გამყალბებლების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება და იქნება დაუნდობელი, რადგანაც ეს ჩვენი გლეხების კეთილდღეობისათვის ბრძოლაა.
ეს არის ბრძოლა ჩვენი მევენახეების დასაცავად, ნამდვილი ქართული, უნიკალური ღვინის ჯიშებისა და კულტურების გადასარჩენად და განსავითარებლად.
საქართველოდან გავა ნამდვილი ქინძმარაული, ხვანჭკარა, მანავი...
ღვინის სამშობლო მარტო საქართველო არ არის.
მე-17 საუკუნეში საფრანგეთში ვაზი გაჩანაგდა, მაგრამ ჩამოვიდნენ საქართველოში და ვაზის ჯიშები აქედან წაიღეს - ეს ერთმა ფრანგმა მეღვინემ მიამბო.
დღეს ისინი გაცილებით მეტ ღვინოს აწარმოებენ ვიდრე ჩვენ.
ქართული სოფლის მეურნეობის პიონერები დღეს ჩვენ უკვე გვყავს. სამაგალითოა კომპანია "თბილღვინოს" საქმიანობა, რომელიც მხოლოდ ქართული ღვინის ჯიშებს იყენებს, რომლის საექსპორტო პოტენციალი დინამიურად იზრდება, რომელსაც შეუძლია გაითავისოს დასავლეთის ქვეყნების მეღვინეობის სტილი.
"თბილღვინოს" ყოველ წელს 300-მდე ფერმერი აბარებს ყურძენს.
გასულ 2005 წელს მიღებული და გადამუშავებულია 2 ათასი ტონა ყურძენი, გამოშვებულია მილიონ 600 ათასი ბოთლი ღვინო. წარმოებული პროდუქციის 85 პროცენტი მიემართება ექსპორტში: გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია, ტაივანი, კანადა, ლატვია, საფრანგეთი, აშშ, ლიტვა, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი.
მიმდინარეობს ვენახების აღწერა-პასპორტიზაცია, რაც ნამდვილი ღვინის ჯიშების დასაცავად და ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავარი იარაღია.
ასეთი რამ საქართველოში არასოდეს გაკეთებულა.
პირველად თავისუფალ საქართველოში მუშაობას იწყებს და პირველ, მაგრამ აქტიურ ნაბიჯებს დგამს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი წარმოება.
თუ გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ გავიდეს, პროდუქცია ჩვენვე უნდა ვაწარმოოთ.
წარმატებული გამოდგა იტალიური წარმოების მინი-ქარხნები, რომლებიც 2005 წელს ჩამოიტანეს და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში განათავსეს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის 70 პროცენტის გადამუშავება ადგილზე, საქართველოში გახდება შესაძლებელი.
მინი-ქარხანაში საათში 15 ტონა ყურძნის გადამუშავება და 250 ბოთლი ღვინის ჩამოსხმაა შესაძლებელი.
გასულ წელს ექსპლოატაციაში შევიდა აგარის კონცენტრატების ქარხანა, რომელმაც უკვე 15 ათას ტონაზე მეტი ხილი გადაამუშავა და ხილის მიღებას დღესაც აწარმოებს.
მიმდინარე წელს ქობულეთის რაიონში გათვალისწინებულია ციტრუსების გადამამუშავებელი ახალი საწარმოს ამოქმედება, რაც ჩვენს გლეხებს საშუალებას მისცემს ციტრუსების რეალიზაცია უფრო ეფექტურად მოახდინონ.
2005 წელს წარმოებულ იქნა 122 ათასი ტონა ციტრუსი (წინა წელთან შედარებით 3-ჯერ მეტი), გადატვირთულია 70 ათას ტონაზე მეტი.
კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში წინა წელთან შედარებით ნატურალურ გამოსახულებაში წარმოების ზრდის მაღალი ტემპები ვაჩვენეთ მინერალური და მტკნარი წყლების, უალკოჰოლო სასმელების, ლუდის, ღვინის, არყის, ძეხვეულის, პურ-ფუნთუშეულის, ფქვილისა და მაკარონის პროდუქციის გამოშვებით.
ქართველები ამ შემთხვევაშიც დავამტკიცებთ, რომ უკეთესი თუ არა, სხვაზე ნაკლები არაფრით ვართ!
ჩვენ შევძლებთ სოფლის მეურნეობის მოდერნიზებას, სულ მალე, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისითაც, საქართველო კონკურენტუნარიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება და ჩვენი გლეხები საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე დაიწყებენ ფიქრს.
რამდენიმე დღის წინათ, თბილისში, ლილოში გაიხსნა თხილის გადამამუშავებელი კომბინატი, რომელმაც საერთაშორისო სერთიფიკატი დღეს მიიღო.
ეს პროდუქცია, ძირითადად, დასავალეთის ქვეყნებში ექსპორტზეა ორიენტირებული.
მიმდინარე წელს მეთესლეობის აღორძინებისათვის განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რითაც უახლოეს 2-3 წელიწადში მაღალხარისხოვან თესლეულზე მიწათმოსარგებლეთა მოთხოვნილება დაკმაყოფილდება.
ეს კი, თავის მხრივ, ერთწლიანი კულტურების მეთესლეობის დარგში ნათესი ფართობებისა და საჰექტარო მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.
ყველა ფერმერს დაურიგდება სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც თითოეული კულტურის მოყვანის თაობაზე ინფორმაცას მიიღებს და სოფლის მეუნეობაში დასაქმებულ ადამიანებს წასახალისებლად სასუქი, უახლოეს კვირებში, უფასოდ დაურიგდებათ.
მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ქართველ ფერმერზე - სოსო ოქრუაშვილზე (შპს "მამული 96"). მას 700 ჰექტარი სახნავი მიწა აქვს, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ამუშავებს.
იგი მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად მუშაობს და უცხოურ მეთესლეობის კომპანიებთან აქვს კავშირი.
ადგილზე გამოჰყავს სიმინდის და მზესუმზირის ჰიბრიდები, მიღებული აქვს ჰექტარზე 9 ტონა სიმინდი, 4-5 ტონა ხორბალი, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
იგი ყოველწლიურად აწარმოებს და რეალიზაციას უკეთებს ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირას მაღალხარისხოვან თესლეულს.
ფერმერი სოსო ოქრუაშვილი თავისი საქმიანობით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.
ცოტა ხნის წინათ, კაჭრეთში წისქვილკომბინატის გახსნაზე ვიმყოფებოდი, იქ ბიზნესმენი სერგი კაკალაშვილიც იყო, რომელიც ქართულმა პოლიციამ ქვეყნიდან გააქცია, ციმბირში წავიდა, სადაც ფული იშოვა, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორი წისქვილკომბინატი აამუშავა.
იგი კარგი პოეტი და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული კაცია და თავისი ლექსების კრებულიც მაჩუქა.
ასეთი ადამიანები აშენებენ ახალ საქართველოს.
თენგიზ ძირკველიშვილმა საგარეჯოს რაიონში 35 ტონა ყურძენი ძალიან პატარა ნაკვეთზე მოიყვანა.
მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ გვაქვს კახეთის მიწების მელიორაციის პროგრამა.
2008 წელს უმეტესი ნაწილი პირველად იქნება მორწყული, რაც კომუნისტების დროსაც არ მომხდარა -მათ მთელი ფული მოიპარეს და არაფერი არ გააკეთეს. ჩვენ ბოლო კაპიკებს შევაგროვებთ და კახეთში წყალს გავიყვანთ, რათა ხალხმა მეტი მოსავალი მოიყვანოს.
მსურს ვისაუბრო ჩვენს ენერგეტიკოსებზე.
თქვენ ნახეთ, თუ რა ვითარებაში აღმოვჩნდით ბოლო კვირების განმავლობაში.
თუმცა თქვენ იცით, რომ ამას მოუმზადებელი არ შევხვედრივართ.
ერთი წლის წინათ შევიკრიბეთ და განვაცხადეთ, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოს განათების პროგრამა, ქვეყანას აუცილებელად გავანათებთ და ამ სფეროს ფეხზე დავაყენებთ.
ავარიებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დღეს, პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 24 საათიანი ელექტრომომარაგება აქვს.
ეს ის ხალხია, რომლებმაც შიდა ხაზების ერთ კვირაში აღადგინეს, როცა რუსები მიიჩნევდნენ, რომ ამ სამუშაოს შესრულებას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა.
ეს ის ხალხია, რომლებმაც საქართველოს გასანათებლად გაყინული ხელებით იმუშავეს და ანძებთან ფეხით ავიდნენ მაშინ, როდესაც იმ ადგილამდე ჯარის ჯავშანტექნიკაც კი ვერ მივიდა.
მათ ეს შეძლეს!
თუმცა ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, უახლოეს დღეებში, ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს 21 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების თაობაზე.
ჩვენ უკვე გვყავს ინვესტორები და ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე საქართველო ენერგოიმპორტიორი ქვეყნიდან, ენერგოექსპორტიორ ქვეყანად გარდაიქმნება.
ჩვენ ამის რესურსი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ!
ენერგოსისტემაში გადახდის მაჩვენებელი 7 პროცენტს შეადგენდა, ჩვენ 90 პროცენტამდე მივაღწიეთ.
ბოლო ორი წელია ვმუშაობთ იმაზე, რომ ენერგომატარებლების ალტერნატიული წყარო გაჩნდეს.
წელს უკვე გვექნება შაჰდენიზის ალტერნატიული გაზი, რომლის საშუალებითაც რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ ვიქნებით.
გული მიგრძნობდა, რომ სიცივის დადგომისთანავე რამეს ჩაიდენენ, მაგრამ ამით ვერ შეგვაშინეს.
საქართველოში ელექტროენერგია მრავალი წლის განმავლობაში არ იყო, მაგრამ ეს მსოფლიოში არავის გაუშუქებია.
ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროსაც ელექტროგადამცემი ხაზები და გაზის მილები ააფეთქეს, მაგრამ არაფერი უთქვამს.
მე მთელი მსოფლიოს გასაგონად ამოვიღე ხმა და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს ღირსება და თავმოყვარეობა.
ჩემი ერთადერთი პოლიტიკა გახსნილობისა და სიმართლის პოლიტიკაა.
სომხეთთან ალტერნატიული ხაზები ავაშენეთ, აზერბაიჯანთან გაზსადენი გავაკეთეთ, აღვადგინეთ მოწოდების შესაძლო ვარიანტი ირანთან, ვმუშაობთ შაჰდენიზზე და ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.
ასევე ვმუშაობთ სხვა ევროპელ იმპორტიორებთან, რათა ჩვენი შესაძლებლობები მათაც გამოიყენონ.
აქ, ჩვენთან არიან ბავშვები - ისნის რაიონის 99-ე სკოლიდან.
კრიზისის დროს ღირსების განცდა, ყველაზე მეტად, ამ თაობის ახალმა ქართველებმა გამოავლინეს.
მათ ზეპირად იციან ჰიმნი და ყოფელ ორშაბათს დროშის აწევასთან ერთად მღერიან.
ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც უმკაცრესი ზამთრის პირობებშიც კი არ შეწყვიტეს სწავლა და სანამ განათლების სამინიტრო მათ დიზელის საწვავით მოამარაგებდა, თავიანთი პატარა ხელებით ჭრიდნენ შეშას და სწავლას აგრძელებდნენ.
ვისაუბროთ დიდ პოლიტიკაზე, დიდი ხანია არ გაგვიგია, რომ ჯარში პრობლემაა.
1200 ჯარისკაცი გვყავდა, რომელთაგან 200 კაცი გარბოდა, ან აჯანყებას აწყობდა.
არმიაში წესრიგი დამყარდა.
ადრე 2 ათასი კაცი და მუდმივი არასტაბილურობა იყო - ბუნტები და შეიარაღებული აჯანყებები.
ახლა 20 ათასამდე კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი არმია გვყავს და დისციპლინა უმაღლეს დონეზეა.
ჯარი, რომელიც ყველანაირი გამოწვევის პირობებში, ყველაზე ძლიერი საფრთხის წინაშე დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ისევე როგორც, თავის დროზე, ამას ფინელები, პოლონელები და საუკუნეების განმავლობაში ქართველები აკეთებდნენ.
ჩვენ გენებში გვაქვს ჩვენი სამშობლოსა და მისი ღირსების დაცვა.
ჩვენ ნატო-ს სტანდარტებზე გადავდივართ.
რეგიონში ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე კარგად აღჭურვილი და ტექნოლოგიურად წინ წასული ჯარი გვყავს და ამაზე ბევრ ენერგიას ვხარჯავთ.
ამ ჯარით სამართლიანად ვამაყობთ და მის გარეშე ჩვენი განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.
ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ ასეთი საფრთხის პირობებში ამ მშვიდობას დაცვა და გამყარება უნდა.
კარგა ხანია აღარ გვსმენია, რომ საქართველო უნდა დაბომბონ.
სამი-ოთხი წლის წინათ, ამ რუტინულ განცხადებას დღეგამოშვებით აკეთებდნენ.
ეხლა კი, დაგვბომბავენ და კარგ ჩიტსაც დაიჭერენ.
"რაგატკების" მსროლელი მინისტრები აღარ გვყავს, ახლა გვყავს ოქრუაშვილი, რომელიც სერიოზული პოლიტიკის გამტარებელია.
ჩვენ მართლაც დავიწყეთ იქედან, სადაც სახელმწიფოები და ერები არსებობას ასრულებენ, დავიწყეთ სრული უუფლებობიდან, საერთაშორისო სისტემაში უავტორიტეტობიდან.
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს არასოდეს ჰქონია ასეთი მყარი და კარგად დამკვიდრებული საერთაშორისო ავტორიტეტი, არასოდეს ჰყოლია ამდენი მეგობარი.
საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფიგურა, როგორც ეხლა.
საქართველო არასოდეს ყოფილა თავისი საერთაშორისო მიზნების მიღწევასთან ასე ახლოს - ხელის მიწვდომაზე.
სულ მალე საქართველო გახდება ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს სრულუფლებიანი და სხვებთან თანასწორი წევრი.
დღეს ვამბობ, რომ სულ მალე საქართველოს საზღვარი ნატო-ს საზღვარი იქნება.
დღეს თამამად შემიძლია ვთქვა ის, რასაც ერთი წლის წინათ, ვერ ვიტყოდი - საქართველო ნატოს-თან ერთ ნაბიჯზეა.
თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დღეს მიდის, თუ ვერავინ ჩაგვითრევს რაიმე მძიმე პროვოკაციაში, საქართველოს და უკრაინას (თუმცა მე მხოლოდ საქართველოზე შემიძლია პასუხი ვაგო) ნამდვილად აქვს შანსი, რომ 2008 წელს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი ქვეყნები გახდეს, ხოლო წელს უკვე, შეგვიძლია ნატო-ს წევრობის ოფიციალური კანდიდატი გავხდეთ.
ირაკლი წერეთელი ნატო-ს ჯარების შემოყვანას აპირებდა, ჩვენ კი ჯარი შევქმენით და ნატო-ში ამ ჯარით შევდივართ .
რას ნიშნავს ეს?
ეს ჩვენი ქვეყნის საზღვრების ურღვევობას, ქვეყნის ერთიანობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფასნიშნავს.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრებს რამდენიმე ათასი დასავლური თვითმფრინავი, ყველაზე საუკეთესო არმიები და, რაც მთავარია, ყველაზე დემოკრატიული ფასეულობების მქონე უშიშროების პოლიტიკური სისტემა დაიცავს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საზღვარს ჩვენი ზოგიერთი თავზეხელაღებული ყოფილი ძმა ისე დაუსჯელად ვეღარ გადმოლახავს, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვერავინ ვერასოდეს ვეღარ გაბედავს ჩვენი ამაყი ერის თავისუფლებისაკენ სწრაფვა ფეხქვეშ გათელოს.
ეს ნიშნავს მოვიპოვოთ ის, რისთვისაც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ასობით ათას ქართველ გმირს სიცოცხლე შეუწირავს.
ჩვენ მართლაც ახლოს ვართ მიზანთან და სწორი გზით მივდივართ.
ყველაზე მეტი სიბრძნე სწორედ ეხლა გვმართებს.
იმ ძალებმა, რომლებზეც ვლაპარაკობ, ორჯერ გამოხატეს პროტესტი, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ: პირველად მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდნენ და მეორედ - როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას შეეწინააღმდეგნენ.
ამჯერად, ისინი ღიად არაფერს ამბობენ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პროვოკაციებითა და შიდა არეულობებით საქართველოს წინსვლას შეუშლიან ხელს.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქმე პროვოკაციულად განწყობილ ძალასთან გვაქვს.
საქართველოს ძალიან ბრძენი ხალხი ჰყავს და უკვე ძალიან გამოცდილი მთავრობა იმისათვის, რომ ვინმემ ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ნაბიჯები გადაგვადგმევინოს.
ჩვენი თითოეული მოქმედება მაქსიმალურად იქნება აწონილი და განხორციელებული ისე, რომ საქართველომ არ დაკარგოს მთავარი - საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.
ჩვენი ამოცანაა, რომ მთელმა მსოფლიომ ზუსტად იცოდეს რა ხდება ჩვენთან - უნდა იცოდნენ, რომ გალელ მასწავლებელს, რომლის მოსწავლეც ამბობს: "გაუმარჯოს ჩემს ქვეყანას" - იჭერენ; ოჩამჩირეში მღვდელს, რომელიც ლოცვას ქართულად აღავლენს, უშიშროებაში იბარებენ და აწამებენ; ადამიანების სხეულს ნაწილებად უბრუნებენ ნათესავებს.
წინა მთავრობისგან განსხვავებით, ამის შესახებ მთელს მსოფლიოს გავაგებინეთ და ყველა ხვდება, თუ რა სახის ფენომენთან გავქვს საქმე.
ბრწყინვალე გამოსვლები ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს კიევში და ჩვენ იქ სიმართლე გამოვამზეურეთ.
კარგად ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის ანექსია სურთ.
ჩვენ ხელშეკრულებას არ ვარღვევთ.
ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები ჩვენი არაკეთილმოსურნის მიერ მოგონილი არაკომპეტენტური ტერმინებია.
ეს ტერიტორიული კონფლიქტებია - პოსტ-იმპერიული სივრცის გაყოფასთან დაკავშირებული დავა, თუ სად მთავრდება ყოფილი იმპერიის საზღვრები.
რა თქმა უნდა, დადებული ხელშეკრულებები დარღვეულია და ამაზე შესაბამისი საერთაშორისო რეაგირებაა საჭიროა.
ეს რეაგირება უნდა იყოს ერთდროულად ფრთხილიც და თამამიც.
ბუშის ვიზიტი ჩვენთვის წარმოუდგენელი მოვლენა იყო არა მარტო ამ ქვეყნისა და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონთან მიმართებაშიც.
ბერლინის ბლოკადის დროს, ბერლინში პრეზიდენტ კენედის წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, არც ერთ ამერიკის პრეზიდენტს ასეთი ამაღელვებელი, ძლიერი და კომპლიმენტებით სავსე სიტყვა არც ერთი მებრძოლი ერის წინაშე არ უთქვამს.
ეს საქართველოს ისტორიაში ათასი წლის შემდეგაც დარჩება.
ამას წინათ, მიუხენში, კონფერენციაზე ვიყავი, სადაც მთავარი თემა საქართველო იყო, მომხსენებელი კი - საქართველოს პრეზიდენტი.
ეს ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი პატივია, რადგან წინა წლებში ამ კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ ამერიკისა და გერმანიის პრეზიდენტები, ინგლისის პრემიერ-მინისტრი და სხვები.
ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჩვენ სწორი და თანმიმდევრული მოქმედებები გვჭირდება.
ის, რაც ეხლა ხდება - ახალი ორჯონიკიძეების გამოჩენა, სასაცილოა.
ლაპარაკია ახალ "მესია" გიორგაძეზე და მის "მოციქულ" გოგიტიძეზე.
ასლანი დაიღალა და არ ცალია, ოჯახს უვლის.
მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში კონტრრევოლუცია მოაწყონ - ღამით შემოიპარონ და პარლამენტის შენობა დაიკავონ.
მსურს მათ გასაგონად ვთქვა - დღეს სხვა დროა და 1921 წელი არ არის.
ეხლა 2006 წელია და საქართველოა - თავისუფლების შუქურა მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც ყველა თვალს ადევნებს.
თქვენ იქ არ მოხვდით, ეს სხვა ეპოქა, სხვა ხალხია, რომელსაც თავის ბედის და ღირსების მძაფრი განცდა აქვს.
ათასი გიორგაძეც რომ გამოჩნდეს, ანექსიის რა გეგმებიც არ უნდა დააწყონ, ამ ძალამ უნდა იცოდეს, რომ მილიონობით ქართველის მოუდრეკაობას, სიმტკიცესა და თავისუფლებისაკენ სწრაფვას ვერაფერი შეაჩერებს.
უშიშროების თანამშრომლებმა ათასი მესიჯიც რომ დაწერონ, რომლებსაც შემდეგ ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსები იმეორებენ, უნდა იცოდნენ, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მილიონობით ქართველი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს.
ყოველ ათას პატრიოტზე საქართველოში ერთი მოღალატეა და პირიქით.
დღეს ვერავინ ამბობს, რომ საქართველო წარუმატებელი ქვეყანაა, მის გაერთიანებას და გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია.
ჩვენ სამშვიდობო ინიციატივები გვაქვს.
ყველანაირ მცდელობას - ხელი შეუშალონ ამ პროცესს ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობა აღვკვეთთ.
ამჟამად პარლამენტში რესტიტუციის კანონს განვიხილავთ და გვსურს, რომ ჩვენი ოსები საქართველოში დავაბრუნოთ.
საამისოდ მათ შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ, რადგან ეს ხალხი ქართული საზოგადოებისა და მისი მენტალიტეტის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.
თუმცა, ამავე დროს, აფხაზეთში ჩვენ ტექნიკურ გადაღებებსა და ქონების აღწერას ვაწარმოებს.
ამის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ ყველას, ვინც იმ ტერიტორიიდან უკანონოდ გამოაგდეს და საკუთარი ქონება წაართვეს, ქონების საკუთრების სერთიფიკატები მივცეთ.
მინდა გავაფრთხილო ყველა მაძიებელი მოსკოვიდან, კურსკიდან, სხვა ქალაქიდან, თუ ქვეყნიდან, რომ აფხაზეთში მათ არაფერი ესაქმებათ, ეს ქართველების ტერიტორიაა და მალე ისინი, ჩემი ჩათვლით, იქ იცხოვრებენ.
მინდა შევაჯამო ჩემი გამოსვლა და გითხრათ რა არის ჩვენი მთავარი ლოზუნგი, რაც შოთა რუსთაველმა გვიანდერძა - „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები".
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საზოგადოების სუსტი ნაწილი უნდა დავიცვათ.
თავისუფლება ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის მთავარი რესურსია.
„მიეცი ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას" - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერებაზე დამყარებული საზოგადოება უნდა ვიყოთ და არა პროტექციასა და ნაცნობობაზე.
ჩვენ თავისუფლების მოტრფიალე ერი ვართ - საკუთარი თავის, საკუთარი ტერიტორიის, საკუთარი ქონების უფალი!
ნათქვამია: "ისე უვლის, თითქოს თავისი იყოსო".
რას მოვუაროთ? რა უნდა იყოს ჩვენი?
ქართველებმა - მთლიან საქართველოს უნდა ვუპატრონოთ, თითოეულმა ქართველმა - თავის ქონებას, თავისი მუშაობის შედეგებს, თავის მომავალს უნდა მოუაროს.
ხელისუფლებაში ჩვენ დროებით ვართ, ყველაფერს რასაც ვქმნით, საუკუნეების განმავლობაში დარჩება, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!
თანამედროვე პოლიტოლოგები ამ ბოლო ხანს ღია და კონკურენტულ პრინციპებზე აგებული საზოგადოებას მერიტოკრატიას - ღირსეულთა, უნარიან ადამიანთა მმართველობას უწოდებენ.
ითვლება, რომ თანამედროვე ამერიკა მერიტოკრატიაა
ეს ჩვენთვის უცხო ხილია? - არა.
ქართველებმა უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ - "მიეცი ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას" და ეს სახელმწიფო მოწყობის სწორი რეცეპტია.
დროა ნათქვამი რეალობად ვაქციოთ!
რაში გამოიხატება ეკონომიკური თავისუფლება?
პირველ რიგში, ეს არის კერძო საკუთრების არსებობა და დაცვა, ზომიერი და სამართლიანი გადასახადები, მოლაპარაკების თავისუფლება, მომცრო და ეფექტური სახელმწიფო აპარატი.
ჩვენი განვითარების ფორმულაა მივაღწიოთ პოლიტიკურ თავისუფლებას სახელმწიფოსთვის და ეკონომიკურ თავისუფლებასა და შესაძლებლობათა თანასწორობას თავისი მოქალაქეებისთვის.
საქართველოსთვის თავისუფლება დამოუკიდებლობა და მთლიანობაა.
ქართული საზოგადოებისთვის თავისუფლება რეალური თვითმმართველობა და პოლიტიკური დემოკრატიაა.
ქართველებისთვის თავისუფლება კერძო საკუთრება და მისი ძალაა, რადგან კერძო საკუთრება საზოგადოების საერთო ფასეულობებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
სახელმწიფო საქმეა კანონების დაცვა, ერთნაირი პირობების შექმნა და უმწეოთა დახმარება.
სამუშაო ადგილების შექმნა კერძო ბიზნესის პრეროგატივაა.
ჩვენ გავხდებით პატარა და წარმატებული ქვეყანა, რომელიც ინვესტორებს მოიზიდავს არა თავისი ბაზრით, არამედ საკუთრების ყველაზე კარგი დაცვით, ყველაზე გასაგები და მარტივად შესასრულებელი კანონებით, სამართლიანი და ზომიერი საგადასახადო სისტემით, გამჭვირვალე და კომპაქტური ხელისუფლებით.
საქართველოში ბიზნესის გაკეთება ყველაზე იოლი იქნება. მთავრობას ევალება უზრუნველყოს ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომ მიზნად აქცევს იმას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 2000 დოლარი იყოს.
ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა: "რაც არ გკლავს ყველაფერი გაძლიერებს".
ენრგოკრიზისმა გვიჩვენა, რომ ის მართალი იყო.
ნიცშე იმასაც ამბობდა, რომ თუ განსაცდელს გადაიტანთ, გაძლიერდებითო.
ჩვენ იმდენ განსაცდელს გავუძელით, რომ დღეს ნამდვილად ძლიერები ვართ. თუ ჩვენ ენერგობლოკადას მოგვიწყობენ და ამას გადავიტანთ (რაც ნამდვილად ასეა), ჩვენ შევქმნით ენერგოსისტემას, რომელიც მდგრადი და უფრო ეფექტიანი იქნება.
თუ ჩვენ აგრარულ ბლოკადას მოგვიწყობენ, ჩვენ ვისწავლით სხვა ბაზრებზე გასვლას და ამით კიდევ უფრო მეტს ვისარგებლებთ.
თუ არც ოქრო, არც ნავთობი და არც გაზი გვაქვს, ჩვენ შევქმნით ეკონომიკას, რომელსაც ჩვენი ნიჭი აამუშავებს.
თუ ოსი და აფხაზი წარმომავლობის მოქალაქეებთან ჩხუბს გვიქადნიან, ჩვენ მათთან ვიმეგობრებთ და ერთად ვიცხოვრებთ.
ცხინვალის, სოხუმისა და გროზნოს მაგალითზე მსურს ყველას დავანახოთ, რა მოაქვს ნამდვის თავისუფლებას, რა მოაქვს ძალის გამოყენებას და უხეშ მეთოდებს.
ეს არის ჩვენი მისია - დავანახოთ მსოფლიოს თავისუფალ ღია საზოგადოებასა და დაკომპლექსებულ, ხელოვნურად გამოწვეულ ტოტალიტალურ ინსტიქტებსა და ავტორიტარულ საზოგადოებას შორის განსხვავება.
საქართველოს სულიერი მისია მხოლოდ ესაა.
ჩვენ რომ ქვეყანა ვიყოთ, რომელსაც ბევრს არაფერს ეკითხებიან, ამდენ ყურადღებას არავინ არ მოგვაქცევდა.
რატომ გვაქცევენ ამდენ ყურადღებას?
დღეს ყველა კონტინენტი საქართველოს შეჰყურებს, განსაკუთრებით ის სივრცე, რომელსაც საბჭოთა იმპერია წარმოადგენდა.
ამ ქვეყნის დამონებას ერთგვარი ხიბლი ჰქონდა - ის იყო ყველაზე კარგი, ვინაიდან აქ ყველაზე ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს.
დღეს კი მთავარი ხიბლი ისაა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამტკიცებს - თურმე იქ, სადაც ყველას ეგონა სარეველას გარდა არაფერი გაიხარებდა, შეიძლება გაიზარდოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და წარმატების ჯანსაღი ხე.
ეგონათ, რომ ეს მარტო ბალტიის ქვეყნებშია შესაძლებელი.
აღმოჩნდა, რომ ამ სივრცეში კიდევ ერთი ქვეყანა არსებობს, რომელიც არამარტო რევოლუციებს გენერირებს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა.
მისი განცხადებით, საქართველოს რევოლუციის გარეშე, უკრაინაში რევოლუცია არ მოხდებოდა, ხოლო დღეს საქართველოს უკრაინის გარეშე გაუჭირდებოდა.
ყირგიზეთსა და ბელორუსიაში მიმდინარე მოვლენების დროს, ბელორუსიელი აქტივისტები ხუთჯვრიან დროშას აფრიალებდნენ.
ეს ყველაფერზე მეტყველებს.
ეს, ერთის მხრივ, საპატიო, მეორეს მხრივ კი, პრობლემების შემქმნელი ფაქტორია, თუმცა ამაზე უარს ვერ ვიტყვით.
ასეთია ჩვენი მძიმე ჯვარი.
არაერთხელ უთქვამს მის უწმინდესობას, რომ ძალზე რთული მისია გვაკისრია.
ამ მძიმე ჯვარს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვატარებთ.
ეს განსაკუთრებული საფრთხე და განსაკუთრებული პატივია.
უფალი მართლაც ჩვენთან არის!
პრეზიდენტ ბუშის ვიზიტისას, მოედანზე ყუმბარა გაისროლეს, რომლის არ აფეთქების შანსი მხოლოდ სამი პროცენტი იყო, მაგრამ არ აფეთქდა.
ცხინვალის რეგიონში „იგლას"- ბოლო სახის „სტინგერს„ (რომელიც რუსებს აქვთ) გამოკრეს ხელი, შეიძლება ზოგს ეწყინა კიდეც, მაგრამ არ გაისროლა და არც გაისვრის, რადგან ჩვენ სიმართლისა და სიკეთის მხარეს ვართ.
სიმართლეს და სიკეთეს კი, ბოროტება ვერასდროს დაამარცხებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური